ხათუნა კილაძე: „როგორ კარგადაც არ უნდა იყოს უცხოეთში, ემიგრანტს სულის ტკივილი აქვს მუდამ…“

ხათუნა კილაძე მეუღლესთან - ბორის ლომუაშვილთან ერთად
ხათუნა კილაძე იტალიაში ოჯახთან ერთად იმყოფება. ათი წელია მშობლიური ქვეყნიდან შორს ცხოვრობს და ბედნიერია, რომ მეუღლე და შვილებიც მის გვერდით არიან, მაგრამ როგორც ამბობს, რაც არ უნდა კარგად მოეწყოს უცხო ქვეყანაში, „ემიგრანტს სულის ტკივილი აქვს მუდამ… მონატრება და ნოსტალგია კლავს…. გიხმობს შენი მიწა, გეძახის“.

საბედნიეროდ, თავად ახერხებს რომ დროდადრო მშობლიური ქვეყანა და ახლობლები მოინახულოს და არც ემიგრანტი თანამემამულეები რჩება უყურადღებოდ – გასაჭირში არავის ტოვებს, ყოველთვის მზად არის დასახმარებლად…

თუ რა იყო ხათუნას და მისი მეუღლის, ბორის ლომუაშვილის მიზანი, როცა იტალიაში წავიდნენ, როგორ ცხოვრობენ დღეს, რატომ ეძახიან „ფიგარო კატრინს“ მეტსახელად და როგორ უწევს იტალიაში საქართველოს პოპულარიზაციას მთელი ოჯახი – ამას ინტერვიუდან გაიგებთ, წინასწარ კი ვიტყვით, რომ ახლა მათი ძირითადი საზრუნავი შვილების განათლებულ, წარმატებულ ადამიანებად აღზრდაა, რომლებიც, მათივე რწმენით, „უცხოეთში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით საკუთარ ქვეყანას გააძლიერებენ“.

ქალბატონო ხათუნა, სოციალურ ქსელში ჩემი ყურადღება თქვენმა ჩანაწერმა მიიქცია, სადაც აღნიშნავთ, რომ პროექტში გამარჯვებულ თქვენს ქალიშვილს ლონდონში განათლებას უფინანსებს იტალიის სახელმწიფო… სტუდენტია თქვენი ქალიშვილი? რა პროექტზეა საუბარი?

მარიამი გახლავთ იტალიის ტექნიკური ინსტიტუტის მოდის სისტემის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი. პარალელურად სწავლობს კემბრიჯის სკოლაში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა პროექტი „PR EDUCATION“, მარიამი 18 წარჩინებულ სტუდენტს შორის აღმოჩნდა და სასწავლებლად ლონდონში გაემგზავრა. მარიამი ნიჭიერი გოგონაა და მისთვის ეს გამარჯვება ერთი ჩვეულებრივი წარმატებათაგანი იყო, თუმცა მე ამ პოსტით, ვფიქრობ, იმედი და რწმენა ჩავუსახე ქართველ დედებს, რომლებიც უამრავი სირთულის მიუხედავად ცდილობენ თავიანთი შვილების საუკეთესო მომავლის შექმნას აქ, ამ უცხო ქვეყანაში.

მარიამ ლომუაშვილი

„ამ უცხო ქვეყანაში“ თქვენ დღეს მთელი ოჯახით იმყოფებით. მოგვიყევით როგორ აღმოჩნდით იტალიაში, როგორი იყო ეს გზა? ალბათ არაერთი პრობლემის გადალახვა მოგიხდათ, მით უმეტეს, მთელი ოჯახი ერთად რომ ყოფილიყავით…

მე და ჩემმა მეუღლემ, ბორის ლომუაშვილმა 10 წლის წინ დავტოვეთ 2 მცირეწლოვანი შვილი უდიდესი ფინანსური პრობლემების გამო და ჩამოვედით იტალიაში, ქ. მანტოვაში. ხშირად ღამის გასათევიც არ გვქონდა, თუმცა ერთმანეთის სიყვარულმა და თანადგომამ იმდენად შეგვადუღაბა, რომ ყველა პრობლემა უძლური აღმოჩნდა ჩვენ წინაშე. უფლის მადლითა და კეთილი ადამიანების თანადგომით მალე სამსახურიც გამოგვიჩნდა და დავიწყეთ ახალი ცხოვრება, თუ შეიძლება ასე ითქვას. ემიგრაციაში დაუგეგმავად გაჩნდა ჩვენი მესამე შვილი – ელენე, რომლის დაბადებამაც განაპირობა ჩვენი ოჯახის გამთლიანება – მარიამი და ლუკაც ჩამოვიყვანეთ იტალიაში საცხოვრებლად. მარიამი მაშინ ცხრა წლის იყო, ლუკა – რვის.

