ზოდიაქოს ნიშნები – დადებითი და უარყოფითი თვისებები
ამ ჰოროსკოპში სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების დადებით და უარყოფთ თვისებებზე ვისაუბრებთ. თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ სიმართლეს თვალებში შეხედავთ, თან იუმორს მოიშველიებთ და რეალობას ობიექტურად შეაფასებთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ 100%-იანი სიზუსტე არანაირ ზოგად დახასიათებას არ აქვს და, მით უმეტეს, ჰოროსკოპებს.
ვერძი
უარყოფითი თვისებები
ძალიან ვულგარული, უხეში და დაუნდობელია. უყვარს გადამლაშებული ხუმრობები და არც სასმლის მიმართ არის მწყრალად. ფულის ხარჯვისას ზომიერების გრძნობას კარგავს, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ ოჯახური ცხოვრებისას ფულს მას არ ანდობთ. ვალის აღება უყვარს, გადახდა – არა. ენერგიის მოჭარბებისას შესაძლოა სრულიად უბრალო მიზეზის გამო ატეხოს აყალმაყალი. მასთან მეგობრობა საკმაოდ ძნელია.
დადებითი თვისებები
ქალი: ოპტიმისტია და ინიციატივით გამოირჩევა. მისთვის ქალურ და მამაკაცურ საქმიანობას შორის განსხვავება არ არსებობს. მზად არის ყველაზე მძიმე სამუშაოც კი თავად იტვირთოს და მაქსიმალურად კარგად გააკეთოს.
მამაკაცი: უანგარო რაინდია. სამართლიანობის აღსადგენად ყველაფრისთვის მზად არის, არანაირ გამოწვევას არ ერიდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოწინააღმდეგე მასზე შესამჩნევად ძლიერია. რა პრობლემაა, მისთვის ხომ მთავარი სიმართლეა.
კურო
უარყოფითი თვისებები
თავი ალტრუისტად მოაქვს, სინამდვილეში კი ადამიანებისადმი ზიზღით არის გამსჭვალული. პირფერი, ძუნწი და ჭორიკანაა. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად საკმაოდ ზრდილობიანი და მოკრძალებულია, ბავშვობიდან ცდილობს ოჯახის წევრების საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას. არავის ენდობა და ნებისმიერი სახის პრივილეგიის მისაკუთრებას ცდილობს. თავს დიდ ინტელექტუალად მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში მისი ცოდნა არცთუ ისე საფუძვლიანია.
დადებითი თვისებები
ქალი: განსაკუთრებული სიფაქიზით და სისუფთავით გამოირჩევა. მაქსიმალურად მომთმენი და რბილი ხასიათი აქვს. არაჩვეულებრივი დიასახლისი და კულინარია. სტუმრად წასვლას ურჩევნია თავად მიიღოს და გაუმასპინძლდეს ახლობლებსა და მეგობრებს.
მამაკაცი: საკუთარ ცხოვრებას თავადვე ქმნის – ნელ-ნელა და საფუძვლიანად. ირგვლივ მყოფების მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩევა. გურმანია და ძალიან აფასებს მრავალფეროვნებას კულინარიაში.
ტყუპი
უარყოფითი თვისებები
მარადიული ბავშვია. ტყუპების ინტელექტი მათსავე ემოციურობას უახლოვდება. ერთადერთი, რაც ნამდვილად უყვართ, არაფერზე საუბარი და ლატარიის თამაშია. აზრებს და შეხედულებებს ტანსაცმელივით სწრაფად იცვლიან. ვერ იტანენ გონებრივ და ფიზიკურ დაძაბულობას. უყვართ სტუმრების მიღება, მაგრამ ხელმომჭირნეობა არც ამ შემთხვევაში ავიწყდებათ.
დადებითი თვისებები
ქალი: შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოს. გონებამახვილი და კარგი მოსაუბრეა. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა, მით უმეტეს, რომ არასოდეს ცდილობს, თავი სამყაროს ცენტრად წარმოგვიდგინოს.
მამაკაცი: საკმაოდ ჭკვიანია და კარგი მეხსიერება აქვს. ზოგჯერ მას „ცოცხალ ენციკლოპედიასაც“ კი უწოდებენ. აქვს ყველაფრის გაგებისა და შეცნობის სურვილი.
კირჩხიბი
უარყოფითი თვისებები
საკუთარ თავში ჩაკეტილი კონსერვატორია. შეხედულებებს ვერავინ და ვერაფერი შეაცვლევინებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლოგიკურად დაუმტკიცებთ, რომ ცდება. შიშის გამო შეუძლია შეტევაზე პირველი გადავიდეს. თავს ყველას შეუვალ და მოთმინებით აღჭურვილ ადამიანად აჩვენებს, თუმცა თვალთმაქცობს. უყვარს კომფორტი და სიმშვიდე, მაგრამ თუ ამას ვერ აღწევს, ჯავრს ირგვლივ მყოფებზე იყრის.
