ხელოვნებაბლიც-ინტერვიუ

მანანა თოდაძე: „კარგად ვიცი, ემიგრანტების გულში რა ცეცხლი ტრიალებს, რადგან წლები ემიგრაციაში ვიცხოვრე“

ქალბატონო მანანა, რა შემოქმედებითი სიახლეებია თქვენს ცხოვრებაში?

ამჟამად ახალ რეპერტუარზე ვმუშაობ, მინდა ჩემს მსმენელებსა და თაყვანისმცემლებს ახალი სიმღერები მივუძღვნა.

როგორც ვიცი, ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. რომელმა ქვეყანამ მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

ძალიან ბევრ ქვეყანაში მომიწია მოგზაურობა და ეს დიდი ბედნიერებაა. ახლა რომ ვაცნობიერებ, თუ როგორ გამიმართლა და რა საოცრებაა, იმოგზაურო მსოფლიოს გარშემო, ზოგჯერ ვფიქრობ, ნუთუ ეს მე ვიყავი?! ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე იაპონიამ მოახდინა: ასე მეგონა, სხვა პლანეტაზე მოვხვდი, ფილმის გმირი მეგონა თავი…

თუ გაქვთ რამე გამორჩეული სუვენირი უცხო ქვეყნიდან?

სუვენირებს ნამდვილად ვინახავ დღემდე და სულ ვამატებ. ბოლოს პოლონეთში ვიყავი, გდანსკში. ეს ქალაქი არის ულამაზესი და ზღაპრული. ძალიან ლამაზი სუვენირები ჩამოვიტანე.

რომელი ქვეყნის სამზარეულო მოგწონთ ყველაზე მეტად?

ყველა ქვეყანას აქვს თავისი შესანიშნავი სამზარეულო. მე, როგორც გურმანი, რამე თუ მომეწონება, როდესაც საქართველოში ვბრუნდები, ყოველთვის ვცდილობ, ისეთივე კერძი მოვამზადო.

რას ნიშნავს ქართველობა თქვენთვის და საქართველო რომ არა, სად ისურვებდით დაბადებას?

ქართველობა დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. მე ძალიან კარგად ვიცი  ჩემი ქვეყნის ფასი. ხშირად ვმოგზაურობ და სულ მონატრებაში ვარ. შორიდან უფრო კარგად ჩანს, რა ლამაზი ქვეყანაა საქართველო – თუნდაც მდებარეობით, მრავალფეროვნებით, ტრადიციებითა და კულტურით.

მე ბედნიერი ვარ, საქართველოს შვილი რომ ვარ და არ მინატრია არასოდეს სხვა ქვეყანაში დავბადებულიყავი. საქართველო არის პატარა და ძლიერი ქვეყანა, რომელსაც ბევრი ქვეყანა შენატრის. ყველა ქართველი ვალდებულია, ღირსეულად იცხოვროს და საზღვრებს გარეთ სიამაყით წარმოაჩინოს თავისი ქვეყანა.

შეიძლება, რომ ადამიანი უცხო მიწაზე ბედნიერი იყოს?

უცხო ქვეყანაში წარმოუდგენელია იყო ბედნიერი, თუ შენი ქვეყანა გიყვარს, ნოსტალგია განადგურებს… სამწუხაროდ, ადამიანები იძულებულები არიან სხვა ქვეყანაში გადაიხვეწონ, რათა ეკონომიური მდგომარეობა გაიუმჯობესონ. მე კარგად ვიცი, ემიგრანტების გულში რა ტკივილია და რა ცეცხლი ტრიალებს, რადგან გამოცდილი მაქვს – წლები ემიგრაციაში ვიცხოვრე…

რას უსურვებდით ქართველ ემიგრანტებს?

პირველ რიგში, მინდა ჩემი ქვეყანა დაწყნარდეს, დამშვიდდეს, გაერთიანდეს, გათავისუფლდეს… იზრუნოს მთავრობამ სამუშაო ადგილებზე, რათა ხალხი დაასაქმოს და ნორმალურად იცხოვრონ ოჯახებმა, რომლებიც ინგრევა გაჭირვების და უმუშევრობის გამო. არ მინდა, იძულებით გადაიხვეწოს ქართველი ადამიანი სხვა ქვეყნაში… ერის განხეთქილებამ დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას. მინდა, რომ ქვეყანა გაერთიანდეს, მთავრობამ ხალხზე იზრუნოს, იფიქროს და გააუმჯობესოს ყოფითი პირობები. აი, ასეთ საქართველოში ვუსურვებ ყველა ემიგრანტს დაბრუნებას!!!

ესაუბრა ლანა ბიბილურიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close