დედამიწის მოსახლეობა საუკუნის ბოლოს 10,9 მილიარდს მიაღწევს – გაეროს კვლევა

ჰაიდერაბადის (ინდოეთი) სარკინიგზო სადგური, AP-ის ფოტო
გაეროს მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, დედამიწის მოსახლეობა 2100 წლისთვის დაახლოებით 3 მილიარდით გაიზრდება და 10.9 მილიარდს მიაღწევს. 2050 წლისთვის კი მოსახლეობის რაოდენობა დახლოებით 9,7 მილიარდი იქნება. თუმცა ეს ბოლო კვლევა მაინც უფრო მოკრძალებულ ზრდას გულისხმობს, ვიდრე აშშ-ის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც 11,2 მილიარდამდე ზრდას პროგნოზირებდა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

შობადობის გლობალური კოეფიციენტი ბოლო ათწლეულებში კლებულობს, კერძოდ, 1990 წელს ის 3,2 იყო, ხოლო 2019 წელს 2,5-ია. ცხადია, ეს საშუალო მაჩვენებლია და სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სიტუაციაა მოსალოდნელი მოსახლეობის ზრდის კუთხით. ყველაზე დიდი მატება ივარაუდება აფრიკაში, საჰარიდან სამხრეთით, ბევრ სახელმწიფოში კი მოსახლეობა შემცირდება. ინდოეთი 8 წელიწადში, 2027 წლისთვის ყველაზე მრავალრიცხოვანი სახელმწიფო გახდება და ჩინეთს გაუსწრებს მოსახლეობის რაოდენობის მხრივ. ჩინეთში, პროგნოზით, 2050 წლისთვის მოსახლეობა 2,2 პროცენტით შემცირდება (1,43 მილიარდამდე). აშშ-ის მოსახლეობა 329 მილიონიდან საუკუნის ბოლოსთვის 434 მილიონამდე გაიზრდება, თუმცა უმთავრესად მიგრაციის ხარჯზე.

კომენტარები