ქართველი მხატვრის, ჯორჯიანას მიერ მოხატული ღვთისმშობლის ქანდაკება და გახარებული იტალიელები

იტალიის სამხრეთში, კერძოდ, რეჯო კალაბრიაში განსაკუთრებულად აღნიშნავენ საეკლესიო დღესასწაულებს, რისთვისაც ერი და ბერი ერთი თვით ადრე საგანგებოდ ემზადება. ეკლესიიდან გამოაბრძანებენ წმინდანების ქანდაკებებს, მორთავენ ყვავილებით და მოატარებენ სოფლებსა და ქალაქებს.

ასეთ რელიგიურ დღესასწაულებზე მოსახლეობა თავიანთი სტუმრებით იკრიბება ეკლესიასთან, საიდანაც ხდება წმინდანის გამობრძანება, უკრავს სასულე ორკესტრი, მილეთის ხალხი ლოცულობს. ეს ლიტანიობა დაახლოებით ორ-სამ საათს გრძელდება, საღამოს კი ეწყობა სახალხო კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე ერთმანეთს ცვლის სხვადასხვა ფოლკლორული ჯგუფი, ცეკვავენ, მღერიან, ლექსებს კითხულობენ, შაირობენ, დგამენ სკეტჩებს. აქვე იყიდება ხელნაკეთი სუვენირები, სახლში დამზადებული კონსერვები (ხილის, ბოსტნეულის), ძეხვი, კუპატი, ლორი და რა აღარა… უამრავი სასუსნავი. ნუგბარის სუნი ტრიალებს ირგვლივ. განსაკუთრებით გემრიელია იქვე დამზადებული ცხელ-ცხელი პანინო სალსიჩით (ცხელ, ახლად გამომცხვარ პურში ჩადებული შემწვარი გრილიაზე, კუპატი). საერთოდ, ძალიან გემრიელია  ყველაფერი, რადგან  ოჯახებშია დამზადებული და განსაკუთრებული გემო აქვს, ვიდრე მაღაზიის პროდუქტებს.

დღესასწაული გვიან ღამით სრულდება ფეიერვერკებით და ბედნიერი მოსახლეობა თავიანთი სტუმრებით ნელ-ნელა მიემართება სახლისკენ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ დღისთვის ყველა საგანგებოდ ემზადება. სალონები მთელი დღის მანძილზე კლიენტებს ვერ აუდიან, ასევე ტანსაცმლის მაღაზიები, მხოლოდ საღამოს ბარები ვერ მუშაობენ. სამაგიეროდ, მოედანზე მოწყობილ ადგილებში აქვთ გამოტანილი მაგიდები და სკამები, ცივი სასმელები და ა. შ. და თავიანთ უკვე კარგად ნაცნობ მომხმარებლებს მასპინძლობენ.

ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს გვერდით მეზობელთან, მიმასთან გადავედით მე და მარია კარმელა (ვისთანაც ვმუშაობდი) ყავის დასალევად. მოვიდა მეორე მარია, რომელსაც მეტსახელად რიჩოლინას ეძახიან, რადგან ხვეულთმიანი ქალბატონია, დაახლოებით 45 წლის. იგი ჩვენგან მოშორებით ცხოვრობდა. მიიკითხ-მოიკითხა ყველა და გულდაწყვეტილმა თქვა: „დღეს სანტ კატერინაზე წმინდანების ქანდაკებები იყიდებოდა, მოხატულები  200 ევრო ღირდა, მოუხატავი, მხოლოდ თაბაშირში ჩამოსხმულები – 20 ევრო“.

სამწუხაროდ, მარია რიჩოლონა არც ისეთი მდიდარი ოჯახიდან იყო, თანაც იმწუთას სათანადო თანხაც არ აღმოაჩნდა, რომ წმინდანის ქანდაკება შეეძინა. როცა ვკითხე, სად უნდა დაებრძანებინა, მიპასუხა, რომ ქალაქგარეთ, ნაკვეთზე, სადაც მეურნეობა აქვს მოწყობილი. მინდა, მღვდელს ვაკურთხებინოო.

როგორც საუბრიდან გავარკვიე, მის ნაკვეთს იქვე ჩამოუდის მთის წყარო, რომელსაც მთელი ის მხარე დასალევად იყენებს. ადიან მანქანებით, ბოთლებს ავსებენ და ამავე წყლით რწყავენ ბაღ-ბოსტანსაც. ძველად ქალებს იქ მიჰქონდათ სარეცხი გასარეცხად.

