დმანისში მსოფლიოში უძველესი დნმ-ის ნიმუში აღმოაჩინეს
დმანისის აღმოჩენებისა და უახლესი საერთაშორისო გამოკვლევების შესახებ ისაუბრეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორმა ლორენცო რუკმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
როგორც მეცნიერები ამბობენ, დმანისში ნაპოვნი მარტორქის კბილის მინანქრიდან აღადგინეს 1.77 მილიონი წლის წინანდელი გენეტიკური ინფორმაციის – პროტეომების თანმიმდევრობის სრული ჯაჭვი. მათი მტკიცებით, ამ აღმოჩენამ მილიონი წლით დაძველა ცხოველის ნაშთიდან აღებული უძველესი ნიმუში. აქამდე ცნობილი იყო 700 000 წლის წინანდელი ნიმუშები, რომლებიც იოუკონზე (ჩრდილო-დასავლეთ კანადაში) ნაპოვნი ცხენიდან მიიღეს.
დმანისში აღმოჩენილი უძველესი მარტორქის ბიომოლეკულური გამოკვლევის შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდება.
მეცნიერების თქმით, „ეს არის გარღვევა უძველეს ბიოლოგიურ გამოკვლევებში, რომელიც იმაზე ადრეული ეპოქების ევოლუციური სურათის აღდგენის საშუალებას იძლევა, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი“. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს სიახლე ცხოველებისა და ადამიანთა წინაპრების ისტორიის აღდგენის შესაძლებლობასაც იძლევა.
ბიომოლეკულური პროექტი კოპენჰაგენისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით შეიქმნა. მას აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე და პროფესორი ესკე ვირსლევი ხელმძღვანელობენ.
ანალიზები ჩატარებულია კოპენჰაგენის, კემბრიჯისა და ლაიფციგის ინსტიტუტების ლაბორატორიებში. პალეონტოლოგიურ გამოკვლევებში აქტიურად მონაწილეობდნენ იტალიელი მეცნიერები ფლორენციის უნივერსიტეტიდან. ქართველებთან ერთად, სტატიის ავტორები არიან მეცნიერები ევროპისა და აშშ-ის სამეცნიერო ცენტრებიდან.
radiotavisupleba.ge
კომენტარები