სად ცხოვრობთ ამჟამად, როგორი გარემოა ირგვლივ, ქართველები არიან?

ვცხოვრობთ ქ. მანტოვაში, რომელსაც მოფერებით ხაშურს ვეძახი (იცინის). მიყვარს ეს ქალაქი თავისი თბილი, ღიმილიანი მანტოველებით. როგორც ვიცი, 3000-მდე ქართველია მანტოვის რეგიონში. აქ განსაკუთრებულ ქართველებს ნახავთ, ერთმანეთის სიყვარულითა და თანადგომით გამორჩეულთ.

ხაშურიდან ხართ?

დიახ, მეუღლე ხაშურელია, მეც ხაშურის რაიონის ულამაზესი ისტორიული სოფლიდან, წაღვლიდან გახლავართ. დავით მეფის მცირე რეზიდენცია იყო ჩემს სოფელში წინათ, დღეს კი ყველაზე გულიანი და გემრიელი ხალხი ცხოვრობს. ჩემი შვილების დაჟინებული თხოვნით იქ მიწა ვიყიდეთ და სახლიც ავიშენეთ. ეს ის ადგილია, სადაც სულ მიგვიხარია და სულ გველიან!

მაგრამ ჯერ იტალიაში ხართ… ადგილობრივებს რა დამოკიდებულება აქვთ ქართველების და, ზოგადად, იმიგრანტების მიმართ?

იტალიელები პატივს სცემენ პატიოსან, ერთგულ ადამიანებს. ჩვენ ბევრი იტალიელი მეგობარი გყვავს, რომლებიც არაერთხელ დაგვიდგნენ გვერდში და დაგვიმტკიცეს მეგობრობა.

როგორ ფიქრობთ, იტალიელებსა და ქართველებს შორის არის რაიმე საერთო?

მსგავსება ნამდვილად არის, თუმცა ბევრი რამის სწავლა მოგვიწევს ამ ჭკვიანი, მშრომელი ერისგან. შრომისა და დროის ფასი იციან. საკუთარი ქვეყნის პატივისცემა და დაფასება იციან. არ გვაწყენდა ამ ქვეყნისგან ყველაფერი კარგი ავიღოთ და შევითვისოთ.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას იტყოდით, ემიგრანტის ყველაზე დიდი პრობლემა რა არის?

ემიგრანტს სულის ტკივილი აქვს მუდამ, როგორ კარგადაც არ უნდა იყოს უცხოეთში, მაინც ვერ იწყობს სრულყოფილ კომფორტს და ბედნიერებას. მე აქ ოჯახით ვარ, დედა, და, დისშვილები, უამრავი ახლობელი ადამიანი აქეთაა, მაგრამ სულს მაინც მონატრება და ნოსტალგია კლავს. გიხმობს შენი მიწა, გეძახის. მივატოვებ ხოლმე ყველაფერს და მოვდივარ, ჩავეხუტები ჩემს სამშობლოს, მოვილოცავ ჩვენს მადლიან ტაძრებს, მოვეფერები ჩემს ახლობლებს და სულიერად ვივსები.

საინტერესოა, რას ფიქრობდით, როცა იტალიაში მოდიოდით, რა იყო თქვენი მიზანი და დღეს რას ფიქრობთ, ადგახართ მიზნისკენ მიმავალ გზას?

ჩემი თავდაპირველი მიზანი ფინანსური პრობლემების მოგვარება იყო, თუმცა უფალმა შემაძლებინა უცხო ქვეყანაში ადგილი დამემკვიდრებინა და ახლა ჩემი მიზანია ჩემი შვილების განათლებულ, წარმატებულ ადამიანებად აღზრდა, რომლებიც უცხოეთში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით საკუთარ ქვეყანას გააძლიერებენ.

ფიქრობთ საქართველოში დაბრუნებაზე?

