როგორი სიყვარულით გაჯილდოებენ ვარსკვლავები? – ზოდიაქოს ნიშნები და მითები

კონკრეტული თარიღის დასახელება, თუ როდის დაერქვა ზოდიაქოს თანავარსკვლავედებს შესაბამისი სახელები, ძნელია, მაგრამ რატომ დაერქვა, ამაზე უძველესი ადამიანების მიერ შექმნილი ულამაზესი მითები მოგვითხრობენ.

 

ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)

ზოდიაქოს ეს თანავარსკვლავედი განსაკუთრებით კარგად ჩანს სამხრეთის ქვეყნების ცის ჰორიზონტზე ნოემბრის ღამეებში. ნათელ ღამეში ვერძის ხოლმში შეუიარაღებელი თვალითაც კი ადვილი დასანახია ორმოცდაათი მკრთალი ვარსკვლავი, რომელთა ერთობლიობაშიც მშვენივრად შეძლებთ ვერძის წარმოსახვას. მის სახელთან ძალიან საინტერესო სიუჟეტია დაკავშირებული: ძველ საბერძნეთში, ბეოტიაში, ქ. ორქომენის მეფეს ცოლად ღრუბელთა უმშვენიერესი ქალღმერთი ჰყავდა. მათ ისეთი სიძლიერით უყვარდათ ერთმანეთი, რომ წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ორი არაჩვეულებრივი შვილი ჰყავდათ, ჭკვიანები, ლამაზები… ბავშვები ბედნიერად იზრდებოდნენ, მაგრამ ავმა და გრძნეულმა ქალმა სამეფო ოჯახი დაანგრია, მეფეს თვითონ გაჰყვა ცოლად და უფლისწულების დაღუპვაც განიზრახა. სწორედ ამ დროს გაჩნდა კეთილი და ალერსიანი ვერძი, რომელმაც ზურგზე შეისვა ბავშვები და იქაურობას განარიდა. ღმერთებმა იგი ხომლად აქციეს.

ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულები სიყვარულში მუდამ პირდაპირობას  იჩენენ. როგორც კი მიხვდებიან, რომ უყვარხართ, წამსაც არ დაკარგავენ თქვენს დასარწმუნებლად. ლიდერობის ნება ყოველთვის მას უნდა მისცეთ. თუ ავად გახდით, ან რაიმე უსიამოვნება შეგემთხვათ, ვერძი მუდამ თქვენთან იქნება და მალე დარწმუნდებით, რომ თქვენ მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი განძი ხართ, რასაც თავადაც უეჭველად გეტყვით.

 

კურო ( 21 აპრილი – 21 მაისი)

ჰორიზონტის უმაღლეს წერტილზეა და ნოემბრისა და დეკემბრის ღამეებში ჩანს. გარემოცულია მარჩვიბის ანუ ტყუპების თანავარსკვლავედით. წარმოსახვის არც თუ დიდი ნიჭია საჭირო, რომ 130-მდე ვარსკვლავში გაშმაგებული ხარი დაინახოთ. შეუიარაღებელი თვალით 6-7 ვარსკვლავი ჩანს, მაგრამ ამ ჯგუფში სიკაშკაშით განსაკუთრებული სიმძლავრის უამრავი ვარსკვლავია. სივრცეში მათი სიხშირის დიამეტრი 50 სინათლის წელია. ამ ლამაზ თანავარსკვლავედამდე მანძილი 500 სინათლის წელია.

ამ თანავარსკვლავედის სახელი დიდი ზევსის ვნებიან და თავდავიწყებულ სიყვარულთანაა დაკავშირებული. ზევსს თურმე სიგიჟემდე შეუყვარდა ფინიკიის ქალაქ სიდონის მბრძანებლის ასული და თეთრ ხარად ქცეული მიეახლა მას. მისი ნდობა დაიმსახურა და გაიტაცა. მითს რეალობასთან თუნდაც ის საერთო აქვს, რომ თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ვინმე შეუყვარდებათ, ყოველგვარ სიფრთხილეს და კეთილგონიერებას კარგავენ, თავდავიწყებით უყვართ და არანაირ რჩევას ყურს არ უგდებენ. რაც არ უნდა შეუძახოთ, რომ მისი რჩეული მეუღლედ არ შეეფერება, მის სიჯიუტეს ვერ შეარყევთ – მიზანს უპრობლემოდ აღწევს.

