„ოსკარზე“ „შინდისი“ წარადგინეს
31 ივლისს დასახელდა ქართული ფილმი, რომელიც ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდოს – „ოსკარის“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.
დიტო ცინცაძის ფილმი „შინდისი” 5 ქართული ფილმიდან შეარჩიეს.
„შინდისი“ 2008 წლის ომის მოვლენებს ეხება. სცენარის ავტორი ირაკლი სოლომანაშვილია. მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები: გიგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე, თამუნა აბშილავა, მარიამ ჯიბლაძე.
„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი ხუთი ქართული ფილმი იყო წარდგენილი: ნინო ჟვანიას „აღლუმი“; მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“; დიმიტრი ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“; გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“; დიმიტრი ცინცაძის „შინდისი“.
გადაწყვეტილება რეჟისორების, დამდგმელი მხატვრის, მსახიობების, პროდიუსერებისა და კინოკრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიიღო.
გამარჯვებული ფილმი „ოსკარის“ კამპანიაში ჩაერთვება და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.
2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულსა და რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს შორის გამართულ უთანასწორო ბრძოლაზე რეჟისორმა დიტო ცინცაძემ მხატვრული ფილმი გადაიღო. პროექტის ავტორი და პროდიუსერი რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილია. სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღების იდეა ედმონდ მინაშვილს ეკუთვნის. ფილმის პრემიერა 2018 წლის აგვისტოში, ომიდან 10 წლისთავზე შედგა.
აღსანიშნავია, რომ ფილმის გადასაღებად კულტურის სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 800 ათას ლარზე მეტი გამოყო.
კომენტარები