რას არ გაიგებ/ფაქტებიშეუცნობელი

ფრაზები, რომლებიც ფულს „აფრთხობენ“

იცით თუ არა, რომ გულში ნათქვამმა რამდენიმე ფრაზამ შეიძლება თქვენს ფინანსურ წარმატებას ხელი შეუშალოს? და თუ აზრების მატერიალურობის გჯერათ, მაშინ დაუკვირდით, რამდენად ხშირად ამბობთ ფულის „დასაფრთხობ“ გამონათქვამებს.

„მე არასდროს გავმდიდრდები“

ამის თქმა არაფრის დიდებით არ შეიძლება. საქმე ისაა, რომ თუ დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ თავს რაიმე აზრს ჩავაგონებთ, ის აუცილებლად იქცევა რეალობად. თან ფულს, ისევე როგორც წარმატებას, თავდაჯერებული ადამიანები „უყვარს“. გამოდის, რომ პესიმიზმი რაც შეიძლება შორს უნდა „გავწიოთ“ და საპირისპირო აზრებს მოვუხმოთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარი თავის რწმენა და შრომისმოყვარეობა ერთად უდიდესი წარმატების მიღწევის მყარი საფუძველია.

„ჩემი საფულე ცარიელია“

ნუ დაუშვებთ, რომ თქვენი საფულე ცარიელი დარჩეს – ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით – იქ ყოველთვის უნდა იდოს თუნდაც ერთთეთრიანი მონეტა. ამ მოსაზრებით, ცუდი ნიშანია ცარიელი საფულის ჩუქება. სხვასთან საუბარში ნუ გაუსვამთ ხაზს უფულობას, ამის მაგივრად თქვით, რომ ამ მომენტში თავისუფალი სახსრები არ გაქვთ – ასეთი ფორმულირება ნიშნავს, რომ თანხა გაქვთ, მაგრამ სხვა მიზნებისთვის გჭირდებათ.

„ამდენს არ გამოვიმუშავებ“

ნუ ჩაუნერგავთ საკუთარ თავს, რომ რაიმეს შეძენას ვერ გაბედავთ. თუ აზრობრივად გარკვეულ ფინანსურ ჩარჩოში მოექცევით, ძნელი იქნება ამ ჩარჩოს გარღვევა და უფრო მეტი თანხის გამომუშავება. ამის მაგივრად იფიქრეთ, რომ მალე თქვენი ანაზღაურება მოიმატებს, თან ურიგო არ იქნება, ამის მიღწევის რეალურ გზებზეც იფიქროთ.

„ეს რა თანხაა?!“

იმედია, ხშირად არ ამბობთ – „20 (50, 100…) ლარი რა ფულია?!“ თუ მართლა ასე თვლით, გადადეთ ეს თანხა ყოველთვიურად და ადრე თუ გვიან სოლიდურ დანაზოგს დააგროვებთ. ფულისადმი აგდებული დამოკიდებულება თუნდაც მცირე თანხის მიმართ დაუშვებელია.

„შავი დღისთვის ვაგროვებ“

თუ მუდმივად ვდებთ თანხას „შავი დღისთვის“, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეცნობიერად ამ დღის დადგომას ველოდებით. და თუ რაიმეს დიდი ხნის განმავლობაში ველოდებით, ის შეიძლება სრულიად მოულოდნელად დაგვატყდეს თავს. ამიტომაც თანხა გადადეთ, მაგრამ რაიმე პოზიტიური მიზეზით, მაგ.: სამოგზაუროდ, ავტომობილისთვის და ა. შ. „მაშველი რგოლის“ ქონა ნამდვილად სასარგებლოა, მთავარია სწორი გზავნილი.

„ეკონომია უნდა გავწიო“

მეტისმეტად ეკონომიური ადამიანები არასდროს არიან მდიდრები – ამ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებმაც სხვადასხვა შემოსავლის მქონე ადამიანები გამოკითხეს. საქმე ისაა, რომ მხარჯველ ადამიანს ამბიციები დამატებითი შემოსავლის ძიებისკენ უბიძგებს, ეკონომიურს კი – თავისი სურვილების მოთოკვისკენ.

„ბედნიერება ფულში არ არის“

ამ გამონათქვამს არსებობის უფლება აქვს – ყველა მდიდარი როდია ბედნიერი, როგორც მოგეხსენებათ, „მდიდრებიც ტირიან“… თუმცა, მეორე მხრივ, მინიმალური შემოსავლის მქონე ადამიანებშიც ბედნიერს ცოტას თუ იპოვით. ფულს შეიძლება ბედნიერება პირდაპირ არ მოაქვს, მაგრამ თქვენი ცხოვრების ხარისხის ამაღლება ნამდვილად შეუძლია, რაც ბედნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია.

თამთა გურული

ასევე დაგაინტერესებთ: ქვები, რომლებიც  უარყოფითი ენერგიისგან დაგიცავენ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close