ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ნინო ზარდიაშვილის პატარა ემიგრანტული ოჯახი კანადაში და სამშობლოში დაბრუნების გეგმა

ნინო ზარდიაშვილი 20 წლის იყო, საქართველოდან საფრანგეთში რომ წავიდა სასწავლებლად, რამდენიმე წლის შემდეგ კი საფრანგეთიდან კანადაში გაემგზავრა, სადაც ამჟამად მეუღლესა და 2 წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. 
ინტერვიუში ნინო უცხოეთში თავისი სტუდენტური და ემიგრანტული ცხოვრების საინტერესო ისტორიებს გვიყვება, მათ შორის, გვესაუბრება კანადაში ცხოვრების სირთულეებსა და უპირატესობებზე, ამ ქვეყანაში ლეგალური ცხოვრების და მუშაობის უფლების მოპოვების შესაძლებლობებზე და, რაც მთავარია, თავის პატარა ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნების გეგმაზე…
თბილისიდან პარიზში

გამარჯობა, ნინო, დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ და ინტერვიუზე დაგვთანხდით. როგორც ვიცი, ამჟამად კანადაში ცხოვრობთ, თუმცა განათლება საფრანგეთში მიიღეთ. მოგვიყევით თქვენიფრანგულიისტორია

დაახლოებით 10 წლის ვიქნებოდი, როცა ელისომ პარიზში სასწავლებლად წასვლის იდეა შემომთავაზა. ელისო ტარასაშვილი დედაჩემის ბიძაშვილია, საქართველოდან საფრანგეთში წასული პირველი ემიგრაციის შთამომავალი. იდეამ იმდენად მომხიბლა, რომ წლების მანძილზე სორბონაში სწავლის გეგმებს ვაწყობდი.

2005 წელს სკოლა დავამთავრე, ეროვნული გამოცდები ჩავაბარე და თსუ-ში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა დავიწყე, თან ფრანგულში ვემზადებოდი. 2007 წლის სექტემბერში კი ფრანგული ენის კურსებზე წავედი პარიზში. ერთი წელი სორბონაში ფრანგულის კურსებზე ვსწავლობდი, ფრანგული ენის გამოცდის ჩაბარების შემდეგ კი დიდროს უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარებას ვგეგმავდი (მიუხედავად იმისა, რომ 2 წელი თბილისში ვისწავლე, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა მაინც პირველი კურსიდან უნდა დამეწყო), თუმცა თარიღები ამერია და ფაკულტეტზე განაცხადის მიღების ვადაში ვერ ჩავეტიე. სრულიად შემთხვევით, სორბონის ახალი უნივერსიტეტის (Université Paris 3 Sorbonne Nouvelle) თანამედროვე ლიტერატურის ფაკულტეტზე აღმოვჩნდი. ლიტერატურა ყოველთვის მიყვარდა. უნივერსიტეტი იმდენად მომეწონა, რომ იქ 3 არაჩვეულებრივი წელი გავატარე – ბაკალავრიატი დავამთავრე.

2010 წელს, ლიტერატურის ფაკულტეტის პარალელურად, დიდროს უნივერსიტეტში (Université Paris 7, Diderot) ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პირველ კურსზე დავიწყე სწავლა. 2010-2011 წლები საკმაოდ რთული იყო ჩემთვის, უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტში დავრბოდი, საღამოობით კი ძიძად ვმუშაობდი, დაწყებითი კლასების ორ და კოლეჯის ერთ მოსწავლეს კი კვირაში სამ-სამი დღე ვამეცადინებდი.

საფრანგეთში იმაშიც გამიმართლა, რომ თბილისის „მწვანე სახლის“ (ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი) და ელისოს წყალობით ფრანგი ფსიქოანალიტიკოსები გავიცანი. ერთ-ერთი მათგანის, ფსიქოანალიტიკოს ქალბატონ კატრინ სალადინის წყალობით, მეორე კურსზე ერთწლიანი სტაჟი მოვძებნე აუტისტ მოზარდებთან. ამასთანავე, ვესწრებოდი სემინარებს და კონფერენციებს. ძალიან საინტერესო იყო და საინტერესო ხალხს ვხვდებოდი. ამავე პერიოდში დავიწყე მარკ ბელასენისა და ოლგა შავერნეს წიგნის, „აუტისტი ბავშვის“ თარგმნა, რომელიც „მწვანე სახლის“ ფსიქოლოგების რედაქტირების შემდეგ გამომცემლობა „დიოგენემ“ გამოსცა 2014 წელს. კატრინ სალადინთან სადილზე წიგნის ავტორს ოლგა შავერნეს შევხვდი.

