ტრამპმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი წარადგინდა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანის (KELLY DEGNAN) წარდგენის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც საელჩოს ვებგვერდზეა აღნიშნული, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კალიფორნიელი კელი დეგნანის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

საელჩო განმარტავს, რომ მომდევნო ეტაპი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დანიშნულ დროს ელჩის კანდიდატურის საჯარო განხილვა იქნება.

კალიფორნიელი კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია. იგი ამჟამად ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალების მეთაურის პოლიტიკურ მრჩევლად მუშაობს.

მანამდე დეგნანი იტალიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, ასევე იყო კოსოვში აშშ-ის დიპლომატიური მისიის უფროსის მოადგილეც. 25-წლიანი კარიერის განმავლობაში იგი მუშაობდა ნატოს აშშ-ის მისიაში, პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობაზე; აგრეთვე, იყო ანკარაში აშშ-ის საელჩოში პოლიტიკური მრჩევლის მოადგილე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დეგნანი სახელმწიფო მდივნის სპეციალური თანაშემწის თანამდებობას იკავებდა.

კელი დეგნანი ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ელჩი იქნება საქართველოში.

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი გასული წლის აპრილიდან არ ჰყავს, მას შემდეგ, რაც წინა ელჩმა იან კელიმ ამ პოსტზე მუშაობა დაასრულა. ამჟამად საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები