ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ბრექსიტის თავგამოდებული მომხრე ბორის ჯონსონი გახდა

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა. მისმა წინამორბედმა ტერეზა მეიმ თავისი პოსტი გუშინ, 24 ივლისს დატოვა, როდესაც დედოფალ ელიზაბეთ მეორეს თავისი განცხადება მიართვა გადადგომის თაობაზე. ამის შემდეგ დედოფალმა ჯონსონს მიანიჭა უფლებამოსილება მთავრობას უხელმძღვანელოს.

წინა დღეს, 23 ივლისს კონსერვატიული პარტიის დაახლოებით 160 ათასმა წევრმა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თავის ახალ ლიდერად აირჩია. მმართველი პარტიის მეთაური ტრადიციულად ხდება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი.
ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის (ბრექსიტი) თავგამოდებული მომხრეა, მათ შორის, ევროკავშირთან შეთანხმების გარეშეც. „ხისტი ბრექსიტისთვის“ ახალი პრემიერის ამ მზადყოფნამ მთავრობის წევრთა გადადგომის მთელი ტალღა გამოიწვია.

22 ივლისს გადადგა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ალან დუნკანი, 24 ივლისს კი, ჯონსონის პრემიერად ოფიციალურად დანიშვნამდე ორიოდე საათით ადრე, ერთბაშად სამმა მინისტრმა განაცხადა გადადგომის თაობაზე: იუსტიციის მინისტრმა დევიდ გოკმა, ფინანსთა მინისტრმა ფილი ჰამონდმა და მინისტრმა საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში რორი სტიუარტმა. ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრებმა, ლიამ ფოქსმა და გრეგ კლარკმა ასევე დატოვეს თავიანთი პოსტები, ხოლო ბორის ჯონსონის დანიშვნის შემდეგ გადადგა საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი, რომელიც კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე ჯონსონის მთავარი კონკურენტი იყო.

მალევე გადადგომის შესახებ განცხადებები გააკეთეს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა პენი მორდონტმა და ტერეზა მეის კანცელარიის ხელმძღვანელმა დევიდ ლიდინგტონმა.

მაისის ბოლოს ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს და მიზეზად ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის გეგმებთან დაკავშირებით პარლამენტთან შეუთანხმებლობა დაასახელა. ამ ფაქტამდე ბრიტანეთის პარლამენტმა 3-ჯერ უარყო ბრექსიტის შეთანხმება, რომელიც ტერეზა მეის და ბრიუსელის მოლაპარაკებების შედეგად გაფორმდა.

თავდაპირველი გეგმით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობიდან მიმდინარე წლის 29 მარტს უნდა გამოსულიყო, თუმცა ამ თარიღისთვის ბრექსიტის გეგმა გაურკვეველი დარჩა. აპრილში ევროკავშირის დანარჩენი 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერები ბრიუსელში გამართულ მორიგ სამიტზე ბრექსიტის ვადის 2019 წლის 31 ოქტომბრამდე გადატანაზე შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის ახალი პრემიერი ეპატაჟის დიდოსტატია, იგი არ ერიდება სკანდალურ, ხშირად არაპოლიტკორექტულ განცხადებებს სხვადასხვა პოლიტიკოსისა თუ სახელმწიფოს მიმართაც. ჯონსონი განსაკუთრებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებით თავისი არაპოლიტკორექტული განცხადებებით გამოირჩევა. მაგალითად, 2014 წლის დეკემბერში „ტელეგრაფის“ ერთ-ერთ გამოცემაში დაწერა: „მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად პუტინი სახლის ელფ დობის ჰგავს „ჰარი პოტერიდან“, ის უმოწყალო ტირანი და მანიპულატორია“; თუმცა თავის თავს „რუსოფილად“ მიიჩნევს და აცხადებს, რომ პუტინი არ არის რუსეთი და „ახალ თაობაზე უნდა ავიღოთ სწორება“, რომელსაც სხვა პრიორიტეტები აქვს.

წყარო: „დოიჩე ველე“

მსგავს თემაზე: ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმებას ისევ არ დაუჭირა მხარი – ქვეყანას ევროკავშირიდან დაურეგულირებელი გასვლა ემუქრება

ტერეზა მეი მიდის – ცრემლიანი დამშვიდობება

 

ჯონსონის ეპატაჟური „პერფორმანსი“ ბრექსიტის მხარდასაჭერად. სქრინი „დოიჩე ველეს“ ვიდეოსიუჟეტიდან
კომენტარები