იტალიის ჩრდილოეთში, 2000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე თოვლი მოვიდა

„ანსას“ ფოტო
დღეს, 15 ივლისის ღამიდან შემოდგომის ტემპერატურა და კლიმატი გავრცელდა იტალიური ლომბარდიის ჩრდილოეთში, კერძოდ, სონდრიოს პროვინციაში.

დაბლობში გადაუღებლად წვიმს, მაშინ როდესაც ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზე თოვლი მოვიდა ვალტელინასა და ვალკიავენაში. პროვინციის მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა 15 გრადუსით დაეცა. ინფორმაციას გამოცემა„ანსა“ ავრცელებს.

გუშინ 3bmeteo.com-ის ექსპერტი ანდრეა ვუალო აცხადებდა, რომ ცენტრალური ევროპიდან გავრცელებული „ციკლონური გრიგალი“ იტალიაში ამინდის ინტენსიურ გაუარესებას გამოიწვევდა თავსხმა წვიმებით და ტემპერატურის მკვეთრი კლებით. ექსპერტი ალპებში 2200 მეტრზე თოვლის მოსვლაზეც საუბრობდა. მისივე პროგნოზით, სამშაბათიდან ამინდი გამოკეთდება, თუმცა ხუთშაბათიდან ისევ გადაუღებელი წვიმებია მოსალოდნელი.

დღეს ცუდი ამინდი იქნება განსაკუთრებით ტირენიის ზღვისპირა ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ-ჩრდილოეთ რეგიონებში, შტორმი და ჭექა-ქუხილი მოსალოდნელია პიემონტში, ლიგურიაში, დასავლეთ ლომბარდიაში, დასავლეთ ემილიასა და ტოსკანის შუა ნაწილში; აგრეთვე, კუნძულ ელბის, ლივორნოს, პიემონტის მთისპირა და ლიგურიის აპენინის რაიონებში. 18-24 საათის განმავლობაში ნალექების რაოდენობა 100-150 მილიმეტრს გადააჭარბებს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები