საზოგადოებასაქართველოსპორტი

ნუგზარ ჯუღელი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი სპორტული კომენტატორი და ტელეწამყვანი ნუგზარ ჯუღელი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნუგზარ ჯუღელი საქართველოს ტელევიზიაში 1968 წლიდან მუშაობდა თითქმის 50 წლის განმავლობაში. მას წლების განმავლობაში მიჰყავდა საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“, აღიარება და პოპულარობა კი სპორტული გადაცემების წაყვანამ და პირდაპირი რეპორტაჟების კომენტატორობამ მოუტანა.

ქართული სპორტის ქომაგები ნუგზარ ჯუღელს ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებენ, მისი სახალისო ფრაზები კი, რომლებზეც ინტერვიუებსა და პირად საუბრებში თავადაც ბევრს ხუმრობდა, სპორტულ წრეებში დღემდე პოპულარულია. რამდენიმე მათგანს გავიხსენებთ:

კალათბურთის მატჩი მიმდინარეობს. სსრკ პირველობაზე „დინამო“ უგებს ცსკა-ს. „დინამოში“ თამაშობდა გვარად ოპოშნიანი, რომელიც ფართო ხედით ჩანს ეკრანზე და ღრმად სუნთქავს. ჯუღელი ამბობს: „ისუნთქე ოპოშნიან, დღეს ეს შენ დაიმსახურე“.

„შენგელია ახტა… ალბათ დახტება, ასეც მოიქცა“.

მართალია, სულაქველიძე ამ ბოლო დროს ცოტა გასუქდა, მაგრამ რა კარგად აზროვნებს“.

ნუგზარ ჯუღელი წყალში მხტომელ ლიანა ცოტაძესთან ინტერვიუს იწერდა: „ლიანა, თქვენ ცურავთ?“

კალათბურთის რეპორტაჟისას: „სტყორცნა დარსაძემ და მოათავსა ბურთი კალათში. ანგარიში გახდა 78 – 58 – 13“ (13-იც მიაყოლა, ვიღაცის ტელეფონის ნომერი იყო აშკარად).

„გოგონი, თქვენ რა გქვიათ? – მაია, თქვენ? – მეც მაია, – როგორ, დები ხართ?!“

დარტყმა, არიის, გოოოლ!.. გოოოლ!.. მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა, თუმცა, რა უნდა ჩაეთვალა, არც გასულა“.

მელია და მგელია, უკაცრავად მელა და მგელა“.

„ბურთი ღელავს, ხალხი ბადეშია“.

ერთხელ ჰკითხეს: „ბათუმი, სოხუმი, ფოთუმი მართლა თქვითო? კიო, უპასუხა, ოღონდ ჯერ დამაბრალეს და შემდეგ შეგნებულად ვთქვიო“.

„მოამბის“ წამყვანი ქეთი მითაიშვილი იხსენებდა: ვერაფრით ვერ ვთქვი „წყალკანალტრესტი“, ავტირდი, პირდაპირ ეთერში წყანალკანალტრესტი რომ წამომცდაო; ნუგზარმა დამამშვიდა, ნუ ნერვიულობ, ხალხი მაინც მე დამაბრალებსო.

ნუგზარ ჯუღელი 1937 წლის 2 ივნისს დაიბადა თბილისში. 1955-1959 წლებში თეატრალური ინსტიტუტის კინოსა და დრამის ფაკულტეტზე სწავლობდა, 1959-1971 წლებში კი რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. გადაღებულია რამდენიმე ფილმშიც.

2014 წლის 30 დეკემბერს სატელევიზიო ანძასთან საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის წამყვანებს ვარსკვლავი გაუხსნეს, მათ შორისაა ნუგზარ ჯუღელის ვარსკვლავიც.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close