 

ტყუპი ( 22 მაისი – 21 ივნისი)

ცის კაბადონზე ყველაზე მკაფიოდ დეკემბრიდან მაისის ჩათვლით ჩანს. გარემოცულია კირჩხიბის  თანავარსკვლავედით.

ტყუპის თანავარსკვლავედის 70 ვარსკვლავიდან ყველაზე საყურადღებო ორი კაშკაშა ვარსკვლავია – ერთმანეთის გვერდით მოციმციმე ორი პოლუსი. ძველ რუკებსა და ატლასებში ტყუპს ორ ტყუპ ძმად ხატავენ, რომელთაგან ერთს ღმერთებმა უკვდავება მიანიჭეს, მაგრამ მეორე ძმის მწუხარებას რომ შეხედეს, ისიც უკვდავად აქციეს, რადგან ძალიან შეებრალათ. სწორედ მათი ძმური სიყვარულის სიმბოლოა ეს თანავარსკვლავედი.

ტყუპებმა ორიგინალური სიყვარული იციან. თავდავიწყებით უყვართ, თუმცა პარტნიორს, პირველ რიგში, მახვილი ჭკუით აფასებენ. რაც უფრო გვიან ქორწინდებიან, მით უფრო მყარი და საიმედოა ეს ქორწინება.

 

კირჩხიბი  (22 ივნისი – 23 ივლისი)

ცის კაბადონზე იანვრიდან მაისამდე ჩანს. განლაგებულია ლომისა და ტყუპის თანავარსკვლავედებს შორის. მოწმენდილ ცაზე უმთვარო ღამეში მის 60-მდე ვარსკვლავს დაითვლით. 23 ივნისს მზე ყველაზე შორსაა ეკვატორიდან. ამის შემდეგ მზე იწყებს „უკუსვლას“ კირჩხიბის მოძრაობის მსგავსად და სწორედ ეს ამართლებს მის სახელწოდებას. ამ უკუსვლით მზე კვლავ უახლოვდება ციურ ეკვატორს. ადამიანები აკვირდებოდნენ მზის ამ მოძრაობას – კიჩხიბისამებრ „უკუსვლას“ და ციური სფეროს ამ ნაწილში მოქცეულ ვარსკვლავს სწორედ ამიტომ უწოდეს ეს სახელი.

კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულები სიყვარულში ძალზე პრეტენზიულები არიან, ამიტომ გვიან ოჯახდებიან. ძალიან ეშინიათ შეცდომის დაშვების, ვინაიდან წარუმატებელი ქორწინების შემთხვევაში დიდი ხნით გამოდიან წონასწორობიდან. თუ ქორწინება ბედნიერი გამოდგა, თავიანთ რჩეულს აღმერთებენ.

 

ლომი (24 ივლისი – 23 აგვისტო)

გარემოცულია ქალწულისა და კირჩხიბის თანავარსკვლავედით. ჰორიზონტზე ყველაზე მაღლა მარტისა და აპრილის ღამეებში დგას. თანავარსკვლავედში დაახლოებით 70 ვარსკვლავია. ძველ ეგვიპტეში, როცა მარტისა და აპრილის ღამეებში ჰორიზონტზე ეს ვარსკვლავები გამოჩნდებოდა, აუტანელი სიცხეები იწყებოდა, ირგვლივ ყველაფერი უდაბნოს ემსგავსებოდა. ღამღამობით ეგვიპტელებს ესმოდათ ლომის ბრდღვინვა, რომელიც უდაბნოში დაძრწოდა და საკბილოს ეძებდა. იმ დროს გარეთ გამოსვლას ვერავინ ბედავდა, რადგან მთელი ეგვიპტე  ლომების სამეფოს ემსგავსებოდა. ამიტომ, ბუნებრივია, ამ დროს ყველაზე უფრო თვალსაჩინო ვარსკვლავთა კრებულს „ლომი“ უწოდეს. ასტროლოგთა დაკვირვებით, ჰორიზონტზე ამ ვარსკვლავთ კრებულის გამოჩენის ჟამს დიდი მეფეები იბადებოდნენ. სწორედ ამიტომ, ყველაზე კაშაკაშა ვარსკვლავს რეგული ანუ ლათინურად „მეფე“ უწოდეს. ის სიდიდით სამჯერ აღემატება მზეს.

