ლიბერალები გამოდიან წინადადებით, ისტორიაში პირველად იტალიის პრემიერ-მინისტრად ქალი აირჩიონ
ლიბერალური დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა შესაძლოა იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ქალი წარადგინონ, – ამის თაობაზე 22 აგვისტოს, ხუთშაბთს SKY იუწყება.
შესაძლო კანდიდატურებს შორის არიან იუსტიციის ყოფილი მინისტრი პაოლა სევერინო და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მარტა კარტაბია.
ლიბერალების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ქალის კანდიდატურის დაყენება პიარსვლაა და ამ გზით ლიბერალებს და „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წარმომადგენლებს ყურადღების გადატანა უნდათ მათთვის ნეგატიური ფაქტორებიდან „ქალურ თემაზე“.
ნეგატიურ ფაქტორებს შორისაა თავად ორი პარტიის გაერთიანება მას შემდეგ, რაც მათ აქამდე მრავალგზის უარყვეს კოალიციის შექმნის შესაძლებლობა და მუდმივი ურთიერთბრალდებებით იყვნენ დაკავებულნი. ამ ორი პარტიის მიერ შექმნილი უმრავლესობა მოქმედ პარლამენტში 50%-ზე ცოტა მეტი იქნება, მაშინ როდესაც რეალურად ორივე პარტიას ერთად დღეისათვის ქვეყნის მოსახლეობის 40%-ზე ნაკლები უჭერს მხარს.
როგორც ცნობილია, გასული ოთხშაბათიდან ქვეყნის პრეზიდენტი სერჯო მატარელა საპარლამენტო პარტიებთან კონსულტაციებს აწარმოებს სამთავრობო კრიზისის თემაზე. იტალიის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად, სწორედ ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა აირჩიოს კრიზისიდან გამოსვლის 3 ვარიანტიდან ერთ-ერთი.
პირველი ვარიანტია ვადამდელი არჩევნების ჩატარება მმართველი კოალიციის დაშლის გამო; მეორე – ახალი კოალიციის ფორმირება მოქმედი პარლამენტის შემადგენლობიდან; მესამე – ე. წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირება, რომელიც ქვეყნისთვის აუცილებელ საფინანსო-ეკონომიკურ დოკუმენტებს დაამტკიცებს, თუმცა ვერანაირ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
რაც შეეხება ერთ-ერთ სავარაუდო სცენარს – ვადამდელი არჩენების გამოცხადებას: არჩევნები შესაძლოა ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩატარდეს. სოციოლოგების მონაცემებით, რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებენ მემარჯვენე პარტიები „ლიგის“ მეთაურობით, რომლის ლიდერია მატეო სალვინი.
იმავდროულად, ყოფილი სამთავრობო კოალიციის მეორე პარტიის – „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წარმოამდგენლები, როგორც აღვნიშნეთ, განიხილავენ ლიბერალურ დემოკრატიულ პარტიასთან კავშირის შეკვრას. ასეთი სცენარის შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები აღარ გახდება საჭირო ახალი მთავრობის ფორმირებისთვის.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები