ისტორიაკინო/ფილმებიმსოფლიოსაზოგადოებატექნოლოგიებიქართველები უცხოეთშიკულტურასაქართველო

დავით კაკაბაძის გამოგონებები, რომლებიც GOOGLE-ის სამეცნიერო პროექტში მოხვდა

GOOGLE-ი დავით კაკაბაძის სამეცნიერო გამოგონებას გამოფენას უძღვნის. გამოფენა, ხელოვნების სასახლისა და GOOGLE-ის მორიგი ერთობლივი პროექტია, რომელიც მსოფლიოს უდიდეს აუდიტორიას ცნობილი ქართველი მხატვრის, დავით კაკაბაძის სამეცნიერო მოღვაწეობას გააცნობს.

პროექტი მსოფლიოს გამომგონებლებისადმი მიძღვნილი გამოფენის – „ცდა მსოფლიოსათვის” ნაწილია, რაც იმას გულისხმობს, რომ მსოფლიო აუდიტორიისათვის NASA-ს მიღწევებთან ერთად დავით კაკაბაძის სინემატოგრაფიც გამოიფინა.

გვესაუბრება ხელოვნების სასახლის დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების მენეჯერი მერი ხარაიშვილი:

მოგვიყევით ამ ბოლო პროექტის შესახებ – როგორ მიუძღვნა Google Art-მა გამოფენა დავით კაკაბაძის სამეცნიერო აღმოჩენებს?

2019 წლის 6 მარტს, გრინვიჩის დროით 10:00 საათზე,  გუგლის ინსტიტუტმა ჩაუშვა ახალი პროექტი – „ცდა მსოფლიოსთვის“ (Once Upon a Try). პროექტი იმ მეცნიერულ მიღწევებსა თუ გამოგონებებზე გვიყვება, რომლებმაც „დღევანდელობა“ შექმნა და რომელიც NASA-სა და CERN-ის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად სმითსონიანის (Smithsonian National Air and Space Museum), ამბროსიანას (Ambrosiana) და სხვა მსოფლიო დონის მუზეუმებს აერთიანებს.

23 ქვეყნის 110-ზე მეტი მუზეუმი მსოფლიო საზოგადოებას მოძრავი კინოს პიონერისა და მსოფლიოში პირველი კინოსტუდიის დამაარსებლის – ჟორჟ მილიეს (Georges-Jean Méliès), ასევე, 1989 წელს ტიმ ბერნერს-ლის (Tim John Berners-Lee) მიერ შექმნილ მსოფლიო აბლაბუდაზე (WorldWideWeb), ორბიტაზე გატანილი კოსმოსური ტელესკოპის – ჰაბლისა (Hubble Space Telescope) და სხვა მრავალი მსოფლიო მნიშვნელობის მიღწევაზე უყვება. კავკასიიდან საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც აღნიშნულ სამეცნიერო-საგამოფენო პროექტში მონაწილეობს.

პროექტის ფარგლებში ხელოვნების სასახლემ  ცნობილი ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, ხელოვნების მკვლევრისა და გამომგონებლის, დავით კაკაბაძის შემოქმედება და მისი სამეცნიერო მიღწევები გუგლის ონლაინ პლატფორმაზე განათავსა. ონლაინ ექსპოზიცია ნახევარი წლის განმავლობაში მზადდებოდა და დღეს უკვე მსოფლიო აღმოჩენებისა და გამომგონებლებისადმი მიძღვნილი გუგლის საერთაშორისო პროექტის ნაწილია.

ექსპერიმენტები ხელოვნებასა და ტექნოლოგიაში“  (Experiments with Art and Technology), „მხატვრული მემკვიდრეობა“ (Artistic Legacy) – ასე ეწოდება იმ ვირტუალურ გამოფენებს, რომლებიც ხელოვნების სასახლეში დაცული საარქივო მასალებისა და კოლექციების ბაზაზე მომზადდა და სადაც განსაკუთრებული ყურადღება 1922 წელს დავით კაკაბაძის მიერ გამოგონებულ უსათვალო სტერეო კინოსისტემაზეა გამახვილებული.

აღსანიშნავია, რომ კაკაბაძე პირველი და ერთადერთი ქართველი გამომგონებელია, რომელსაც ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში მსოფლიო აუდიტორია იხილავს.