ლაპარაკში გართულმა, უცებ შემომხედა და: „ლალი, შენ ხომ მხატვარი ხარ? გთხოვ, ღვთისმშობლის ქანდაკება მომიხატე, რაც საჭიროა ამ საქმისთვის, ვიყიდი და მოგიტან, თანაც გადაგიხდი, რაც გადასახდელია“.

ღიმილით ვუპასუხე: „მარია, არ იდარდო, საღებავები მე მაქვს, მხოლოდ ლაქი მიყიდე, რაც შეეხება გასამრჯელოს, არ მინდა, ეს ჩემი საჩუქარი იქნება თქვენთვის და იქ მაცხოვრებლებისთვის“.

უნდა გენახათ, მარია რიჩოლინას თვალები სიხარულისგან როგორ უბრწყინავდა, მერე ცრემლი მოერია და გულში ჩამიკრა, თან ათას მადლობას მიხდიდა. მიმაც, ჩვენი მასპინძელიც, ბედნიერი იყო. მან თავად შემოგვთავაზა თავისი სახლი სამხატვრო სამუშაოებისთვის.

მარია რიჩოლინა (მარცხნივ) და მარია კარმელა

მართლაც, მარიამ ერთ კვირაში მომიტანა წმინდა მარიამის ქანდაკება და მიმასთან დადგა. სამხატვრო სამუშაოები იქ ჩავატარე, თან გულში ვლოცულობდი, უფალსა და ღვთისმშობელს ვევედრებოდი, ყველაფერი კარგად დასრულებულიყო, რადგან მარჯვენა ხელის ცერა თითი ღრმად მქონდა გაჭრილი და დასიებული ალერგიისგან,  ფუნჯის ხელში დაჭერა მიჭირდა…

ქანდაკების მოხატვას 6 საათს მოვუნდი, ფეხზე მდგომი, თუმცა ვერც გავიგე, როგორ გავიდა ეს დრო.

რამდენიმე დღეში მარია რიჩოლინამ თავის ნაკვეთში მიმიწვია ჩემს მეგობრებთან ერთად.

ხუთშაბათი დღე იყო, დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის ავედით მთაში მე და ჩემი მეგობარი თეო მარგველაშვილი, მარია კარმელაც თან გვახლდა.

მთელი სოფლის და იმ მხარის ქალები დაგვხვდნენ. მალე მღვდელიც მოვიდა, წმ. მარიამის ქანდაკება აკურთხა, ქალებმა ლოცვები წაიკითხეს, მამაომ განსაკუთრებული მადლობა გადამიხადა და დამლოცა, თუმცა კარგად იცოდა, რომ მართლმადიდებელი ვიყავი.

მოგვიანებით ახალგაზრდები შემოგვიერთდნენ და ბავშვების ჟრიამულმა ლამის გააყრუა იქაურობა. ყველამ კარგად მოვილხინეთ, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ… მარია რიჩოლინას დაეცხო პიცები, ტრამეძინები მოემზადებინა, მეზობლის ქალებსაც მოეტანათ ტკბილეულობა. მამაო ჩვენთან ერთად იყო დაღამებამდე  და საქართველოზე მეკითხებოდა. მეც ვუყვებოდი ჩემს სამშობლოზე, თუ როგორი ლამაზია და როგორი უძველესი ისტორია აქვს.

შუაღამე გადასული იყო, როცა დავბრუნდი სახლში ბედნიერი, რადგან ბოთლების ასავსებად წყაროზე წასული იქაური მაცხოვრებლები, როდესაც მანქანით წმ. მარიამის ქანდაკებას ჩაუვლიან, ყოველთვის გაახსენდებათ ქართველი მხატვარი ჯორჯიანა.

ლალი დავითულიანი

მილანი, 2019 წ.

მარია კარმელა და ლალი დავითულიანი (ჯორჯიანა)

მსგავს თემაზე: პური, სიკეთე და სიამაყე

ვენეცია და ქართველი ხელოვანები – ემიგრანტის დღიური

„ემიგრანტობა მძიმე ჯვარია, რომლის ზიდვა ყველას არ შეუძლია“

კომენტარები