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნება არარეალურად მეჩვენება, რადგან ჩემი შვილები – ლუკა, მარიამი და ელენე აქ იღებენ განათლებას და საკმაოდ წარჩინებული მოსწავლეები არიან. მაგრამ მჯერა, რომ მალე დავუბრუნდებით ჩვენს ფესვებს მხრებგაშლილები და ჩემი შვილებიც თავიანთ ცოდნას ჩვენს ქვეყანას მოახმარენ.

ლუკაც სტუდენტია, ხომ?

დიახ, ლუკა მანტოვის ტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტია ფინანსებისა და კრედიტის განხრით. საერთოდ, 15 წლიდან მუშაობს, ძალიან მოხერხებული და გულიანი ბიჭია, დედას ჰგავს :), ყოველთვის მზადაა ქართველთა დასახმარებლად! მადლობა უფალს, ღვთისნიერი ოჯახი მყავს, მადლიანი.

მე და ჩემმა მეუღლემ უამრავი განსაცდელის მიუხედავად შევძელით მიგვეცა ჩვენი შვილებისთვის ყველაფერი, რაც განათლებას და სრულყოფილ ადამიანებად ჩამოყალიბებას ეხება. მათი მასწავლებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩვენი შვილების თვალები სხვანაირად ბრწყინავს. სამადლობელიც ბევრჯერ მიგვიღია მათი საუკეთესო, ჰუმანური თვისებებისთვის (თავის ქებაში ნუ ჩაგვითვლით, ვინც გვიცნობს, დამეთანხმება). ოჯახში მთავარი სიყვარულია და ეს უფალმა გვიბოძა უხვად – სიყვარული ერთმანეთის და მოყვასის! მინდა ვიყო მაგალითი ქართული ოჯახის სიძლიერისა და სიყვარულისა აქ, ამ უცხო მიწაზე, რაც ჩემი არაჩვეულებრივი მეუღლის უდიდესი დამსახურებაა. მე მას საჯაროდ ვუხდი მადლობას. აქვე მინდა ახალგაზრდა ოჯახებს ვუთხრა: განსაცდელი ყოველთვის იქნება, სულიერად არ დაეცეთ, ერთგულება და სიყვარული შეინარჩუნეთ და უფალი დაგასაჩუქრებთ იმ წმინდა ტაძრით, რასაც ძლიერი ოჯახი ჰქვია!

იტალიაში დაბადებულმა და გაზრდილმა პატარა ელენემ იცის ქართული? გყავდათ საქართველოში? რას გეუბნებათ ხოლმე?

ელენემ, რა თქმა უნდა, იცის ქართული. წერა და კითხვა დამოუკიდებლად ისწავლა. მიუხედავად იმისა, რომ აქ დაიბადა, სასწაულად უყვარს საქართველო. რა თქმა უნდა, ყოველ წელს ვუშვებ საქართველოში, ესეც ეხმარება ენის ათვისებაში და სიამაყით ჰყვება შემდეგ ქართულ ისტორიებს იტალიელებთან. საინტერესო გოგოა, მრავალმხრივ ნიჭიერი, ბალერინაა, კონცერტი ჰქონდა 16 ივნისს დიდ სცენაზე. დარბაზი დაინგრა, ისეთი კარგი გამოსვლა ჰქონდათ.

პატარა ბალერინა – ელენე

წარმატებები ელენეს! ძალიან საყვარელი გოგოა.

დიდი მადლობა. უნდა გაიცნოთ, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, როგორი ბავშვია…

დედაჩემი, ჩემი და და დისშვილებიც ჩემთან არიანო, მითხარით…

დიახ, დედა 8 წელია აქ მყავს, ჩემი და და დისშვილებიც აქ არიან. გოგონა – ნინი ლომიძე 15 წლისაა, უნიჭიერესი გოგოა, მშობლიურ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული. ფსიქოლოგიურად უჭირს, სულ თვალცრემლიანი საუბრობს ხოლმე საქართველოზე, მეგობრებზე. სამაგიეროდ, მის ძმას, ლევანიკოს არ გაუჭირდა, უცებ აუღო ალღო სიტუაციას, უპრობლემოდ გაითავისა და გაიადვილა სწავლაც და ურთიერთობებიც. სკოლაში რომ მივიყვანეთ, არავინ იფიქრებდა, 3 თვის ჩამოსული თუ იყო, წარჩინებული მოსწავლეა. ორივე ლუკას და მარის სკოლაში დადის, სადაც ყველა დიდი სიყვარულით შეხვდათ. მახსოვს, ნინოს არ იღებდნენ არსად, რა პროფილიც თვითონ უნდოდა, მაგრამ ლუკას და მარის ისეთი ავტორიტეტი აქვთ სკოლაში, უპრობლემოდ მიიღეს. საკმაოდ ძლიერი სკოლაა, მაგრამ აქაც ჭრის ნაცნობობა, ბატონო! 🙂

