კახა კალაძე: ვმუშაობთ „სვეტის“ მსგავსად „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულთა პრობლემის მოგვარებაზეც

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ შეჩერებული პროექტების მშენებლობას კომპანია m2 განაგრძობს. თბილისის საკრებულოში დღეს, 11 სექტემბერს, ამ საკითხზე თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია m2-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, „სვეტის“ მიერ დაზარალებული 2500-მდე ოჯახი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდება. m2 მზადაა, სამშენებლო სამუშაოებს „სვეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობის შესრულებისთანავე შეუდგეს. კერძოდ, მშენებლობა დაიწყება პროექტების შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვების აღებისთანავე, მშენებლობა კი ნებართვის აღებიდან 3 წლის ვადაში დასრულდება.

კომპანია m2 „სვეტის“ სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს, ესენია: ჭყონდიდელის N22-ში, ნუცუბიძის ქუჩის 125ა-სა და მირცხულავას ქუჩის 9-11-ში დაწყებული მშენებლობები. სამივე პროექტი მთლიანობაში 30 საცხოვრებელ ბლოკს მოიცავს.

ამჟამად უკვე დასრულებულია თბილისის მერიისა და m2-ის მიერ ინიცირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები და გაფორმებულია ხელშეკრულებები „სვეტის“ კომპანიებსა და მიწების მესაკუთრეებთან. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და სრულად აფინანსებს m2.

ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას m2-ის სამშენებლო კომპანია BK Construction-ი განახორციელებს.

მემორანდუმის გაფორმებისას თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ შეთანხმება თავისი არსით უპრეცედენტოა. მისივე განმარტებით, დაწყებულია ასევე მუშაობა, რომ „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულთა პრობლემაც დადებითად გადაწყდეს.

ამ 2500 ოჯახის მსგავსად, უნდა ვთქვა, კიდევ არიან ადამიანები, ვინც სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ არიან დაზარალებულები, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ამის ერთ-ერთი „საუკეთესო მაგალითი“ არის „ცენტრ-პოინტის“ თემა, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ და გვჯერა, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. როგორც თქვენს შემთხვევაში დადებითად და წარმატებით განხორციელდა ეს მოლაპარაკებები, ანალოგიური მიდგომა იქნება „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულებთან მიმართებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგან ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებისა და ქალაქის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღეთ“, – განაცხადა m2-ის მმართველმა პარტნიორმა და BK Construction-ის გენერალური დირექტორმა შოთა ბერეკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 2 ივლისს კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელ გივი ჯიბლაძეს – რვა წლით, „სვეტის“ გენერალურ დირექტორს თორნიკე ჯანელიძეს კი ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მათ თაღლითური გზით დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში წარედგინათ ბრალი.

radiotavisupleba.ge

კომენტარები