პარიზში ყველაზე რთული ბინის შოვნაა, თუმცა მე ძალიან გამიმართლა, მთელი ოთხი წელი (პარიზში ყოფნის პერიოდში) ელისოსთან ვცხოვრობდი. ეს ძალიან დამეხმარა, ფინანსურადაც და ფსიქოლოგიურადაც, დიდად ნოსტალგიის გრძნობა არ მაწუხებდა. ელისო და ანა (ელისოს შვილი, რომელიც ჩემი ასაკისაა) ოჯახის დანაკლისს მივსებდნენ, ზაფხულობით კი თბილისში ჩამოვდიოდი.

2012 წელს კანადაში, ქალაქ მონრეალში წავედი მეუღლესთან და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი მონრეალის უნივერსიტეტში დავამთავრე.

20 წლის გოგონასთვის, რომელიც სრულიად უცხო ქვეყანაში სასწავლებლად ჩავიდა, რა იყო მთავარი სირთულეები და როგორ დაძლიეთ?

ყველაზე რთული ალბათ ენის ბარიერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ფრანგულში ვემზადებოდი, ჩასვლისთანავე მივხვდი, რომ კიდევ ბევრი რამ მქონდა სასწავლი. მახსოვს, პირველივე დღეს ჩემმა დეიდაშვილმა ანამ კაფეში თავის მეგობრებთან ერთად წამიყვანა. ეს იყო საშინელება! ვერ გეტყვით, ზუსტად რამდენი ხანი ვიყავით, თუმცა უსასრულოდ მომეჩვენა – რაღაც ცალკეული სიტყვების გარდა არაფერი მესმოდა!

კულტურული განსხვავებაც დიდია. პარიზი დიდი ქალაქია, ბევრი ხალხი ირევა და ამდენ ხალხში ხშირად დაბნეული ვიყავი.

გამიმართლა, რომ მარტო არ ვცხოვრობდი. ელისოს ბევრ რამეს ვეკითხებოდი და ისიც ფრანგულ კულტურასა და საზოგადოებრივ წესებზე ბევრ რამეს მიყვებოდა. თან ენის კურსებზე ვსწავლობდი და იქ ჩემნაირი ახალჩამოსულები გავიცანი. მათთან ურთიერთობა უფრო მარტივი იყო, ენის კომპლექსიც არ მაწუხებდა.

საფრანგეთში სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობდით?

მიუხედავად იმისა, რომ ბინაში და საჭმელში ფული არ მეხარჯებოდა, მუშაობა ჩასვლიდან მალევე დავიწყე. პარიზი ძალიან ძვირი ქალაქია და საკუთარი ფული აუცილებლად მჭირდებოდა. ბავშვებს ვიტოვებდი საღამოობით. პირველი ბავშვი ინტერნეტ ანონსით ვიპოვე, დანარჩენები კი იმ ბავშვის ბაღელები იყვნენ.

მოგვიანებით, ენა რომ კარგად ვისწავლე, რამდენიმე ბავშვს გაკვეთილების მომზადებაში ვეხმარებოდი და ბევრად უკეთესი ანაზღაურება მქონდა, ვიდრე ბეიბისიტერს. სხვათა შორის, ეს ბავშვები ნაცნობობით ვიპოვე.

თქვენს მეუღლესაც საფრანგეთში შეხვდით, ხომ? მოგვიყევით მასზეროგორ გაიცანით, რა მოგეწონათ

სიმონი პარიზში გავიცანი, ჩასვლიდან რამდენიმე თვეში, საერთო მეგობრების წყალობით. სიმონი ლიბანელია და პარიზში უკვე დიდი ხნის ჩასული იყო. იმ პერიოდში ორ მაგისტრატურაზე სწავლობდა – ფილოსოფიას და ხელოვნების ისტორიას.