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ სკოლაში სისტემა აქვთ არაჩვეულებრივი, დახვეწილი, ჰუმანური, ჰყავთ ყურადღებიანი, მოსიყვარულე პედაგოგები. მშობელთა კომიტეტები მიზანმიმართულად მუშაობენ ნებისმიერი პრობლემის აღმოსაფხვრელად სკოლაში, ბავშვები კი ძალიან თბილები და მეგობრულები არიან.

მოდით, აქვე ყველაზე ამაღელვებელი მომენტი გაიხსენეთ თქვენი ათწლიანი ემიგრანტული ცხოვრებიდან, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა თქვენზე…

ყველაზე ამაღელვებელი ჩემი აქ ჩამოსვლიდან 2 წლის შემდეგ ჩემს შვილებთან შეხვედრა იყო. ვიგრძენი, როგორ გავცოცხლდი მათი დანახვისას. დედობის სრული ბედნიერება შევიგრძენი, როცა სამივე შვილი გულში ჩავიხუტე. ვუთანაგრძნობ ყველა დედას, რომელიც შვილების გარეშე ცხოვრობს უცხოეთში: თქვენ ხართ გმირი დედები!

თქვენც გმირი დედა ხართ, მოახერხეთ და უცხო ქვეყანაში შვილებიც გვერდით გყავთ, რაც დიდი ბედნიერებაა… მაგრამ მაინც, მშობლიური ქვეყნიდან შორს მყოფი, რის სიცარიელეს გრძნობთ და რა გივსებთ ამ სიცარიელეს?

ამას ჩემზე უკეთ ჩემი შვილები და დისშვილები ახერხებენ. სკოლაში, სადაც ისინი სწავლობენ, აუცილებლად ნახავთ კედელზე გაკრულ რუკაზე შემოხაზულ საქართველოს, ქართული დროშით. ქართული „გამარჯობით“ შეგებებულ მასწავლებელს, ქართული ფრაზებით ამეტყველებულ მეგობრებს, ქართული ანბანით დაინტერესებულებს; ქართული ხაჭაპურითა და ღვინით აღფრთოვანებულებს; ჩვენი შვილები ცდილობენ და ახერხებენ კიდეც იყვნენ, დესპანები ჩვენი ქვეყნისა და წარმოაჩინონ საქართველო ევროპაში.

შვილებთან და დისშვილებთან ერთად

მე კი ყველაზე მეტად ჩვენი ეკლესია-მონასტრები მენატრება. მადლობა დასავლეთ ევროპის ეპარქიას იმ შეუფასებელი ღვაწლისთვის, რასაც ჩვენი სულიერებისთვის აკეთებს. მადლობა ჩვენი სამრევლოს წინამძღვარს, მამა კირიონ მაჩაიძეს, თითოეული ემიგრანტის ჭირისა და ლხინის გამზიარებლს, რომ დგას ჩვენ გვერდით და გვაძლიერებს. ქართული წირვა-გალობის მოსმენა ხომ უდიდესი მადლია ქართველთათვის!!

თქვენც ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ – ტურისტული სააგენტო გაქვთ შექმნილი, ქართველებს ათვალიერებინებთ იტალიას…

დიახ, აქ შევქმენი პატარა ტურისტული სააგენტო „GEORGIAN TOUR – ქართული ტური“, რომელიც ექსკურსიებს აწყობს არა მარტო იტალიაში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ტურისტული ჯგუფი, ძირითადად, ქართველი ემიგრანტებისგან შედგება, თუმცა გვყავს უკრაინელი და იტალიელი წევრებიც, ვმასპინძლობთ ქართველ ტურისტებსაც. ასე ვცდილობთ ცხოვრება გავიხალისოთ და ემიგრანტული წლების სიმძიმე შევიმსუბუქოთ. ვმოგზაურობთ, შევიმეცნებთ და ვაგროვებთ ლამაზ წუთებს.

იტალიელებს როგორ აცნობთ საქართველოს?

