ემიგრანტი ქართველი პოეტი: „საზღვარგარეთ ყოველთვის ვამაყობ ჩემი ქვეყნის მდიდარი ისტორიით“

სოფო ფოცხვერაშვილი, ციურიხში (შვეიცარია) მცხოვრები ქართველი პოეტი, ლანა ბიბილურიძის ბლიც-შეკთხვებს პასუხობს:

ემიგრანტობის პირველი დღეები…

ახალი ცხოვრების დაწყება ურთულესი იყო მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, რასაც უფრო გვირთულებდა უცხო ენის ბარიერი.

ის, რაც საზღვრებს მიღმა დავტოვე…

დავტოვეთ ახლობლების სიყვარული და ურთიერთობები.

მოსწყდე საკუთარ ქვეყანას, ნიშნავს…

შენსა და დაშორებულ ადამიანებს შორის ურთიერთობების, მიზნების და მისწრაფებების გაუფერულებას და დაშორებას. მადლობა უფალს, რომ მთელი ოჯახი ერთად ვართ!

როდესაც ადამიანი გარემოს იცვლის…

მით უმეტეს, სამშობლოს საზღვრებს გარეთ, ნულიდან უწევს ახალი ცხოვრების დაწყება. საზღვარგარეთ გასვლა არ ნიშნავს, რომ დაგხვდება გამზადებული ცხოვრება, რომელიც შენ გელოდება და უზრუნველად გამყოფებს. ცხოვრება იწყება ნულიდან.

ვისაც უცხოეთში წასვლის სურვილი გაქვთ, გირჩევთ…

თუკი გაბედავთ წასვლას, იყავით ცოდნით, კანონით და საბუთებით მყარად შეიარაღებულნი და ნუ ენდობიან ვიღაცების ბრმა რჩევებს.

განსხვავება ჩემს სამშობლოსა და უცხო ქვეყანას შორის…

დიდი სხვაობაა შენს სამშობლოსა და უცხო ქვეყანას შორის. შენს სამშობლოში მშიერიც მაძღარი ხარ, ამაყი ხარ… თუ შეიძლება, ჩემი ლექსიდან მოვიშველიებ სტრიქონებს: „მთლად უცხოელიც, ვერ გალაღდება უცხო ქვეყანას ჩასახლებული, უზღვავ ღირსებით ვერავინ ამჩნევს, ნაკლზე ყველა ჰყავს ჩასაფრებული“.

საზღვარგარეთ ყოველთვის ვამაყობ ჩემი ქვეყნის…

მდიდარი ისტორიით.

საქართველოვ!

მინდა, შენი მომავალი თაობა ისევე ამაყობდეს შენი ღირსებით, როგორც  შენი წარსულით.

არასოდეს დამავიწყდება…

როგორ დავტოვეთ საქართველო და როგორ ფრთამოტეხილი, მარტო დავბრუნდი სამშობლოში (მეუღლის გარდაცვალების გამო) პირველად, 13 წლის შემდეგ.

ვოცნებობ…

როგორც ყველა ქართველი, ვოცნებობ გამთლიანებულ, აღდგენილ, ბედნიერ საქართველოზე.

ვეღარ ვუძლებ…

ძალიან მიჭირს მოსმენა სოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემების.

ყოველდღე ვცდილობ…

ხანდახან მცირედით, მაგრამ გავუწიო მატერიალური დახმარება, ვისაც სჭირდება…

გული მტკივა, რადგან…

საქართველოს მაშინდელი მდგომარეობის გამო მოგვიწია საზღვარგარეთ ცხოვრებამ.

ბედნიერი ვარ, რადგან…

მყავს ორი შვილი და ერთი შვილიშვილი.

