მედიცინამსოფლიოჯანმრთელობა

გენმოდიფიცირებულმა ქათმებმა კიბოს საწინააღმდეგო ცილის შემცველი კვერცხები დადეს

ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ქათმის დნმ-ში ადამიანის გენები შეიყვანეს, რის შემდეგაც ქათმებმა დადეს კვერცხები, რომლებიც ორი კონკრეტული ცილის მნიშვნელოვან ოდენობას შეიცავდა. ზოგადად, ამ ცილებს ადამიანებში სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, კიბოს სამკურნალოდ იყენებენ. მკვლევართა განცხადებით, ეს პროცესი გაცილებით იაფია, ვიდრე ცილის წარმოების ამჟამინდელი მეთოდები.

„ამ ცილების ქათმებისგან წარმოება 10-100-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე ფაბრიკებში. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ წარმოების საერთო ხარჯები, სულ მცირე, 10-ჯერ შემცირდება“, – ამბობს მკვლევარი ლიზა ჰერონი BBC-სთან ინტერვიუში.

ამ ქათმების მიერ დადებულ კვერცხებში არსებულ ცილებს, IFNalpha2a-სა და macrophage-CSF-ს ადამიანის ორგანიზმი ბუნებრივად აწარმოებს. ორივე მათგანი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს იმუნურ სისტემაში.

აღნიშნული ცილების შემცველ მედიკამენტებს ექიმები ფართოდ იყენებენ კიბოსა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ, თუმცა მათი ლაბორატორიაში წარმოება რთული და ძვირია.

ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გენი, რომელიც ადამიანებში ცილებს აწარმოებს, ქათმის დნმ-ის იმ ნაწილში შეიყვანეს, რომელიც კვერცხის წილის წარმოქმნას მართავს. როდესაც მეცნიერებმა ამ ქათმების მიერ დადებული კვერცხები შეამოწმეს, გაირკვა, რომ ცილების შესაბამის ოდენობას სამი კვერცხი შეიცავდა.

გენმოდიფიცირებული ქათმები სპეციალურ გალიებში ჰყავთ და ისინი ჩვეულებრივ, ბუნებრივად დებენ კვერცხებს. გენური მანიპულაცია მათ ჯანმრთელობას არ ვნებს.

მიუხედავად იმედისმომცემი შედეგებისა, მკვლევართა ჯგუფი დარწმუნებულია, რომ ალბათ 10-20 წელი დასჭირდება პროცესს, სანამ მარეგულირებელი სააგენტოები მათ მიერ გენეტიკურად მოდიფიცირებული ქათმების მეშვეობით გამომუშავებული წამლების მოხმარების ნებას ადამიანებს მისცემენ.

მკვლევარი ელენ სანგი ასევე განმარტავს, რომ ისინი ხალხისთვის მედიკამენტებს არ აწარმოებენ, მაგრამ როგორც კვლევამ აჩვენა, ქათმები კომერციულად ხელსაყრელნი არიან ახალი წამლების შესაქმნელად საჭირო ცილების საწარმოებლად.

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close