ამონარიდი Google Culture-ის აღწერებიდან:

„პარიზში ყოფნისას თანამედროვე ცივილიზაციის ერთ-ერთ გამორჩეულ მიღწევად და ცოდნის გავრცელების მთავარ წყაროდ დავით კაკაბაძეს ფილმები მიაჩნდა. აქედან გამომდინარე, არაა გასაკვირი, რომ ხელოვანი კინოჩვენების ტექნოლოგიის დახვეწაზე მუშაობდა და 1923 წელს სამგანზომილებიანი კინოს ერთ-ერთ პიონერად იქცა.

როგორც მხატვარი და მეცნიერი, კაკაბაძე იყო პირველი, ვინც შეიმუშავა სტერეო კინოს იდეა, რომელიც სპეციალურ სათვალეს არ საჭიროებდა. 1922 წელს მან შეთანხმება გააფორმა მ. მიულერთან და კ. კობახიძესთან „უსათვალო სტერეო სინემატოგრაფის” გამოგონებაზე.

ამ მიზნით დაფუძნდა სააქციო საზოგადოება „სტერეო სინემა“ 15 აქციონერის მონაწილეობით, რომლის კაპიტალიც 225 000 ფრანკს შეადგენდა. კაკაბაძემ მოახერხა საწარმოს აშენება და გეგმის განსახორციელებლად ორი ინჟინერი იქირავა. საჭირო იყო ორი მოწყობილობის – კამერისა და პროექტორის გამოგონება. თავდაპირველად ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა და საწარმომ გამოუშვა სარკიანი ლინზები, რომელთა წარმოებამ  მთავარი პროექტის პარალელურად მოგებაც მოიტანა.

1922-1925 წლებში კაკაბაძემ თავისი გამოგონება ევროპისა და ამერიკის 8 ქვეყანაში დააპატენტა.

სტერეო კინოს გარდა, კაკაბაძე მუშაობდა ერთი ნათურიდან სხვადასხვა სიკაშკაშის განათების მიღებაზეც. მან გამოიგონა ელექტრონათურის განათების სიმძლავრის რეგულირების ხერხი, რაც სიკაშკაშის დონის კონტროლის საშუალებას იძლეოდა. პროექტის წარმატების შემთხვევაში არტისტს 180 000 ფრანკი უნდა მიეღო. „შემდეგ კი ჩვენ შეგვიძლია მთელი დღეები მხოლოდ ხატვაში გავატაროთ”, – ეუბნებოდა ის თავის მეგობარს, ლადო გუდიაშვილს.

ეს მიზანი მიუღწეველი დარჩა. კაკაბაძე თავის ძმას – სერგოს სწერდა, რომ უკმაყოფილო იყო ინჟინრების მუშაობის ნელი ტემპებით. შედეგად, საწყისი კაპიტალი პროექტის წარმატებით დასრულებამდე ამოიწურა.

1925 წლის ბოლოსთვის კაკაბაძე იძულებული იყო გაურკვეველი ვადით გადაედო სტერეო კინოს ექსპერიმენტული პროექტი. 1927 წელს ის საქართველოში დაბრუნდა.

მის საწარმოში ერთ დროს შექმნილი სარკეები, ლინზები და სხვა ოპტიკური ელემენტები მის კონსტრუქტიულ და დეკორატიულ კოლაჟებში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ. 1938 წელს კინოსა და ფოტოგრაფიის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა მოსკოვში განიხილა კაკაბაძის გამოგონებები და უარი უთხრა მას პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ექსპერიმენტების გაგრძელებაზე.

1942 წელს იმავე ინსტიტუტმა სემიონ ივანოვის პირველი უსარკო სტერეო სისტემის გამოგონების შესახებ განაცხადა. ივანოვის სისტემა კაკაბაძის სისტემის იდენტური იყო.

კაკაბაძე 1952 წლის 10 მაისს დასავლური სამყაროსგან მივიწყებული გარდაიცვალა“.

სრული ვერსიის წასაკითხად გადადით ლინკზე:https://at.ge/2019/04/12/kakabadze/?fbclid=IwAR2YERs-mGF43wypCPUK6gnLlht0zeBAQh9Jml268QgLhAK52vvGJteZbWU

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close