„მშვიდობით, ძვირფასო მაესტრო“ – ფრანკო ძეფირელი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
იტალიელი კინორეჟისორი ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა. იგი 96 წლის იყო. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს. გარდაცვალებამდე (15 ივნისი) რეჟისორი დიდხანს ავადმყოფობდა და მისი მდგომარეობა ბოლო თვეებში გაუარესდა.
ცნობილია, რომ ფრანკო ძეფირელის ფლორენციაში, Porte Sante-ს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ხელოვანთან გამოთხოვების ცერემონია 17 ივნისს გაიმართება რომის მერიაში, კაპიტოლიუმის ბორცვზე, შემდეგ კი მაესტროს მშობლიურ ფლორენციაში გადაასვენებენ.
ფრანკო ძეფირელის ნამდვილი სახელი და გვარია ჯანფრანკო კორსი. იგი ფლორენციაში დაიბადა 1923 წელს… თავიდან არქიტექტურას სწავლობდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომმა შეუშალა ხელი. ომის პერიოდში ძეფირელი იტალიის წინააღმდეგობის მოძრაობის პარტიზანი იყო, შემდეგ კი, როდესაც მოკავშირეები სიცილიაზე გადასხდნენ და შეძლეს აპენინის ნახევარკუნძულზე გადასვლა, შოტლანდიური გვარდიის თარჯიმნად მუშაობდა.
იგი უკვე ომის შემდეგ გაიტაცა თეატრმა და კინომ: თამაშობდა უნივერსიტეტის თეატრში, იყო თეატრის დეკორაციების და კოსტიუმების მხატვარი, მუშაობდა ლუკინო ვისკონტის ფილმებისა და სპექტაკლებისთვის.
1953 წელს ძეფირელიმ, უკვე რეჟისორის რანგში, La Scala-ს სცენაზე როსინის „კონკია“ დადგა. სპექტაკლს წარმოუდგენელი წარმატება ხვდა წილად. შემდგომში მან კიდევ დადგა ოპერები La Scala-ში, Covent Garden-ში, Metropolitan Opera-ში, ვენის და რომის ოპერის თეატრებში.
კინოში ძეფირელის დებიუტი 1957 შედგა. მისი პირველი ფილმი მოკლემეტრაჟიანი იყო – „კემპინგი“. როგორც კინოს რეჟისორს, მას პოპულარობა მოუტანა შექსპირის ეკრანიზაციებმა: „ჭირვეულის მორჯულება“ (1967) და „რომეო და ჯულიეტა“ (1968). „რომეო და ჯულიეტასთვის“, სადაც მთავარ როლებს ლეონარდ უაითინგი და ოლივია ჰასი ასრულებენ, იგი ნომინირებული იყო „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო რეჟისორი.
აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი: ძეფირელი ორჯერ იყო არჩეული იტალიის სენატში (პარლამენტის ზედა პალატა) სილვიო ბერლუსკონის პარტიიდან.
„ფრანკო ძეფირელი, მსოფლიო კულტურის ერთ-ერთი დიდებული ადამიანი, დღეს დილით გარდაიცვალა. მშვიდობით, ძვირფასო მაესტრო, ფლორენცია არასდროს დაგივიწყებს“, – დაწერა დღეს ფლორენციის მერმა დარიო ნორდელამ Twitter-ზე.
ნინო ბაჯელიძე
მსგავს თემაზე: იტალიური კინოს „უკანასკნელი იმპერატორი“ გარდაიცვალა
კომენტარები