კინო/ფილმებიხელოვნება

მარინე თბილელი: „ქართველი მსახიობი ვალდებულია, უპირველეს ყოვლისა, ქართულ რეპერტუარში მოძებნოს საკუთარი თავი“

25 ოქტომბერი ქართული თეატრისა და კინოს შესანიშნავი მსახიობის, მარინე თბილელის დაბადების დღეა. „ქართული თეატრის ნამდვილი ბრილიანტი“, როგორც მას უწოდებდნენ, 1920 წელს დაიბადა თელავში.

სამწუხაროდ, ბევრს მარინე თბილელის მიერ სცენაზე განსახიერებული როლები (თუნდაც დარეჯანი – „კაცია-ადამიანი?!“, ნათელა აბაშვილი – „კავკასიური ცარცის წრე“…) არ უნახავს, მაგრამ მაყურებელი დღემდე სიამოვნებით უყურებს ფილმებს მისი დაუვიწყარი კინოროლებით, იქნება ეს „აბეზარა“ (ბუბუსია), „ბაში-აჩუკი“ (ფატმანი), „თოჯინები იცინიან“ (ალისა), „როცა აყვავდა ნუში“ (სკოლის დირექტორი), „ქალის ტვირთი“ (მართა) და ა. შ.

საზოგადოების დიდი ნაწილი მარინე თბილელს ულამაზეს ქალად აღიარებდა, თუმცა თავად თავი ლამაზ ქალად არ მიაჩნდა: „მე ლამაზი არასდროს ვყოფილვარ. უბრალოდ, ვცდილობდი, ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა. ძალიან მიყვარდა ცეკვა, ყოველთვის ვცეკვავდი. გინახავთ, იპოდრომზე ცხენი რომ გამოჰყავთ, რა გრაციოზულად, ამაყად გამოდის თავლიდან? ასე გამოვდიოდი მეც სცენაზე… მინდოდა, ყველაფერი კარგად, მომხიბვლელად გამომსვლოდა და, როგორც ჩანს, გამომდიოდა კიდეც, ამიტომ ამბობდნენ ალბათ ჩემზე, ლამაზიაო…“

* * *

თბილელი ქალბატონი მარინეს ფსევდონიმია. ამ მხრივ მისი „ნათლია“ აკაკი ვასაძე იყო. მარინეს დედა ორჯერ ყოფილა გათხოვილი: პირველი ქმარი გვარად დამბროვსკი ჰყავდა, თბილისელი პოლონელი, რომელსაც წითელწყაროში აფთიაქი ჰქონია და იქ ცხოვრობდნენ. ეს კაცი „ისპანკით“ (ასეთი ავადმყოფობა ყოფილა მაშინ გავრცელებული) დაღუპულა. მარინეს დედა ლამაზი, თანაც მდიდარი ქალი იყო. იმ პერიოდში წითელწყაროში ოსმალეთიდან გამოქცეული ექიმი ჩასულა, სომეხი კაცი, რომელსაც იმდენი მოუხერხებია, რომ ეს ლამაზი და მდიდარი ქალი ცოლად მოუყვანია. ცოტა ხანში ოჯახი თბილისში გადმოსულა საცხოვრებლად, სადაც ექიმი მალე ტვინის ანთებით გარდაცვლილა. მარინე ამ დროს 6-7 წლის იყო. სხვათა შორის, იგი ყოველთვის დამბროვსკის გვარს ატარებდა, როგორც მისი უფროსი და-ძმა, თუმცა სინამდვილეში კარაპეტიანი იყო.

ერთ მშვენიერ დღეს, რეპეტიციის დროს, აკაკი ვასაძე მიუბრუნდა თურმე მარინეს და უთხრა: მარინე, ამიერიდან შენ იქნები თბილელი, შენ კი, სერგო – ისნელი (სომეხი მსახიობი იყო რუსთაველის თეატრში, რომელიც ისანში ცხოვრობდა). ასე მიიღეს მარინემაც და სერგომაც თეატრალური გვარები აკაკი ვასაძისგან…

მარინე თბილელი აკაკი ვასაძის რძალიც გახდა – მსახიობის პირველი მეუღლე აკაკი ვასაძის ვაჟი, გოგი ვასაძე იყო, რომელთანაც მას ბიჭი შეეძინა. ბავშვს პაპის სახელი დაარქვეს. მარინე ოჯახური კონფლიქტის გამო წამოვიდა ვასაძეების სახლიდან. „ჩემი ფეხი არ იქნება ამ სახლში“, – თქვა და დედასთან დაბრუნდა, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა ვორონცოვზე, ერთოთახიან ბინაში.

შემთხვევითი შეხვედრა

როგორც თავად იხსენებდა, ერთ დღეს სწორედ ვორონცოვზე, ქუჩაში მიმავალი გააჩერა ვიღაც კაცმა და ჰკითხა, სად სწავლობო? მარინე მაშინ პედაგოგიურ ტექნიკუმში სწავლობდა. პასუხი რომ მიუღია, უთქვამს, არ შეგიძლიათ კინოსტუდიაში გამოიაროთო? ეს კაცი პირველი ქართული კინომსახიობთა სკოლის დამაარსებელი სამსონ სულაკაური აღმოჩნდა. სწორედ ამ შემთხვევითმა შეხვედრამ განაპირობა მარინეს შემდგომი ბედი: იგი მივიდა კინოსტუდიაში, ბრწყინვალედ შეასრულა დავალება და მალე კინომსახიობთა სკოლაში ჩაირიცხა. შემდეგ ეს სასწავლებელი თეატრალურ ინსტიტუტს შეუერთდა და მარინემაც იქ განაგრძო სწავლა.