ყველაზე ძალიან ალბათ სიმონის იუმორმა და ცხოველების სიყვარულმა მომხიბლა.

პარიზიდან – მონრეალში

საფრანგეთში შეუღლდით და შემდეგ კანადაში წასვლა გადაწყვიტეთ?

სიმონს კანადის ემიგრაციის განაცხადი ჩემს გაცნობამდე ჰქონდა შევსებული. 2009 წელს დადებითი პასუხი მოუვიდა, 2011 წელს კი კანადაში გადასახლდა. მე პარიზში დავრჩი. რამდენჯერმე ჩემს სანახავად ჩამოვიდა. 2012 წლის თებერვალში ლიბანში წავედით არდადეგებზე და ჯვარიც იქ დავიწერეთ (საკმაოდ სპონტანურად გადავწყვიტეთ, გეგმის მიხედვით, ზაფხულში კანადაში უნდა ჩავსულიყავი და ხელი იქ მოგვეწერა). 2012 წლის ივლისში მონრეალში გავემგზავრე საცხოვრებლად.

კანადაშიც სწავლობდით, ხომ? და თან მუშაობდით?

თავიდან იქაც ვსწავლობდი. მონრეალის უნივერსიტეტი დავამთავრე, თუმცა პარიზისა და მონრეალის უნივერსიტეტების შედარებაც არ შეიძლება. აქაური უნივერიტეტი ბევრად მდიდარია, მაგრამ უინტერესო, თითქოს სულ ერთსა და იმავეს იმეორებენ, ლექციები თვალსაჩინოებაზეა აგებული და სკოლის შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოსდა დასწავლაზეა დაფუძნებული.

სტუდენტობის პერიოდში და ცოტა მერეც აუტისტ ბავშვებთან ვმუშაობდი; ვიმუშავე აუტისტების ბანაკშიც, სადაც ზრდასრული აუტისტებიც იყვნენ.

ამჟამად მონრეალის საჯარო ბაღებში ვმუშაობ და ძალიან მომწონს. უამრავ ხალხს ვხვდები და ყოველდღიურად ახალ-ახალ რამეს ვსწავლობ.

საფრანგეთის შემდეგ როგორ შეეგუეთ კანადის განსხვავებულ კლიმატს, ცხოვრების წესს და იყო თუ არა ეს რთული თქვენთვის? მით უმეტეს, რომ უკვე პატარა გოგონაც გყავთ და მთლიანად დამოუკიდებლად გიწევთ მისი გაზრდა.

მონრეალი ფრანგულენოვანი ქალაქია. პარიზისგან განსხვავებით ძალიან მწვანე და მშვიდია, ხანდახან ცოტა მოსაწყენიც კი. ხალხს აქ ძალიან უშუალო ურთიერთობები აქვთ, ყველა იღიმის, თუმცა გრძელვადიან ურთიერთობებს ხალხი ნაკლებად ინარჩუნებს.

ზაფხულობით ყველა ველოსიპედით დადის. ჰყავთ დიდი მანქანები, უსმენენ როკს, ბევრ მამაკაცს გრძელი წვერი და თმა აქვს, ლიტრობით ლუდს სვამენ. რა თქმა უნდა, ჰოკეი ნაციონალური სპორტია და მონრეალის გუნდი თუ თამაშობს, ქალაქის ქუჩებში კაცის ჭაჭანება არ არის.

კლიმატი მართლაც რომ ძალიან ცუდია, ზამთარში ძალიან ცივა. შეიძლება ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, მაგრამ ზაფხული ძალიან ცხელი და ნესტიანია. ძალიან ცვალებადი ტემპერატურაა და შეიძლება 24 საათში 20 გრადუსის განსხვავება იყოს.

ხანდახან ზაფხულს ისევ ზამთარი მირჩევნია, თუმცა ისეთი საშინელება არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ქალაქი სიცივისთვის ადაპტირებულია. ბევრ ადგილას მეტროდან გასვლა არც გიწევს, ყველგან თბილა. ის კი არადა, -20 გრადუსში ხალხი პარკებში ციგურაობს და ღია ფესტივალებზე ერთობა. ცხადია, თბილად ჩაცმა აუცილებელია, თუმცა მე რაღაც განსაკუთრებული ტანსაცმელი არასოდეს მცმია.