იტალიელებმა იციან, რომ საქართველო უძველესი კულტურის და ტრადიციების ქვეყანაა. ჩვენც ვაცნობთ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ჩემი მეუღლე აქტიურობს, დაუღალავად უყვება საქართველოზე ყველას, დიდსა თუ პატარას.

თქვენ რა მოგწონთ იტალიაში ყველაზე მეტად?

ღიმილიანი სახეები და საკუთარის პატივისცემა მომწონს.

უამრავი ქართველის პატრონია იტალიაშიო, თქვენზე მითხრეს. ოჯახი, სამსახური… როგორ ახერხებთ, რომ თანამემამულეები ყურადღების გარეშე არ დატოვოთ?

არ ვთვლი, რომ რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებ, ეს ხომ ჩემი ადამიანური ვალია. ჩემთვის არ არსებობს ბარიერი, როდესაც გაჭირვებულ ადამიანს ვხედავ, მზად ვარ უანგაროდ ვემსახურო, განსაკუთრებით ახალ ჩამოსულებს, ხშირად ერთი იმედიანი სიტყვაც კი მათ ცხოვრებას უხალისებს. აქ განსაკუთრებით უჭირთ საბუთის გარეშე მყოფ ადამიანებს. მახსოვს, როგორ აღმოჩნდა პოლიციის განყოფილებაში უსაბუთო გოგონა. ამის შესახებ რომ დამირეკეს, მივატოვე ყველაფერი და დასახმარებლად გავეშურე, სადეპორტოში გადაჰყავდათ. იმ გოგონას ბედნიერმა თვალებმა გადაწონა ყველა საყვედური, რაც სამსახურში მივიღე. მადლობა უფალს, უდიდეს ძალას მაძლევს ხშირად. მეც მიკვირს ჩემი თავის, როგორ შემიძლია ამდენი.

ერთ ისტორიას გავიხსენებ: არაჩვეულებრივ ოჯახში ვმუშაობდი, უსაყვარლესი ბაბუა მყავდა, მარშალი კოლეტი, შოთა პაპას ვეძახდი (აქ ყველაფერსა და ყველას ქართულს ვუკავშირებ), ჰოდა, 16.00 საათზე უნდა გამომეყვანა ჩემი პაპა ცენტრიდან, სადაც ცხრა საათზე მყავდა დატოვებული, მე კი 11.00 საათზე პირდაპირი ჩართვა გავაკეთე ტრენტოს ულამაზესი ტბიდან (იტალ. Trento ქალაქი იტალიაში, მდინარე ადიჯეს ხეობაში, ტრენტინო-ალტო ადიჯეს რეგიონის დედაქალაქი). უცებ ვხედავ, მომდის მესიჯი: „კატერინა, გეთაყვა, მამას ხომ გამოიყვან დღეს ცენტრიდან?“ (იცინის). კი, რა თქმა უნდა-მეთქი, მივწერე. „ფიგარო კატრინს“ და, რა ვიცი, რას აღარ მეძახიან ჩემი მეგობრები ამ ხასიათის გამო.

„ფიგარო კატრინის“ ყველაზე დიდი სურვილი რა არის?

ჩემი სურვილია, ქალაქში (მანტოვა – თ. ო.) გაიხსნას საკვირაო სკოლა და ქართველმა ბავშვებმა ქართული განათლება მიიღონ. მჯერა, რომ შევძლებ ამ მიზნის მიღწევას ჩვენი ემიგრანტი ბავშვებისთვის.

ვფიქრობ, არ გაუჭირდება თქვენი ხასიათის ადამიანს და თანაც ფილოლოგს…

საჭიროება მოითხოვს და შევძლებ!

წარმატებებს გისურვებთ! დაბოლოს, რას ეტყოდით ემიგრანტ თანამემამულეებს?

ემიგრანტ თანამემამულეებს ვუსურვებ სულიერ სიძლიერეს: თქვენ ხართ გმირები, რომლებმაც საკუთარი თავი და პირადი ინტერესები შესწირეთ თქვენი ოჯახის კეთილდღეობას.

ჩვენ დავუბრუნდებით ჩვენს მიწა-წყალს და გავაძლიერებთ ღვთივკურთხეულ ჩვენს სამშობლოს!

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

მსგავს თემაზე: ეკა ცაბაძის „ანტიდეპრესანტი“ ემიგრაციაში და გზა წარმატებისკენ

კომენტარები