საზოგადოებაჩვენი ფავორიტიკულტურა

„კაკუნი სამოთხის კარზე“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა – გურანდა ბენიძემ და ეკა გიგაურმა გადაწყვიტეს დოკუმენტური ფილმი გადაეღოთ უძველეს საფლავებზე. ერთ-ერთი სასაფლაო, რომელზეც მათ არჩევანი შეაჩერეს, კუკიაა. სტუდენტებმა კამერა მოიმარჯვეს, გადააბიჯეს იმ იდუმალ შიშს, რომელსაც სასაფლაოები იწვევს ადამიანებში და წავიდნენ…

გურანდამ გვითხრა, რომ ძალიან ცხელოდა იმ დღეს, თუმცა საფლავებს შორის სიარულისას აღმოჩენილმა ყველაფერი გადაავიწყა: „ვიცოდი, კუკიაზე უძველესი საფლავები იყო, მქონდა მოლოდინი, რომ განსაკუთრებულად საინტერესო კადრებს გადავიღებდი, ვიცოდი, კუკიის სასაფლაო ოთხი საუკუნისაა და იქ განსაკუთრებული ისტორიები და საფლავები მეგულებოდა, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა“.

გოგონებმა ძალიან ბევრი საინტერესო საფლავი ნახეს, თუმცა ერთმა, ბუჩქებში მიმალულმა, გამაოგნებელი ოსტატობით შესრულებულმა ქანდაკებამ მათში განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია. გურანდა მოგვიყვა, რომ საიდანღაც იცოდა ასეთი საფლავის არსებობის შესახებ. იმ დღეს, კამერით ხელში  მოსიარულემ, დიდხანს ეძება საფლავი, თუმცა ვერ იპოვნა. შემდეგ შეხვდა კაცს, რომელიც საფლავებს უვლის და სწორედ მან მიიყვანა ქანდაკებამდე სახელწოდებით „კაკუნი სამოთხის კარზე“. მისი თქმით, ასე უწოდებენ საფლავის მომვლელები ამ ქმნილებას; მანვე მოუყვა გოგონებს, რომ საფლავს, რომელზედაც ეს ქანდაკება დგას, არავინ აკითხავს, არც ის იციან, ვისი საფლავია, ქვა, რომელზეც დაკრძალული ადამიანის სახელი, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი უნდა ეწეროს, განადგურებულია, არც მოქანდაკის ვინაობაა ცნობილი.

„ქანდაკება დაზიანებული არ არის, – ამბობს გურანდა, – განადგურებულია საფლავის ქვის ის ნაწილი, სადაც გარდაცვლილის ან მოქანდაკის ვინაობა შეიძლებდა ყოფილიყო დაწერილი. საფლავების მომვლელმა მითხრა, რომ თვითონ ასუფთავებს  ამ ქანდაკებას, სხვა არავინ აკითხავს, იშვიათად ფოტოგრაფები თუ შემოივლიან, გადაიღებენ და მიდიან. ახლა არ არის დაზიანებული, თუმცა უეჭველია, ბუნება დროთა განმავლობაში თავისას გაიტანს და გაანადგურებს მას“.

გოგონებს გული დასწყვიტა ბედის ანაბარა დარჩენილი ასეთი შესანიშნავი ქმნილების ხილვამ. გურანდამ გვითხრა, სხვა ქვეყანაში ამ ქანდაკებას ასე არ დატოვებდნენ, მას ბევრი მნახველი უნდა ჰყავდესო. ის აპირებს განცხადება შეიტანოს კულტურის სამინისტროში, რათა მიიღონ ზომები და არ მისცენ დროსა და ბუნებას „უფლება“ იმისა, რომ გაანადგურონ „კაკუნი სამოთხის კარზე“.

ქანდაკება უსიტყვოდ ჰყვება სიცოცხლისა და სიკვდილის გზაგასაყარზე, გზარავს და გიზიდავს ერთბაშად. ვინ იყო მოქანდაკე? ვის საფლავზე და რატომ დადგეს ეს ქმნილება? ბევრი უპასუხო კითხვაა… გამოქანდაკებული კაცი კი ისეთი ბუნებრივია, იმდენად ოსტატურადაა შექმნილი, როგორც ცოცხალს, ისე უყურებ. მარცხენა ხელი სახეზე აქვს აფარებული, მარჯვენით კი კარზე აკაკუნებს. სასოწარკვეთილება იგრძნობა, უყურებ და ფიქრობ: ნუთუ არ გაუღეს სამოთხის კარი?!..

ნინო წულაია

გურანდა ბენიძის ფოტოები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close