იაპონელმა არქიტექტორმა ნიკო ფიროსმანს 100 წლის შემდეგ ოცნება „აუსრულა“ (ვიდეო)

საფრანგეთში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს უკვე 7 თვეა მნახველი ათვალიერებს. ახლა ფიროსმანის 29 ნახატი ქალაქ არლში, ვან გოგის ფონდშია გამოფენილი. 2 გენიოსი ერთად მათი მისტიკით, საიდუმლოებით, განუმეორებელი ხელწერით და ფერებით, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს და აჩენს სურვილს, რომ მეტი გაიგო ხელოვანებისა და მათი სამშობლოს შესახებ.

ნიკო ფიროსმანს, რომლის საფლავიც ცნობილი არ არის, ძალიან ბევრი აუხდენელი ოცნება დარჩა. ის ნატრობდა დიდ სახლს ქალაქის შუაგულში, სადაც იქნებოდა დიდი მრგვალი მაგიდა, სამოვარი და სადაც ჩაის თანხლებით ისაუბრებდნენ მხატვრობასა და ხელოვნებაზე. გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ მხატვრის უცნობ საფლავს და აუხდენელ ოცნებას მეტაფორული მაგიდა – სარკოფაგი მიეძღვნა.

ფონდ „იფინიტარტის“ დამფუძნებლის, ადრიან ბარსანის იდეას მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა იაპონელმა არქიტექტორმა შეასხა  ხორცი. ტადაო ანდოს 7-მეტრიანი მაგიდა ასობით ლურჯი ვარდისგან შედგება, იმ ვარდის, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და ასე უყვარდა ნიკალას. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ამ მაგიდა- სარკოფაგის ნახვა მალე შესაძლებელი იქნება საქართველოში.

რაც შეეხება გამოფენას, ალბერტინას გამოფენის კურატორის თქმით, ვან გოგის და ფიროსმანის ერთად წარმოდგენის მთავარი იდეა ორი თვითნასწავლი მხატვრის ჩვენება იყო.

„ვან გოგის და ფიროსმანის ერთად წარმოდგენის მთავარი იდეა იყო, გვეჩვენებინა ორი თვითნასწავლი მხატვარი, როგორც 2 მოდელი. ვან გოგი 20 წლის ასაკში უკვე ბიძასთან ერთად მუშაობდა ლონდონში, ბევრი რამ ჰქონდა წაკითხული, მაგრამ, როგორც მხატვარი, თვითნასწავლი იყო. ნიკო ფიროსმანმა ჩვენი სამყარო უფრო გააფართოვა, ჩვენი პერსპექტივა ფიროსმანის დახმარებით და მისი წყალობით უფრო გლობალურია. არის ბევრი განსხვავებაც. ეს დასაწყისია იმისათვის, რომ კარგად გავიაზროთ, რა შეიძლება ამ 2 მხატვრისგან ვისწავლოთ. ერთი რამ ყველაზე ცხადია: ფიროსმანიც და ვან გოგიც ძალიან ჰუმანურები არიან. ფიროსმანს მძიმე, მძიმე ცხოვრება ჰქონდა და, ამავე დროს, სამყარო ჰარმონიულად ასახა“, – ამბობს ბიშე კურიგერი, ალბერტინას გამოფენის კურატორი.

ბიშე კურიგერმა ფიროსმანი პირველად 1988 წელს თბილისის მუზეუმში ნახა. დღეს ამაყობს, რომ იმ პროექტის ნაწილია, რომელსაც ფონდი „ინფინიტარტი“, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ვინსენტ ვან გოგის ფონდი და საქართველოს განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტრო ახორციელებენ.

ფიროსმანზე, ვან გოგზე, მათზე ერთად და ცალ-ცალკე ბევრი ისაუბრეს სიმპოზიუმზე, რომელიც გასულ კვირაში გაიმართა. ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია ქართული მხრიდან სიმპოზიუმის პირველი გამომსვლელი იყო. დისკუსიის ერთ-ერთი ნაწილი იმ დარბაზში გაიმართა, სადაც ნამუშევრები ფერად კედლებზე 20 ოქტომბრამდე დარჩება და კიდევ ბევრ მნახველს გააოცებს.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მმართველი ეკა კიკნაძე ამბობს, რომ ეს კოლექცია მსოფლიოს კუთვნილება უნდა გახდეს.

დისკუსიის შემდეგ მონაწილეები ამბობდნენ, რომ ფიროსმანი მათი ინსპირაციის წყაროა.

„ეს არის მხატვრების გაცნობის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა. ჩვენთვის დიდი პატივია ვმასპინძლობდეთ ნიკო ფიროსმანს. ფიროსმანი იმსახურებს, რომ გაცილებით მეტად ცნობილი იყოს საფრანგეთში. ყოველთვის ფანტასტიკური მომენტია, აღმოაჩინო ახალი ინსპირაცია. უყურებ ფიროსმანს და სურვილი გიჩნდება, დახატო და შექმნა ახალი რამ. მე ფიროსმანი აქ აღმოვაჩინე და უკვე ძალიან ახლობელია ჩემთვის“, – ამბობს სიმპოზიუმის მონაწილე მატის კოლინსი.

ვიდრე ფიროსმანი ვინსენტ ვან გოგს არლში ესტუმრებოდა, მისი ნამუშევრები ვენის ალბერტინას მუზეუმში გამოიფინა. პროექტი მხატვრის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა. ფიროსმანის ნამუშევრების ექსპოზიცია სამი თვე გაგრძელდა და 400 000 დამთვალიერებელი ჰყავდა. არლი სამყაროთა შორის მოგზაურის ბოლო გაჩერება არ არის. საერთაშორისო გამოფენებზე მოლაპარაკება მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებთან გრძელდება და მალე გახდება ცნობილი, სად და რომელ მხატვართან ერთად დაიკიდება საგამოფენო დარბაზის კედლებზე იმ ხელოვანის ტილოები, რომელმაც სიცოცხლე უკიდურეს სიდუხჭირეში დაასრულა და ინტელექტუალურმა სამყარომ, ისევე როგორც ბევრი უდიდესი ტალანტი, გარდაცვალების შემდეგ აღიარა.

კომენტარები