ნიჭიერმა ახალგაზრდა მსახიობმა მალე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება. თავიდან რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა, შემდეგ, ერთი პერიოდი, სოხუმის თეატრში მუშაობდა. მერე მარინე თბილელმა მარჯანიშვილის თეატრის მაყურებელი დაიპყრო და, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მან ეს თეატრი შემოქმედებით ზენიტში მყოფმა დატოვა – კვლავ რუსთაველის თეატრს დაუბრუნდა. იმდენად დიდი იყო ნოსტალგია რუსთაველის თეატრის მიმართ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეუღლეს, აკაკი დვალიშვილს (ბატონი აკაკი თავის დროზე კულტურის მინისტრის მოადგილე გახლდათ – თ. ო.) გამოუცხადა, რუსთაველის თეატრში გადავდივარო. „როდესაც ვკითხე, რატომ-მეთქი? – გული მწყდებოდა, რუსთაველის თეატრიდან რომ წამოვედი, ახლა ოცნება ავისრულე და ისევ ჩემს თეატრში ვბრუნდებიო, მიპასუხა“, – იხსენებდა შემდგომში ბატონი აკაკი.

აკაკი დვალიშვილი

მარინე თბილელი რუსთაველის თეატრში „კავკასიური ცარცის წრით“ დაბრუნდა და როდესაც რობერტ სტურუამ რეპეტიციაზე დაუძახა და სთხოვა, სცენაზე ასულიყო, დაიხარა და სცენას აკოცა…

იღბლიანი მსახიობი

მარინე თბილელი სილამაზესთან ერთად თავისი უზღვავი ენერგიითა და ტემპერამენტით გამოირჩეოდა. სპექტაკლებში ხშირად ძალიან ლამაზ და მომხიბვლელ ქალებს თამაშობდა, თუმცა თვითონ ყველაზე მეტად სახასიათო როლები უყვარდა. თურმე ძალიან მოსწონდა მოსამსახურე გოგონას, ტასიას როლი სპექტაკლში „მისი ვარსკვლავი“. თვლიდა, რომ „ქართველი მსახიობი ვალდებულია, უპირველეს ყოვლისა, ქართულ რეპერტუარში, ქართულ პიესაში მოძებნოს საკუთარი თავი და თავისი სათქმელი იქ თქვას. კი, კარგია შექსპირი, მოლიერი, ლოპე დე ვეგა, მაგრამ მათ თავიანთი პატრონი ჰყავთ, ქართულ თეატრში კი ქართულ დრამატურგიას უნდა მიენიჭოს უპირატესობა“, – ამბობდა და ყოველთვის ცდილობდა, უსათუოდ მიეღო მონაწილეობა ქართულ პიესაში.

რაც შეეხება კინოში მოღვაწეობას, ბევრი საინტერესო როლი შეასრულა ფილმებში, მაგრამ „კინოში მას თავისი როლი არ უთამაშია, კინორეჟისორები, ძირითადად, მის გარეგნობაზე აკეთებდნენ აქცენტს, არადა, შეიძლებოდა მისი მსახიობური ნიჭის უფრო კარგად გამოყენება. სულ ლამაზი ქალების როლების თამაში თავად უაზრობადაც კი მიაჩნდა და სახასიათო როლზე ოცნებობდა, რომელიც მოქალაქეობრივი იდეით იქნებოდა გაჟღენთილი. სამწუხაროდ, ამ ოცნების ასრულება არ დასცალდა“. (აკაკი დვალიშვილი).

მარინე თბილელის ბოლო ფოტო, 2002 წ.

მიუხედავად ამისა, მარინე თბილელი არასდროს უარყოფდა, რომ იღბლიანი მსახიობი იყო. ყოველთვის ამბობდა: კარგი თვალით მიყურებს რეჟისურა და ამან, რასაკვირველია, განაპირობა ჩემი წარმატებები და დამკვიდრება ქართულ თეატრსა და კინოშიცო… „ხომ არიან მსახიობები, რომელთაც რაღაცებზე სწყდებათ გული, აქვთ განუხორციელებელი ოცნებები… მარინეს მსგავსი ნოსტალგია და გულისწყვეტები არასდროს ჰქონია. მიაჩნდა, რომ ბედნიერი მსახიობი ქალი იყო ქართულ თეატრში. ბედნიერი იყო, რომ ჰქონდა საყვარელი საქმე, ჰყავდა შესანიშნავი შვილები და ასე შემდეგ… მაგრამ ძალიან დაიჩაგრა, როდესაც უკვე ასაკოვან ქალს გარდაეცვალა ვაჟიშვილი, აკაკი ვასაძე, რომელიც პირველი მეუღლისგან ჰყავდა. დედა-შვილს საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა, უსაზღვროდ უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ კამათიც უსაზღვრო იცოდნენ. თან იცით, რაზე კამათობდნენ? ლიტერატურაზე, თეატრზე, საერთოდ, ხელოვნებაზე… მოვიდოდა, მანქანას დააყენებდა, „დედილო!“ – დაუძახებდა, ამოვიდოდა და ერთად ატარებდნენ მთელ დროს“, – იხსენებდა ბატონი აკაკი დვალიშვილი, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა მეუღლე და თავის დროზე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი გული როგორმე მოეგო.

მათი საერთო ქალიშვილი, ბაია დვალიშვილი ღირსეულად აგრძელებს დედის გზას. რაც დრო გადის, სცენაზე გამოსვლისას მას უფრო ხშირად ამსგავსებენ დედას, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ თეატრალურ და კინოხელოვნებაში.

თამარ ოთიაშვილი

ფოტოები ბაია დვალიშვილის ფეისბუქგვერდიდან

ბაია დედასთან ერთად

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close