როდესაც საკუთარ თავთან ვრჩები მარტო…

„მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ვუმარტოვდები, კუთხეში ვჯდები და ფიქრების საჩეჩელს ვმართავ. მერე, ხელმარჯვედ ვატრიალებ თითისტარს ჯამზე და წარსულ-აწმყო-მომავალის გრძელ ბაწარს ვართავ“…

ხშირად  ვეკითხები საკუთარ თავს…

როგორ ჯობდა? იქ დარჩენა, თუ წამოსვლა და იქ დარჩენილთათვის ხელის გაწვდა და დახმარება?

უკვე მივეჩვიე…

აქ ცხოვრებას მივეჩვიე.

მჯერა…

მჯერა, რომ ძალიან მალე საქართველოში ყველა ბედნიერი იქნება! ისევ ლექსით ვიტყვი: „რამდენჯერც უნდა მოგითხაროს ფესვები ქარმა, გეჭიდოს ქარი, სურდეს შენი დაცემა მხარზე. რამდენჯერც სცადოს მეხმა შენი გახლეჩ-გაყოფა, ვერ წაგაქცევენ! ძლიერი და დიდი ხარ მათზე!“

როდესაც სახლიდან შორს წასვლას დააპირებთ…

არ დაგავიწყდეთ: იყავით მზად ყოველგვარი გასაჭირის დასაძლევად და არ არსებობს ერთი-ორი წლით წასვლა – ამას  წინასწარ შეეგუეთ.

ჩემი აუხდენელი ოცნება…

დიდ და აუხდენელ ოცნებებს არ ვეჭიდები.

ჩემი გზავნილი ემიგრანტებს…

ქართველ ემიგრანტებს ვუსურვებ ძალას, ენერგიას, გამძლეობას და შემართებას თავიანთი ოჯახების საკეთილდღეოდ. ვუსურვებ თავიანთ ოჯახებში ჯანმრთელად და ბედნიერად დაბრუნებას!

რა გადაგვარჩენს?

ჩვენ, ყველას გადაგვარჩენს ერთმანეთის გაგება და სიყვარული! მოთმენა, დათმობა და სიყვარული!

ლექსი, რომელიც დღევანდელობას შეესაბამება…

„რამდენი ძალა და ენერგია იყო და არის ჩვენს ლამაზ ერში. ვფიცავთ შენს მიწას, წყაროს და მთა-ველს, სიბრძნით და ძალით ვიმარჯვებთ ბევრში!“

რომ მთხოვონ, ნახატით გადმოვცე ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა…

რომ შემეძლოს ხატვა, ყველა პროფესიის მოფუსფუსე ადამიანს, თანაბარი სიმაღლისას დავხატავდი.

დრო…

ყველაზე მკაცრი და დაუნდობელია დრო. ისევ პაწია ნაწყვეტს მოვიტან ჩემი ლექსიდან: „დღეს გაგახარებს და ხვალე გაგამწარებს. ხან თუ გაგიმართლებს, ბევრჯერ გაგიმტყუნებს, ერთხელ წააგებს და ხშირად დაგამარცხებს“.

ჩემი ნიჭი, შემოქმედებითი უნარი, რითაც ვახერხებ დავკავდე…

მაქვს პროექტი, შეძლების მიხედვით, ვესტუმრო სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ემიგრანტ ბავშვებს, შევხვდე და გადავცე საჩუქრად ჩემი საბავშვო წიგნები. უკვე ვიყავი 6 ქვეყანაში. ვაგრძელებ პატარებთან შეხვედრებს. მალე ჩავალ ფერეიდანში და მეორე წიგნით გავახარებ პატარა ქართველებს.

დავბრუნდები, როცა…

ვერ ვიტყვი, როდის დავბრუნდები საქართველოში.

როცა საქართველოში დაბრუნდები…

როგორც ახლა, გავაგრძელებ ბავშვებთან შეხვედრებს ახალი წიგნებით.

მსგავს თემაზე: სოფო ფოცხვერაშვილი: „მიზნად დავისახე უცხო მიწაზე გაფანტული პატარა ქართველებისთვის წიგნების წერა“

კომენტარები