გამოკითხვის თანახმად, უკვე ივლისში საბერძნეთს ახალი მთავრობა ეყოლება
როგორც ცნობილია კვირას, 7 ივლისს საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა. სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვები, ფაქტობრივად, იდენტურ სურათს აჩვენებს.
ბოლო მონაცემებით ოპოზიციური პარტია „ნეა დიმოკრატია“ ამომრჩეველთა 34 პროცენტის მხარდაჭერით სარგებლობს, მმართველი „სირიზა“ 24 პროცენტით მეორე ადგილზეა. სამპროცენტიანი ბარიერის გადალახვა და პარლამენტში მოხვედრა შეუძლიათ „კინალს“ (ყოფილი „პასოკი“), საბერძნეთის კომუნისტურ პარტიას და რადიკალურ მემერჯვენე „ხრისი ავღის“. სავარაუდოდ, პარლამენტში ვერ მოხვდება საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის, იანის ვარუფაკისის ახლად დაარსებული პარტია ΜέΡΑ25 – აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაციის რეიტინგი 2.6 პროცენტს შეადგენს.
თუკი გამოკითხვის შედეგები არჩევნებით დადასტურდება, „ნეა დიმოკრატია“ 300-კაციან პარლამენტში 155 ადგილს მოიპოვებს. როგორ შეიძლება, რომ პარტიამ, რომელმაც ხმების 34 პროცენტი მიიღო, საპარლამენტო მანდატების ნახევარზე მეტი მოიპოვოს? – საბერძნეთის საარჩევნო სისტემის თავისებურებებზე შემდეგ წერილში მოგითხრობთ.
გიორგი ჯანელიძე
მსგავს თემაზე: საბერძნეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილია
კომენტარები