დადებითი თვისებები
ქალი: საოცრად მგრძნობიარეა. ირგვლივ მყოფებს ფრთხილად ეპყრობა, რათა უნებურად არაფერი აწყენინოს. ადამიანს პირველივე დანახვისას სწორად აფასებს – თითქმის არასოდეს ცდება. შესანიშნავი დედა და მეუღლეა.
მამაკაცი: ძალიან უყვარს ოჯახი. საოცრად გულჩვილია. ინტუიციურად გრძნობს პიროვნების შინაგან სამყაროს. გაჭირვებულს ყოველთვის მხარში უდგას.
ლომი
უარყოფითი თვისებები
ბავშვობიდანვე ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. მისმა ქედმაღლობამ შესაძლოა ნებისმიერ გვედით მყოფს სიცოცხლე მოუწამლოს, მოთხოვნილებებმა კი ნებისმიერი „ბანკი“ გააკოტროს. ზარმაცია, მაგრამ მუდმივად სწავლობს და საკუთარ თავზე მუშაობს, რათა სანდო ადამიანის იმიჯი შეიქმნას. მის განდიდების მანიასა და განუმეორებლობის რწმენას ვერავინ და ვერაფერი შეარყევს.
დადებითი თვისებები
ქალი: გულთბილი, ალერსიანი და ამაყია. მუდამ მოვლენათა ცენტრში ყოფნას მიელტვის. მზადაა გაჭირვებულს ყოველთვის გაუმართოს ხელი, თუდაც იმ მომენტში თავადაც არ ჰქონდეს საქმეები წესრიგში.
მამაკაცი: მუდმივად ილტვის შემოქმედებითი თვითგამოხატვისა და თვითდახვეწისკენ. სურს ყველას სჯობდეს. უდიდეს სასიცოცხლო ძალას ასხივებს. მტრების მიმართ დიდსულოვანია.
ქალწული
უარყოფითი თვისებები
პედანტიზმის გამო ხშირად აუტანელია. უყვარს წუწუნი. ახასიათებს სიძუნწე. მისთვის უცხოა ნებისმიერი იმპროვიზაცია. გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვის ცივი გონებით ფიქრობს და ყველაფერს ანგარიშობს. ცდილობს იმაზე გაცილებით ჭკვიანი და სოლიდური გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია, რაც საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს.
დადებითი თვისებები
ქალი: შრომისმოყვარე და მომთხოვნია როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. უყვარს, როდესაც კეთილსინდისიერად შესრულებული საქმის გამო აქებენ. ვერ იტანს პირმოთნეობას.
მამაკაცი: საოცრად მიზანმიმართული და შრომისმოყვარეა. ცხოვრებისგან ზედმეტს არაფერს ითხოვს. მოვალეობის გამძაფრებული გრძნობა აქვს. კრიტიკულია როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემო მყოფთა მიმართ.
სასწორი
უარყოფითი თვისებები
იუმორის გრძნობა ატროფირებული აქვთ. თუ რაიმეში არ უმართლებთ, უყვართ მიზეზების სხვაგან ძიება და სხვისთვის გადაბრალება, არადა მიზეზი საკუთარ მოუხერხებლობასა და ქარაფშუტობაში უნდა ეძებონ.
დადებითი თვისებები
ქალი: ელეგანტური და ტაქტიანია. ნებისმიერ წინააღმდეგობრივ სიტუაციაში საოცრად გაწონასწორებულ ხასიათს ავლენს. აქვს სილამაზის თანდაყოლილი აღქმის უნარი.
მამაკაცი: მასში განსაკუთრებით გამძაფრებულია სამართლიანობის გრძნობა, მაგრამ მუშტებს არასოდეს იყენებს. არასასიამოვნო საკითხების გადაჭრას ყოველთვის დიპლომატიურად ცდილობს. გამორიცხულია იუხეშოს, როგორ სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდეს.
მორიელი
უარყოფითი თვისებები
მისგან ღალატი, სიცრუე და ინტრიგების ხლართვა არ უნდა გაგიკვირდეთ – ყოველივე ამისგან დიდ სიამოვნებას იღებს. საკმაოდ საშიში ადამიანია. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მის შესახებ გარშემო მყოფებს საუკეთესო აზრი შეექმნათ, რათა შემდეგ თავისუფლად შეძლოს ზურგიდან თავდასხმა და, რაც მთავარია, „მსხვერპლი“ სრულიად მოუმზადებელი დაუხვდეს. ასტროლოგიური დაკვირვებების თანახმად, ბოროტმოქმედთა უმრავლესობა ამ ნიშნის ქვეშაა დაბადებული. დემონურად ინტელიგენტური და მტაცებლურად ფსიქოპათიურია.
დადებითი თვისებები
ქალი: გრძნობებში საკმაოდ მყარი და უშიშარია. მზად არის, ბედისწერის ნებისმიერ სიმუხლთეს გაუძლოს, რადგან საკუთარ ძალებში მაქსიმალურად არის დარწმუნებული.