ორი წლის გოგონა გვყავს და მისი დაბადების შემდეგ კლიმატმა უფრო შეგვაწუხა. -20 გრადუსში ბავშვთან ერთად საკმაოდ ძნელია სადმე წასვლა. ისედაც მხოლოდ ორნი ვზრდით ლიზას. ოჯახი აქ არ გვყავს და ეგეც არაა მარტივი. ბაღში დადის, თუმცა ლიზა როცა ბაღშია, ჩვენ სამსახურებში ვართ. სამსახურის მერე კი – ლიზასთან. ეს ორი წელია, ძალიან რუტინული ცხოვრება გვაქვს. თითქოს ბეიბისიტერი ვიპოვეთ, მაგრამ მალე ის გოგონა საფრანგეთში დაბრუნდა. ახალს ვეძებ, მაგრამ საკმაოდ ძნელი საპოვნელია. არც ძალიან ახალგაზრდა მინდა (17 წლის მაინც რომ იყოს), ძალიან ხშირადაც არ მჭირდება, თან მირჩევნია, ახლოს ცხოვრობდეს.

კანადის სახელმწიფო მცირეწლოვან ბავშვებს დახმარებას აძლევს? როგორ უწყობს ხელს ახალგაზრდა ოჯახებს?

ჩვენ ორ დახმარებას ვიღებთ – კვებეკის პროვინციისა და კანადის სახელმწიფოსგან. დახმარება ყველა ოჯახს ეძლევა, თუმცა თანხა შემოსავლის მიხედვით წელიწადში ერთხელ თავიდან იანგარიშება.

კანადის მოქალაქეობა გაქვთ? რა არის საჭირო იმისათვის, რომ იმიგრანტი ამ ქვეყნის მოქალაქე გახდეს?

შვიდი წელია აქ ვცხოვრობ. მოქალაქეობა არ მაქვს, თავი ვერ მოვაბი აპლიკაციის შევსებას, აი, ახლაც ვაპირებ, ამ დღეებში. კანადის მოქალაქეობისათვის პერმანენტ-რეზიდენტის სტატუსით („გრინ კარტასავითა“), სულ ცოტა, 3 წელი უნდა გქონდეს კანადის ტერიტორიაზე გატარებული. ასევე, უნდა ფლობდე კანადის ორი სახელმწიფო ენიდან (ინგლისური და ფრანგული) ერთ-ერთს მაინც. საკმაოდ მარტივი პროცედურაა.

რამდენად რთული იყო თქვენთვის და თქვენი მეუღლისთვის კანადაში სამუშაოს მოძებნა?

სამსახურს გააჩნია, კვალიფიციური სამსახურის მოძებნა არც ისე ადვილია. შეიძლება წარმოუდგენლად ჟღერდეს, თუმცა ვაკანსიების 70% (კერძო სექტორში) არსად არ იძებნება. სამსახურში ნაცნობობით (რეკომენდაციით) აჰყავხართ. ჩვენ მაინცდამაინც არ გაგვჭირვებია. სიმონი გაყიდვების სფეროში მუშაობს, მე – ბაღში, თუმცა უკეთეს პოზიციაზე მეტი ძებნა მოგვიხდებოდა. ჩვენ-ჩვენი სამსახურები გვიყვარს, სტრესული არაა და შვებულებაც ადვილი ასაღებია.

მეგობრები გყავთ კანადაში? ქართველ ემიგრანტებს თუ იცნობთ?

მონრეალში ბევრი ქართველი არ ცხოვრობს, როგორც ვიცი, დაახლოებით 100 ოჯახია. ტორონტოში ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს. იქ უფრო იცნობენ ერთმანეთს. ქართული ეკლესიაც არის, რესტორანიც. როგორც ვიცი, მონრეალში ქართული საკვირაო სკოლის გახსნას აპირებენ. ძალიან კარგი იქნება, თუ გამოვა. აქ რამდენიმე ქართულ ოჯახს ვიცნობ, რამდენიმესთან კარგად ვმეგობრობ. ქართველების ნახვა აქ ყოველთვის მიხარია, თუმცა არასოდეს სპეციალურად მაინცდამაინც ქართველებს არ ვუმეგობრდები.

