მსოფლიოტექნოლოგიები

არქტიკა განწირულია, ტემპერატურის მატების შესაჩერებლად აღარაფერი შეგვიძლია – ახალი კვლევა

აღარ აქვს მნიშვნელობა, რას მოვიმოქმედებთ, არქტიკა მომავალში აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც დღესაა.

გაეროს ახალი კვლევის თანახმად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხვალვე შევწყვეტთ ნახშირბადის გამონაბოლქვის გამოყოფას, ხელ-ფეხი მაინც შეკრული გვაქვს. საუკუნის ბოლოსთვის არქტიკაში საშუალო ტემპერატურა 5 გრადუსით მოიმატებს.

როგორც კვლევა იუწყება, პარიზის შეთანხმების შესრულების ფარგლებშიც კი, 2050 წლისთვის არქტიკაში ზამთრის ტემპერატურა ინდუსტრიამდელ მაჩვენებელთან შედარებით, სულ მცირე, 3 გრადუსი ცელსიუსით მოიმატებს, 2080 წლისთვის კი – 5-9 გრადუსით.

არქტიკის რეგიონი კლიმატის ცვლილების ნამდვილი სამიზნეა, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ დანარჩენ მსოფლიოს მშვიდად ყოფნის საშუალება აქვს. როცა ჩვენი პლანეტის ეს ნაწილი დნება, შედეგები დაუყოვნებლივ აისახება დედამიწის დანარჩენ ნაწილშიც.

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, ჯოის მსუიას განცხადებით, საჭიროა სასწრაფო მოქმედება, რათა ზიანი რაც შეიძლება შემცირდეს.

როგორც კვლევები აჩვენებს, 1979 წლიდან დღემდე არქტიკამ ზღვის ყინულის მასის 40 პროცენტი დაკარგა, დარჩენილი ყინული კი სულ უფრო თხელდება და მოწყვლადი ხდება.

პარიზის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაშიც კი, მოსალოდნელია, რომ არქტიკის მრავალწლოვანი მზრალობის ნიადაგები 45 პროცენტით კიდევ შემცირდეს, რის შედეგადაც ატმოსფეროში გამოიყოფა მილიარდობით ტონა ნახშირბადი და მეთანი.

ეს კი საბოლოოდ გამოიწვევს ტემპერატურის კიდევ უფრო მომატებასა და ყინულების დნობას. შედეგები შეიძლება იყოს უფრო გახშირებული ტყის ხანძრები, ჰაბიტატის დაკარგვა, ინფრასტრუქტურის დაზიანება და ა. შ.

როგორც კვლევაში წერია, როცა მრავალწლოვანი მზრალობის ნიადაგები დნება, ორგანული ნივთიერებები ხვდება ზედაპირის მტკნარ წყალში, რომელიც შემდეგ ოკეანეში ჩაედინება, იხრწნება და მჟავიანობას მატებს მას.

კლიმატის ცვლილების მსგავსად, არქტიკას ასევე მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მჟავიანობის მომატება. მის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან ზღვის სახეობები, რადგან ცივ წყალს, რომელშიც ისინი ბინადრობენ, უფრო მეტი დაშლილი CO2-ის შენარჩუნება შეუძლია, რაც მჟავიანობასაც ზრდის.

ის, რაც დღეს არქტიკაში ხდება, გამაფრთხილებელი ნიშანია, რათა თავიდან ავიცილოთ სამომავლო დათბობა. როგორც კვლევა იუწყება, თუ დროულად არ ვიმოქმედეთ, შესაძლოა სულ მალე სასიკვდილო განაჩენის წინაშე აღმოვჩნდეთ, გასაქცევი კი ნამდვილად არსად გვექნება.

კვლევა გაეროს გარემოსდაცვითმა პროგრამამ ჩაატარა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close