ლომის თანავარსკვლავედის ნათლობა ჰერაკლეს გმირობასთანაა დაკავშირებული – ნემეის ლომი, რომელიც განსაკუთრებით საშიში იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ჰერაკლემ დაამარცხა და ხალხი განსაცდელისგან იხსნა.

ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულნი სიყვარულში უზომოდ ეჭვიანები არიან. აუცილებელია, რომ სულით ხორცამდე მას ეკუთვნოდეთ. იგი თქვენს ნაცვლად გადაწყვეტს, რა ჩაიცვათ, როგორი ვარცხნილობა გიხდებათ, რა წაიკითხოთ, ვისთან იმეგობროთ და, საერთოდ, როგორ გაატაროთ დღე… უმჯობესია, თუ მასთან ყოველთვის რბილი, ნაზი და ალერსიანი იქნებით. ასეთი მოპყრობით  თვით  ყველაზე შმაგ ლომსაც კი მშვიდს და უწყინარს გახდით.

 

ქალწული (24 აგვისტო – 23 სექტემბერი)

გარშემორტყმულია სასწორისა და ლომის თანავარსკვლავედებით. სამხრეთის ცის კაბადონზე, ძირითადად, ზაფხულის ღამეებში ჩანს. 95 ვარსკვლავს შორის ყველაზე ბრწყინვალეა  ვარსკვლავი სპიკა, რომელსაც ადვილად დაინახავთ, თუ „დიდი დათვის“ თანავარსკვლავედის „კუდის“ შემადგენელ ვარსკვლავთა რიგს გააგრძელებთ. ესაა ფრთოსანი ქალწული, რომელსაც ხელში თავთავი უჭირავს. სწორედ ამ თავთავში ციმციმებს სპიკა. ძველ ეგვიპტეში ცის კაბადონზე ქალწულის გამოჩენისთანავე მკა იწყებოდა.

ქალწულის ნათლობა მიწის ნაყოფიერების ქალღმერთის ერთადერთი ასულის – პერსეფონეს ბედ-იღბალმა განსაზღვრა. ზევსმა იგი ქვესკნელის აჩრდილთა სამეფოს მბრძანებელს, ჰადესს მიათხოვა, რომელმაც პირმშვენიერი ასული მოიტაცა. ქალწულის დედამ ამის გამო ძალიან მოიწყინა, მეტიც, უსაშველო მწუხარებამ მოიცვა. ყანები გახმა, საყოველთაო შიმშილობა დაიწყო, იხოცებოდა ხალხი, წყდებოდა ნადირი, პირუტყვი, ფრინველი… ზევსმა გაიგო თავისი დის მწუხარების შესახებ და პერსეფონეს დაბრუნება ბრძანა, ოღონდ იმ პირობით, რომ წლის 2/3 დედასთან გაატარებდა, 1/3 -ს კი – ქმართან. დედამ ისე გაიხარა ქალიშვილის დაბრუნებით, რომ რომ დედამიწა ისევ აყვავდა და აბიბინდა, აჭიკჭიკდნენ ჩიტები, გაიშალა ყვავილები, მაგრამ დადგა თუ არა პერსეფონეს ჰადესთან დაბრუნების დრო, ისევ მოიწყინა ბუნებამ. ასეა ყოველ წელს – როცა პერსეფონე დედასთან ბრუნდება, დედამიწაზე ხელახალი სიცოცხლე იწყება.

ამდენად, როცა ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს უყვართ, მათი გრძნობები ყოველთვის ინარჩუნებენ უმანკოებას. მისი სიყვარული ზომიერი, თანაბარი ალით ინთება და ამ ალის სითბო ყოველგვარი ცხოვრებისეული ქარტეხილისგან დაგიცავთ. თუ მისი ჭეშმარიტი სიყვარული ხართ, თქვენი გულისთვის ყოველგვარ გამოცდას გაუძლებს. სიყვარულის სახელით მას დიდი მსხვერპლის გაღება შეუძლია. ერთადერთი, რაც მას სჭირდება, ისაა, რომ გამუდმებით გვერდით ეგულებოდეთ.

 

სასწორი (24 სექტემბერი – 23 ნოემბერი)

ჰორიზონტიდან საკმაოდ მაღლაა და კარგად ჩანს ივნის-ივლისის ღამეებში. 50 ვარსკვლავიდან  ოთხი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ძველებურ, ხელის ორთეფშიან სასწორს მოგაგონებთ. ეგვიპტეში მის გამოჩენასთან სამიწათმოქმედო სამუშაოები იყო დაკავშირებული – ჭირნახულის დაბინავება მაშინ ხდებოდა, როცა მზე სასწორთან იდგა. მისი სახელი ძველმა ხალხმა სამართლიანობის ქალღმერთს დაუკავშირა, რომელიც სასწორით წონიდა სამართალსა და უსამართლობას.

სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს შეუძლიათ ისე მოგაჯადოონ, რომ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების ყოველგვარ უნარს დაკარგავთ. როცა იგი გაწონასწორებულია, თქვენს ბედნიერებას საზღვარი არ ექნება. სასწორმა არა თუ გამოიგონა სიყვარული და რომანი, არამედ ხელოვნების დონემდე აიყვანა ის.

 

მორიელი (24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)

განლაგებულია ციური ეკვატორის სამხრეთით. 13 ვარსკვლავი ქმნის კონფიგურაციას, რომელშიც შეიძლება ამოვიცნოთ გრძელი ჭანგებით შეიარაღებული მორიელი. იგი კარგად ჩანს ივლისისა და აგვისტოს ღამეებში. მორიელმა გზა გადაუღობა მზის ეტლს, რომელშიც მამის ურჩი მზის შვილი იჯდა. იგი მთელი არსებით მიისწრაფვის სიყვარულისკენ, თითქოს მხოლოდ ამისთვის არის შექმნილი. მისთვის სიყვარულში დამარცხება წარმოუდგენელია. ის ერთიათად უფრო მეტად შეგიყვარდებათ, თუ გასაჭირში იხილეთ – როცა სხვები პანიკაში ვარდებიან, იგი უშიშრად ებმება ბრძოლაში. თუ თქვენ სავსებით ენდობით მას სიყვარულში, იგი ისეთი ყურადღებიანი, მზრუნველი და ნაზი იქნება და ისეთი სიყვარულით გადაგიხდით სამაგიეროს, როგორ სიყვარულზეც ბევრს მხოლოდ ოცნება თუ შეუძლია.

 

მშვილდოსანი ( 23 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

ჰორიზონტიდან ყველაზე მაღლა დგას და კარგად ჩანს სამხრეთის ქვეყნებიდან ივლის-აგვისტოს ღამეებში. მოიცავს 115 ვარსკვლავს. მშვილდოსანი იგივე მითიური კენტავრი ქირონია. იგი ბრძენია. ცხოვრობდა ჰელიოსის მთებში. უკრავდა ოქროს ქნარზე. იყო მასწავლებელი. ასწავლიდა ნადირობას, მშვილდოსნობას, ქნარზე დაკვრას, შუბის მიზანში ტყორცნას, სამკურნალო ბალახების ცნობას, სიმღერებს… იგი იყო აქილევსის, იასონისა და ესკულაპეს (ძვ. ბერძენი ექიმი) მასწავლებელი. გარდაცვალების შემდეგ ქირონი ღმერთებმა ვარსკვლავთ კრებულად აქციეს.

მშვილდოსანს ბედი ძალიან ანებივრებს, მტრები თითქმის არ ჰყავს, მეგობრები და ახლობლები კი – ბევრი. სიყვარულში ვნებიანი, მაგრამ ცვალებადია. თუ გინდათ, მისი  ერთგულება შეინარჩუნოთ, არასოდეს  უნდა აგრძნობინოთ, რომ მასზე თავდავიწყებით ხართ შეყვარებული და თუ ასე მოიქცევით, ერთ მშვენიერ დღეს გამოგიტყდებათ, რომ მთელი ცხოვრება თქვენ დაგეძებდათ.

 

თხის რქა ( 22 დეკემბერი – 20 იანვარი)

განლაგებულია ციური ეკვატორის სამხრეთით. ყველაზე უკეთ აგვისტო-ოქტომბრის ღამეებში ჩანს 50 სუსტი ვარსკვლავით. ხომლად ქცეული თხა ზევსის მეგობარია. იგი ზევსს ეხმარებოდა მამა კრონოსთან ძალაუფლებისთვის ბრძოლაში. გამარჯვებულმა ზევსმა არ დაივიწყა მისი მეგობრობა და ხომლად აქცია.

როცა ღვთაება თხის რქის სიყვარულით დაგაჯილდოებთ, უნდა იცოდეთ, რომ მასთან სამუდამოდ დაზღვეული იქნებით ყოველგვარი ემოციური და მატერიალური მოულოდნელობისგან. თხის რქას მთელი ცხოვრება ეყვარებით, მიუხედავად იმისა, რამდენი ჭაღარა მოგემატებათ თმაში. როცა იგი გეუბნებათ: „მიყვარხარ“, მთელ ცხოვრებას გულისხმობს.

 

მერწყული (21 იანვარი – 19 თებერვალი)

გარემოცულია თევზის და თხის რქის თანავარსკვლავედებით და კარგად ჩანს აგვისტო-ოქტომბრის ღამეებში 90 ვარსკვლავით. მერწყულის გამოჩენა ცის კაბადონზე სამხრეთის ქვეყნებში შემოდგომის წვიმების ნიშანია. ძველმა ბერძნებმა ამ თანავარსკვლავედში წყლის ნაკადის სახეც ამოიცნეს. მუხლმორთხმულ მერწყულს ხელში ყურებიანი სარწყული უჭირავს  – ასეა წარმოდგენილი იგი ძველ რუკებსა და ატლასებში. მერწყული იგივე მშვენიერი ჭაბუკია, რომელიც ზევსის ჯოგს მწყემსავდა და უცებ თვალი მოჰკრა ზევსმა, წაიყვანა იგი ოლიმპის მთაზე და უკვდავება მიანიჭა. მას ღმერთების საკრებულოზე ნექტრის ჩამოტარება დაევალა.

მერწყული სიყვარულს უცნაურად ამჟღავნებს. მას უყვარს ის, რაც მისთვის მიუწვდომელია. ცოლს მაშინ მოიყვანს, როცა მისი უკანასკნელი მეგობარიც დაოჯახდება. ასეთ დროს თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ, რომ უკვე მისი ცოლი გერქმევათ. მთელი თავისუფალი დრო მას უნდა დაუთმოთ: აბა, ცოლად რატომ მოგიყვანათ?! მას მუდამ ახსოვს თავისი პირველი სიყვარული, ამიტომ მისი გრძნობები რომ არ გაფერმკრთალდეს, ჯობს პირველი სიყვარული თქვენ იყოთ.

 

თევზები (20 თებერვალი – 20 მარტი)

გარემოცულია ვერძისა და მერწყულის თანავარსკვლავედით. ცის კამარაზე ოქტომბრიდან იანვრის ბოლომდე ჩანს მისი 75 ვარსკვლავი, რომელთაგან მხოლოდ ორია საკმაოდ ნათელი და კაშკაშა. როცა მზე თევზის თანავარსკვლავედში შედის, იწყება კოკისპირული წვიმები და მოწმენდილ ცაზე კარგად ჩანს ორი თევზი. მათ კაშკაშში  ძველმა ხალხმა შეყვარებული ქალ-ვაჟი დაინახა.

უმშვენიერეს წყვილს ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ. ვაჟს მალე მრისხანე მეტოქე გამოუჩნდა, რომელსაც შეყვარებულები გამოქვაბულში ემალებოდნენ. ერთხელაც მიაგნო მტერმა მათ ადგილსამყოფელს, შეშინებული მიჯნურები ზღვაში გადაცვივდნენ და თევზებად იქცნენ. ღმერთებმა ვნებიანი სიყვარულის სიმბოლოდ ისინი ხომლად აქცია. დიდი ბაფთით დაუკავშირა ისინი ერთმანეთს და ცის კამარაზე მიუჩინა ადგილი. იქნებ ამიტომაცაა, რომ თევზის ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა განსაკუთრებული სიყვარული იციან.  ძალიან ვნებიანი სიყვარულით უკავშირდებიან მშვენიერ სქესს და მათ მიმართ გულგრილობას ვერანაირი ძალა ვერ აიძულებთ. მის ოცნებებს თუ თანაუგრძნობთ, შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს, თევზი მთელ სამყაროს მოგიძღვნით და თან არა მარტო იმას, რაც არის ან იყო, არამედ იმას, რაც მომავალში იქნება.

მოამზადა თამთა გურულმა 

პითაგორას ჰოროსკოპი

კომენტარები