ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმებას ისევ არ დაუჭირა მხარი – ქვეყანას ევროკავშირიდან დაურეგულირებელი გასვლა ემუქრება

ფოტო: AFP
ბრიტანეთის პარლამენტმა ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმას დღეს, 29 მარტს მესამედ არ დაუჭირა მხარი. შესწორებული ხელშეკრულების წინააღმდეგ 344-მა მისცა ხმა, მომხრე კი 286 დეპუტატი იყო.

პარლამენტს შეთანხმებისთვის მხარი რომ დაეჭრა, ბრიტანეთი ევროკავშირს 22 მაისს დატოვებდა – ასეთი იყო გადავადების პირობები, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა ბრიტანეთს 21-22 მარტის სამიტზე მისცეს.

ოფიციალურ ლონდონს ევროკავშირიდან დაურეგულირებელი გასვლის თავიდან ასაცილებლად მოლაპარაკებების პროცესის წარმოებისთვის ვადა 12 აპრილამდე აქვს – სწორედ ამ დღეს გადაწყვეტენ ბრიტანელი პოლიტიკოსები, როდის და როგორ სურთ ქვეყნის გაყვანა ევროკავშირიდან და საერთოდ სურთ თუ არა.

ხოლო თუ ისინი 12 აპრილს გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, მაშინ ქვეყანა ევროკავშირიდან „გამოვარდება“ დაურეგულირებელი ურთიერთობების გარეშე. პოლიტიკოსთა, ექსპერტთა და ბიზნესმენთა დიდი ნაწილის აზრით, ეს კატასტროფას თუ არა, ბრიტანეთის ეკონომიკის სერიოზულ რღვევას გამოიწვევს და ევროკავშირის ეკონომიკასაც საგრძნობ დარტყმას მიაყენებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დღეს ბრიტანეთის პარლამენტში კენჭისყრის დამთავრებისთანავე თავის ოფიციალურ ტვიტერზე დაწერა, რომ 10 აპრილს ევროკავშირის საგანგებო სამიტს იწვევს.

ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა ტერეზა მეის გადადგომისკენ მოუწოდა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ინიციატივით გამოვიდა.

გადადგომას რაც შეეხება, ტერეზა მეი უარს არ არის, თუმცა ერთი პირობით: ოთხშაბათს, 27 მარტს პარლამენტის სხდომაზე პრემიერმა საკუთარი, კონსერვატიული პარტიის დეპუტატებს პირობა მისცა, რომ მალევე გადადგება იმ შეთხვევაში, თუ პარლამენტი ბრექსიტის თაობაზე ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას მხარს დაუჭერს.

შეთანხმების მხარდაჭერის შემთხვევაში გაერთიანებული სამეფო ფორმალურად 22 მაისს გამოვა ევროკავშირიდან და დაიწყება ხანგრძლივი გარდამავალი პროცესი, რომლის დროსაც ბრიტანეთი ევროკავშირის წევრის, პრაქტიკულად, ყველა უფლება-მოვალეობას შეინარჩუნებს, თავმჯდომარეობის და ევროკავშირის ცენტრალურ ორგანოებში ხმის უფლების გარდა.

თუმცა ამისთვის ხელისუფლებამ ჯერ როგორმე კაზუისტური გადაწყვეტა უნდა მოძებნოს, რათა თემთა პალატის სპიკერის, ჯონ ბერკოუს აკრძალვა გადალახოს – ბერკოუმ 18 მარტს მთავრობას აუკრძალა კენჭისყრაზე ისევ იმავე შეთანხმების გატანა უცვლელი სახით, გასულ ოთხშაბათს კი ეს აკრძალვა დაამტკიცა.

ნიკო აბაშიშვილი

წყარო: BBC

კომენტარები