იტალიის პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა
ორშაბათს, 9 სექტემბერს, საღამოს იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატამ ქვეყნის ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა: „დიახ“ თქვა 343-მა დეპუტატმა (630-იდან), „არა“ – 263-მა.
ორი პარტიის დეპუტატებთან ერთად, რომლებმაც ლიბერალების და პოპულისტების ახალი კოალიცია შექმნეს, მთავრობას მხარი დაუჭირეს, აგრეთვე, პატარა ფრაქციების წარმომადგენლებმა. წინააღმდეგ წავიდნენ დეპუტატები მემარჯვენე ცენტრისტული პარტიებიდან, მათ შორის, ცხადია, „ლიგიდან“.
ახალმა მთავრობამ ნდობის გამოცხადების პროცედურა პარლამენტის ზედა პალატაშიც (სენატი) უნდა გაიაროს, ამის შემდეგ კი ოფიციალურად შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას.
როგორც პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე აცხადებს, ახალი კოალიციური მთავრობის მიზანი იქნება „ადამიანური დემოკრატია“ – სოციალურად დაუცველების, მოხუცების, ბავშვების, ქალების, ყველა მოქალაქის დაცვა და მათი ინტერესების შესაბამისი პროგრამების განხორციელება.
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, კონტეს ახალი მთავრობა კომპრომისებზე ორიენტირებული იქნება და ყველა საკითხზე – ევროკავშირთან თუ ქვეყნის შიგნით – შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღებას შეეცდება.
ახალი მთავრობის უფლებამოსილმა პირებმა უკვე განაცხადეს, რომ არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ მიმართული მკაცრი კანონმდებლობა შედარებით შერბილდება.
9 სექტებერს რომში, მატეო სალვინის „ლიგის“ ორგანიზებით, ფართომასშტაბიანი საპროტესო აქცია გაიმართა ახალი მთავრობის წინააღმდეგ. მიტინგზე სალვინიმ განაცხადა, რომ თუ ახალი მთავრობა გააუქმებს საპენსიო რეფორმას, მაშინ ოპოზიცია მათ სასახლეში ჩაკეტავს და არ გამოუშვებს: „ჩვენ არ მივცემთ მათ საპარლამენტო სასახლიდან გამოსვლის საშუალებას და იქ ისხდებიან დღედაღამ, შობამდე, საზაფხულო არდადეგებამდე…“ – განაცხადა სალვინიმ.
ვრცელდება ხმები, რომ ლიბერალები საპენსიო ასაკის შემცირების გაუქმებას აპირებენ, თუმცა ახალმა მთავრობამ ოფიციალურად უკვე დაადასტურა, რომ საპენსიო რეფორმა გაგრძელდება და „კვოტა 100“ ძალაში დარჩება.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის თებერვლიდან, როდესაც რეფორმა დაიწყო, დღემდე, საპენსიო ასაკის შემცირების საფუძველზე, 176 ათასმა იტალიელმა მიმართა განცხადებით შესაბამის უწყებას პენსიაზე გასვლის თაობაზე.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები