ინციდენტი ათენის ავტობუსში ბერძენსა და ემიგრანტს შორის და შეკითხვა ჩვენს მკითხველს: ვინ უფრო ცივილიზებულია?
დაღლილი და ივნისის ათენური სიცხისგან შეწუხებული, დღეს ნაშუადღევს სამსახურიდან ავტობუსით სახლში ვბრუნდებოდი. ალფა 7 ხალხით იყო სავსე. ჩემსავით დაღლილი და სიცხისგან გათანგული მგზავრები საკუთარ ფიქრებში იყვნენ გართულნი.
უცბად ჩემი ყურადღება ხმაურმა მიიპყრო – ორი მგზავრი შელაპარაკდა. როგორც მივხვდი, ერთი ბერძენი იყო, ხოლო მეორე – უცხოელი (სავარაუდოდ, ერთ-ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან). რამ გამოიწვია კამათი, ვერ გავარკვიე, თუმცა შემდეგ გავიგონე, როგორ წამოაძახა უცხოელმა ბერძენს: „ყარხარ და ასეთ მდგომარეობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა მიუღებელიაო“.
„ბრალდებულს“ მეორე ბერძენი გამოესარჩლა, რომელმაც განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის უფლება ყველას აქვს, მათ შორის, მათაც, ვინც ჰიგიენის ნორმებს სრულყოფილად არ იცავს. მისი თქმით, საზოგადოება მრავალფეროვანია და ერთმანეთი უნდა ავიტანოთ. ამ მამაკაცის სიტყვებმა და მშვიდმა, დამაჯერებელმა ტონმა ისე იმოქმედა, რომ მოკამათეები დაშოშმინდნენ. მალევე ავტობუსი ჩემს გაჩერებაზე გაჩერდა და მეც ჩამოვედი.
სახლისკენ მიმავალს, ერთი კითხვა გამიჩნდა: რომელი საზოგადოება უფრო ცივილიზებულია – ის, რომელიც ყოველი წევრისგან მიღებული წესების (მათ შორის, ჰიგიენური ნორმების) ზედმიწევნით დაცვას მოითხოვს ნებისმიერ ფასად, თუ ის, რომელიც მზადაა განსხვავებულობა აიტანოს (მათ შორის, სხეულის ცუდი სუნი), თუნდაც ეს მას დისკომფორტს უქმნიდეს?
საინტერესოა, რას ფიქრობს ამაზე ჩვენი მკითხველი?
ალექსი დავითაშვილი
კომენტარები