საზოგადოებასაქართველო

„პროექტ „შინდისის გმირების“ წარმატება უკვე დაწერილია ზეციურ საქართველოში“

აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ფილმ „შინდისის გმირების“ პროექტის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს. როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, დიტო ცინცაძის სარეჟისორო ნამუშევარი მსოფლიო პრემიერისთვის ემზადება -„ოსკარისთვის“ ბრძოლის პროცესში საქართველოდან სწორედ „შინდისი“ ჩაერთვება:

„2008 წელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე და ტრაგიკული იყო. აგვისტო ჩემში დარჩება, როგორც ყველაზე ცივი და სუსხიანი თვე. არასდროს დამავიწყდება ის წამები, როდესაც გავიგე ჩემი ბავშვობის მეგობრის, დიდი პატრიოტის და ნიჭიერი პოეტის, მიხეილ დვალიშვილის დაღუპვის ამბავი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შინდისის ბრძოლის ველზე დატოვა. მაშინდელი ჩემი შინაგანი მდგომარეობა ენით აუხსნელია, ვერ გადმოგცემთ რა გრძნობა დამეუფლა… ცოტა შემშურდა კიდეც მიშიკოს საქციელი, ადამიანის, რომელმაც ჩემი ქვეყნისთვის თავი გაწირა, თითოეული ქართველის კეთილდღეობისთვის იბრძოდა და იდგა იქ, სადაც ერთეულებს, მხოლოდ უფლისგან რჩეულებს შეუძლიათ რომ იდგნენ, მაშინ, მიშიკომ დამიმტკიცა, რომ ის ყოველთვის იყო ჩემზე ძლიერი. ის ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენი თანატოლებისგან, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მასში იყო ასეთი დიდი სული და დიდი სიყვარული თავისი ოჯახის, თავისი მეგობრებისა და ქვეყნის მიმართ.

მე ქედს ვიხდი ყველა იმ გმირის წინაშე, რომლებმაც დაგვიმტკიცეს, რომ წუთისოფელი მართლა წუთია და ყველაზე სანუკვარი კი მარადიული! მარადიულობისთვის ნამდვილად ღირს ცხოვრება, თუნდაც ის იყოს ხანმოკლე. ამის ნათელი მაგალითია “შინდისის გმირები” გმირები, რომლებმაც მასწავლეს ფიქრი და დამანახეს საკუთარი თავი. არასდროს დამავიწყდება პირველად რომ ჩავედი სოფელ შინდისში – 2008 წლის 6 სექტემბერს. ვერ გადმოგცემთ მაშინდელ სურათს, რომელიც იქ დამხვდა; საოცარი აურა, საოცარი კადრები, საოცარი ფაქტები და რაც მთავარია ტკივილთან ერთად დიდი სიამაყე. ვუყურებდი და ვგრძნობდი რომ სულ რამდენიმე დღის წინ აქ იდგნენ გმირები, ჯერ კიდევ ცოცხლები და საკუთარ მიწას იცავდნენ. მათ დაანახეს მტერს, რომ ქართველი კაცი სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს და არ დათმობს საკუთარ მიწა-წყალს. მიშიკოს ცხედართან გადავწყვიტე, რომ ეს ბიჭები უნდა გამეცნო სრულიად საქართველოსთვის. დავწერე პროექტი, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ეტაპისგან. პირველ რიგში უნდა მომენახულებინა თითოეული გმირის ოჯახის წევრები, გამეცნო ყველა მათგანი, აშენებულიყო ეკლესია მათი სულების უკვდავსაყოფად, გამომეცა წიგნი, აგვეგო მემორიალი და ბოლოს გადაგვეღო მხატვრული ფილმი, რომელიც მოგვცემდა საშუალებას, მსოფლიოსთვის დაგვენახებინა ქართული სული.

ასეც მოხდა – ოთხი თვის განმავლობაში ვიყავით ექსპედიციაში მე და ჩემი მეგობრები, რომლებმაც აბსოლუტურად უანგაროდ იმუშავეს დოკუმენტური ფილმების შექმნაში, უწმინდესის კურთხევით და უფლის წყალობით დღის სინათლე ნახა ფილმებმა – „შინდისის გმირები“ და „რუსული დერეფანი“, აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რისთვისაც მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ბატონ კახა კალაძეს, ბატონმა კახამ საკუთარი სახსრებით ააგო შინდისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ისე რომ დღემდე არსად არ უხსენებია, მადლობა უფალს, რომ დღეს ყველა ქართველმა იცის ისტორია, რომელიც ოქროს ასოებით – „შინდისის გმირები“, სამუდამოდ შევა საქართველოს უახლოესი ისტორიის ფურცლებზე.

ახლა დადგა დრო, მსოფლიოს გავაცნოთ მათი სახელები და ამ მოტივაციით გადავიღეთ მხატვრული ფილმი, რომელიც მსოფლიო პრემიერისთვის ემზადება. ფილმები, რომლებიც ომზე იყო, არასოდეს მომწონდა. არ მომწონდა, რომ იხოცებოდა ხალხი და ირგვლივ ყველაფერი ინგრეოდა; მაგრამ ეს მოგონილი ამბავი მეგონა. მე და ჩემი მეგობრები, სოფელში ჩვენივე ხელით გამოთლილი ავტომატებით ომობანას ვთამაშობდით, დიახ, მე ომი თამაში მეგონა! 2008 წლის აგვისტო, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელ მოგონებად დარჩება!

მაქვს სურვილი, რომ ამ ფილმმა თავისი სიტყვა თქვას მსოფლიო კინოს ისტორიაში. ამის თქმის საშუალებას მაძლევს სოფელ შინდისის მაცხოვრებლების თავგანწირვა და უსაზღვრო ამაგი, ასევე მიშიკო დვალიშვილი – ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც ჩემი მთავარი მოტივაცია და იმედია. მან სათითაოდ გამაცნო მისი თანამებრძოლები და მეგობრები, მომცა საშუალება მეცხოვრა თითოეულის ოჯახში… ვფიქრობ, პროექტ – „შინდისის გმირების“ წარმატება უკვე დაწერილია ზეციურ საქართველოში…“ – წერს ედმონდ მინაშვილი.

მსგავს თემაზე: „ოსკარზე“ „შინდისი“ წარადგინეს 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close