მზადება ვარსკვლავური ომებისთვის? – ფრანგ ფანტასტ მწერლებს მომავალი საფრთხეების წინასწარმეტყველებისთვის მოუხმეს

საფრანგეთის საჰაერო და კოსმოსური არმიის სამხედრო სტრატეგიაზე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერლებიც იმუშავებენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებში შეიქმნება სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალთა „წითელი გუნდი“, რომელიც მომავლის შესაძლო საფრთხეებზე იმსჯელებს. თავდაცვის ინოვაციური სააგენტოს ინფორმაციით, მწერლები კატასტროფების შესაძლო სცენარებს ჩამოაყალიბებენ, რომლებიც შესაძლოა სამხედრო სტრატეგებს  მხედველობიდან გამორჩეთ.

ინიციატივის ავტორთა მტკიცებით, 4 ან 5 მწერლისგან შემდგარი ჯგუფი ტრადიციულ სტრატეგებზე უფრო შემოქმედებითად მიუდგება საკითხს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ფლორენს პარლის განცხადებით, ქვეყანა სამხედრო ინოვაციების სფეროში ყველანაირ უპირატესობას ფლობს.

13 ივლისს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი სექტემბერში კოსმოსისთვის განკუთვნილ ეროვნულ სარდლობას შექმნის საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ფარგლებში.

„საფრანგეთის კოსმოსური პოტენციის განვითარებისა და განმტკიცების უზრუნველყოფის მიზნით სექტემბერში დიდი კოსმოსური სარდლობა შეიქმნება; ეს შეცვლის მის სახელწოდებას და საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს, საბოლოო ჯამში, საჰაერო და კოსმოსური არმია დაერქმევა“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

„როიტერის“ ფოტო

მიმდინარე წლის თებერვალში კოსმოსური არმია აშშ-შიც შეიქმნა. დონალდ ტრამპის ბრძანებით, კოსმოსური ძალების შტაბის მეთაური აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის შემადგენლობაში შევა. აშშ-ის კოსმოსური ძალების რიცხოვნობა 15-20 ათასს შეადგენს.

საფრანგეთის კოსმოსურ ეროვნულ სარდლობაზე უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მინისტრი ფლორენს პარლი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში აცნობებს საზოგადოებას, თუმცა ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ საფრანგეთის დიდი კოსმოსური სარდლობა ტულუზაში განთავსდება.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები