ევროპის 4 ქვეყანაში, მათ შორის, საბერძნეთში წითელა დაბრუნდა
წითელა დაბრუნდა ევროპის იმ ოთხ ქვეყანაში, სადაც დაავადების შემთხვევები აღარ ფიქსირდებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადებით, წითელა აღმოფხვრილად აღარ ითვლება ალბანეთში, ჩეხეთში, საბერძნეთსა და დიდ ბრიტანეთში.
„უკან მივდივართ, არასწორ გზაზე ვდგავართ“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეით ო’ ბრაიანმა.
მისივე ინფორმაციით, ქვეყნები, რომლებმაც „წითელასგან გათავისუფლებულის“ სტატუსი დაკარგეს, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან.
„ეს განგაშის ზარია მთელი მსოფლიოსთვის. მხოლოდ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი არაა საკმარისი. საჭიროა ამის მიღწევა თითოეულ საზოგადოებაში, თითოეულ ოჯახში“, – განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანა წითელასგან გათავისუფლებულად მაშინ ითვლება, როცა ეპიდემიის გადადების ფაქტი 12 თვის განმავლობაში არ ფიქსირდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წითელას შემთხვევების მატება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფიქსირდება. წელს მსოფლიოში აღნიშნული დაავადების 365 000 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 2018 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს 3-ჯერ აღემატება.
ევროპის რეგიონში 2019 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში წითელას 90 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ როცა მთელი 2018 წლის პერიოდში 84 462 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. სპეციალისტები წითელას შემთხვევების რაოდენობის ზრდას წითელას ვაქცინაციასთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებულ ნეგატიურ განწყობებსაც უკავშირებენ, რადგან ბევრი ადამიანი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, უსაფუძვლოდ თვლის, რომ ვაქცინაცია მათი და მათი შვილების სიცოცხლისთვის უსაფრთხო არ არის. ასევე არსებობს მცდარი მოსაზრება, თითქოს ვაქცინაცია აუტიზმს იწვევს.
კომენტარები