იტალიამიგრაციაპოლიტიკა

იტალიამ 13 ქვეყანა „უსაფრთხოდ“ გამოაცხადა – მიგრანტების რეპატრიაცია დაჩქარდება

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ იტალიის სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნების სია წარადგინა. ამის თაობაზე ILTEMPO.IT იუწყება.

სიაში ამ ეტაპზე სულ 13 სახელმწიფოა: ალჟირი, მაროკო, ტუნისი, ალბანეთი, ბოსნია, კაბო ვერდე, განა, კოსოვო, ჩერნოგორია, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, სენეგალი, უკრაინა და სერბეთი. საგულისხმოა, რომ ამ სიაში საქართველო არ მოხვდა.

დი მაიოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს იტალიაში ჩასული 7000 მიგრანტიდან მესამედზე მეტი ამ ქვეყნებიდან არის.

„პირველი ნაბიჯია ამ სიის დამტკიცება, შემდეგ კი დაიწყება იმ პირთა დეპორტაცია, რომლებსაც თავშესაფარზე უარი უთხრეს“, – განაცხადა იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

იმიგრანტები ამ „უსაფრთხო ქვეყნებიდან“ იტალიიდან დეპორტაციას დაექვემდებარებიან იმ შემთხვევაში, თუ ვერ წარადგენენ დამაჯერებელ მტკიცებულებებს, რომ მათ სიცოცხლეს წარმოშობის ქვეყანაში /სამშობლოში/ საფრთხე ემუქრება.

რეპატრიაციის ვადების შემცირება ორი წლიდან 4 თვემდე, საერთაშორისო დაცვის თაობაზე განაცხადების განხილვის მკვეთრად შემცირებული პროცედურის, უსაფრთხოდ აღიარებული 13 ქვეყნისგან შემდგარი სიისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი 50 მილიონი ევროს წყალობით – ეს არის მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოცემული უწყებათაშორისი ბრძანებულების ძირითადი დებულება, რომელიც 4 ოქტომბერს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ლუიჯი დი მაიომ იუსტიციის მინისტრ ალფონსო ბონაფედესთან ერთად წარადგინა.

დი მაიომ განმარტა, რომ იტალიაში შესული მიგრანტების განაწილება ევროკავშირის სხვა ქვეყნებში არ არის საბოლოო  ნაბიჯი, „ჩვენ გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ რეპატრიაციის კუთხით, წარმოშობის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებისა და ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე“.

მისივე თქმით, დღეს ძალიან ბევრი ბიუროკრატიული ბარიერია თავშესაფრის მოთხოვნის განხილვასა და აპელაციასთან დაკავშირებით, რაც პროცესს აჭიანურებს. „მოდით დავაჩქაროთ პროცედურები, ჩვენი მნიშვნელოვანი გზავნილია: „მათ, ვინც რჩება, უნდა იცოდნენ, რომ მშვიდობიანად იცხოვრებენ, ხოლო ისინი, ვისაც არ შეუძლია დარჩენა, უნდა წავიდნენ“, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close