მამაკაცი: უმაგალითოდ ვაჟკაცური და მამაცია. მოჭარბებული ეგოიზმის წყალობით ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში ლიდერი ხდება, გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს და პასუხისმგებლობის არ ეშინია. არის შესანიშნავი ფსიქოლოგი.
მშვილდოსანი
უარყოფითი თვისებები
აგრესიული ოპტიმისტია, ჯიუტი პიროვნება, რომელთან ცხოვრებაც ძალიან რთულია. ნებისმიერი მდარე გამოთქმა თუ ქცევა მის აღტაცებას იწვევს. ასაკში შესული ხშირად ჰყვება ისტორიებს, რომლებიც ვითომ მას გადახდა თავს, რითაც ცდილობს ირგვლივ მყოფებს თავი საინტერესო ადამიანად წარუდგინოს.
დადებითი თვისებები
ქალი: მთელი ცხოვრების განმავლობაში მსოფლმხედველობის გაფართოებაზე ფიქრობს. ძალიან უყვარს მოგზაურობა, ოცნებობს, მსოფლიოს ყველა კულტურული მიმდინარეობა კარგად გაიცნოს და მათი თვითმყოფადობა შეიცნოს.
მამაკაცი: შესანიშნავი ორგანიზატორია, სამართლიანი და მამაცი. შეუძლია მთელი ცხოვრება ერთ საქმეს შეალიოს, მთავარია მას ეს საქმე აინტერესებდეს და მნიშვნელოვნად თვლიდეს.
თხის რქა
უარყოფითი თვისებები
სახლშიც და სამსახურშიც ნამდვილი ტირანია. უყვარს წუწუნი და შეუძლია ნებისმიერი წვრილმანის გამო დიდი აურზაური ატეხოს. მისი დაჩოქება მხოლოდ ფიზიკური ძალით ან აშკარად გამოხატული მორალური სიძლიერით შეიძლება. შურისმაძიებელია – წყენას არასოდეს ივიწყებს. მისთვის ნებისმიერი სახის აღმაფრენა უცხოა.
დადებითი თვისებები
ქალი: მტკიცე ხასიათი აქვს. ნებისმიერ რთულ სიტუაციაში გამოსავალს ყოველთვის მოძებნის. ყველგან და ყველაფერში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს.
მამაკაცი: პასუხისმგებლობის საოცარი გრძნობით გამოირჩევა. გამორიცხულია, რაიმე მიზნად დაისახოს და ამ მიზანს არ მიაღწიოს. მისთვის შეუსრულებელი სურვილი არ არსებობს.
მერწყული
უარყოფითი თვისებები
საშინლად ძუნწია, რის გამოც, პირველ რიგში, საკუთარ თავს არაერთ სიამოვნებას აკლებს. არასოდეს აბრუნებს ნასესხებ ფულს. ძალიან უყვარს ჭორაობა და მზადაა ნებისმიერი ახლობლის გასაჭორად. ყოველთვის თავისას „ამტკიცებს“ და ისე ცხოვრობს, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ.
დადებითი თვისებები
ქალი: მისი მთავარი მახასიათებელი ინდივიდუალიზმია. გარშემო მყოფებშიც ინდივიდუალურობას და პიროვნულ თვისებებს აფასებს. საკუთარ აზრს თავზე არასოდეს არავის ახვევს, თუმცა არც სხვის მოსაზრებებს ითვალისწინებს.
მამაკაცი: უამრავი ნაცნობი ჰყავს, მათ შორის ჭეშმარიტი მეგობარი ძალიან ცოტაა, სამაგიეროდ მეგობრობა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება, რადგან თავადაც უღალატო მეგობარია.
თევზები
უარყოფითი თვისებები
ეს ადამიანები მთელი ცხოვრება საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან, იწყებენ რაღაცის მტკიცებას, მერე რამდენიმე დღეში უმზეზოდ იცვლიან აზრს და საპირისპიროს ამტკიცებენ. უყვართ ტყუილები და ფანტაზიორობა, რაც ხელს უშლით რეალურ ცხოვრებაში. მათი გაგება ძალიან ძნელია. მოქმედებენ პრინციპით: ხელოვნება ხელოვნებისთვის. თუ მასზე ძლიერი ადამიანის გავლენის ქვეშ მოექცა, შესაძლოა იმ ადამიანის იარაღად იქცეს.
დადებითი თვისებები
ქალი: კარგად ესმის ადამიანების და ყოველთვის იზიარებს ირგვლივ მყოფების ტკივილსა და სიხარულს. მისთვის უცხოა მეტოქეობის გრძნობა. კეთილმოსურნეა.
მამაკაცი: გულისხმიერი და თანაგრძნობით სავსეა. ირგვლივ მყოფებს უშურველად უნაწილებს სიყვარულს და იმედით აღავსებს.
მოამზადა თამთა გურულმა
მსგავს თემაზე: პითაგორას ჰოროსკოპი
კომენტარები