„ესროლეთ მათ, ვინც ქრთამს მოგთხოვთ“ – ფილიპინების პრეზიდენტი მოქალაქეებს

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ მოქალაქეებს მოუწოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლონ იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც მათ ქრთამს მოსთხოვენ, მაგრამ არ მოკლან. ამის შესახებ გაზეთი MANILLA BULLETIN-ი წერს.

„როცა იხდით გადასახადებს, ჩინოვნიკები კიდევ ქრთამს გთხოვენ, დაარტყით მათ, თუ იარაღი გაქვთ, შეგიძლიათ ესროლოთ, თუმცა არ მოკლათ“, – განაცხადა ფილიპინების ლიდერმა.

მისი თქმით, კორუფციამ ღრმად გაიდგა ფესვები ქვეყანაში. დუტერტემ პირობა დადო, რომ ის, ვინც მექრთამეს ესვრის, ციხეში არ ჩაჯდება.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ კორუფციის შემთხვევა მის ადმინისტრაციაში დაფიქსირდება, ის მექრთამეს გამოიძახებს და ადამიანს, რომელსაც მან ფული მოსთხოვა, უფლებას მისცემს, ფიზიკურად გაუსწორდეს.

როდრიგო დუტერტე პრეზიდენტად არჩევამდე ქალაქ დავაოს მერი იყო. მაშინ ის ცნობილი გახდა მკაცრი გამონათქვამებით ქვეყნაში არსებული მწვავე პრობლემების გადაჭრის გზების ძიებასთან დაკავშირებით.

2016 წელს დუტერტემ სასტიკი კამპანია წამოიწყო ნარკოტიკების გამავრცელებლების წინააღმდეგ. პოლიციის ცნობით, მოკლულია 5 ათასამდე ადამიანი, რომლებიც აკრძალული ნივთიერების დამზადებასა და გავრცელებაში იყვნენ ეჭვმიტანილნი.

დუტერტეს პოზიცია დიდ აღშფოთებას იწვევს საერთაშორისო თანამეგობრობაში. გაეროს ექსპერტები მოითხოვენ შეწყდეს ეჭვმიტანილთა მკვლელობები, რომელთა მიმართ სასამართლო განხილვაც კი არ მიმდინარეობს.

ghn.ge

კომენტარები