ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილ მიგრანტებს გერმანია მიიღებს

გერმანიის ათობით ქალაქმა, მათ შორის, ბერლინმა და როტენბურგმა, მზადყოფნა გამოთქვა, მიიღოს ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი ის მიგრანტები, რომელთა მიღებაზეც იტალიამ უარი განაცხადა. ამის თაობაზე „დოიჩე ველე“ წერს. 

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ პარასკევს 60-მდე ქალაქმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მზადყოფნა გამოთქვა, მიიღოს ის 53 მიგრანტი, რომლებიც გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „სი ვოჩის“ (Sea Watch) ხომალდის დახმარებით გასულ კვირაში ლიბიის სანაპიროსთან გადაარჩინეს.

ხელისუფლებამ ჯერ უნდა დაადასტუროს ქალაქების მოთხოვნები, სანამ მიგრანტებს გერმანიაში გადაიყვანენ. ქვეყნის შს სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გერმანული მხარის გადაწყვეტილების მიუხედავად ევროკავშირის მხარდაჭერა აუცილებელი იქნება.

იტალიის ხელისუფლებამ Sea Watch-ის ხომალდს, რომელზეც მიგრანტები იმყოფებოდნენ, იტალიის ტერიტორიულ წყლებში შესვლის უფლება არ მისცა.

კომენტარები