კანადა ძალიან ნარევი ხალხითაა დასახლებული. ყველა კონტინეტიდან არიან ჩამოსულები…

რა მოგწონთ კანადაში ყველაზე მეტად, რასაც საქართველოშიც ისურვებდით?

ცხოვრების მაღალი დონის გარდა, რომელიც, ცხადია, ყველას მოსწონს, კანადელების პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობაა დასაფასებელი. დილით ყველა ადრე დგება და ძალიან ბევრს მუშაობს. ახალგაზრდები 15-16 წლიდან საკმაოდ მძიმედ შრომობენ და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას იღებენ.

ასევე ვისურვებდი, ქართველი ხალხი კანადელებივით მომღიმარი და მხიარული ყოფილიყოს. კანადელების სხვებისადმი ტოლერანტობაც ძალიან მომწონს, ისინი ყველას თანასწორად უყურებენ.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი მონრეალის მწვანე პარკები და მათი სამოქალაქო აქტივობა ძალიან მომენატრება.

ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კანადა ყოველწლიურად მილიონზე მეტ მიგრანტს იღებს, რადგან მუშახელი სჭირდება და რომ კანადაში ლეგალური ცხოვრების უფლების მოპოვება მარტივია. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და თქვენ რა იცით ამის შესახებ?

კანადა ემიგრაციის ქვეყანაა. ძალიან ბევრი ემიგრანტია და ყოველწლიურად ახლებს იღებს (ზუსტად რამდენს, ვერ გეტყვით, კვოტა ყოველწლიურად იცვლება), თუმცა შერჩევითი ემიგრაციის პრინციპი აქვთ. კვალიფიციურ კადრებს ეძებენ. პერმანენტ-რეზიდენტის სტატუსის მოსაპოვებლად კანდიდატს რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება უწევს (ენის ცოდნა, უმაღლესი განათლება, ასაკობრვი ზღვარი, ნასამართლეობის ცნობა, სამედიცინო ცნობა…). განცხადება კანადის საიმიგრაციო სამსახურის საიტზე ივსება. საკმაოდ ხანგრძლივი და ძვირი პროცედურაა.

პერმანენტული რეზიდენტების გარდა კანადა ყოველწლიურად იღებს ლტოლვილებს. ახლა ბევრი სირიელი ლტოლვილი ჩამოვიდა. საქართველო საშიში ქვეყნების სიაში არ შედის და ჩვენი მოქალაქეებისათვის ლტოლვილის სტატუსის მოპოვება საკმაოდ რთულია.

ხშირად მინახავს ინფორმაცია, თითქოს კანადის მთავრობა ახალჩამოსულებს ბინებს ჩუქნის ან სამსახურს უძებნის. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. აქ თუ ჩამოხვედით, თქვენ თვითონვე უნდა დაიწყოთ ახალი ცხოვრება. ცხადია, არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ახალჩამოსულებს ეხმარებიან, თუმცა დახმარებას უფრო ინფორმაციული ხასიათი აქვს.

ნინო, როგორც ვიცი, თქვენი სახლის მეპატრონეც ემიგრანტიაოღონდ მოლდოვიდან, რომელიც რამდენიმე ხანს ფიზიკურად მუშაობდა და შეძლო კაპიტალის დაგროვება. თუ შეგიძლიათ მოგვიყევით მისი ისტორია, საინტერესოა.

ძალიან ბევრი მოლდოველია აქ, მათ შორის, ჩვენი სახლის პატრონი. იგი 10 წლის წინ ჩამოვიდა და ჩრდილო კვებეკში ხისმჭრელად დაიწყო მუშაობა. რამდენიმე წელიწადი იმუშავა და ფული დააგროვა. ახლა რამდენიმე კორპუსის მფლობელია და უძრავი ქონების სააგენტო აქვს.

ეს 10 წლის წინ იყო, როგორც ვიცი, დღეს უკვე ბევრად რთულია ფულის ასე დაგროვება.

რამდენად ხშირად ახერხებთ საქართველოში ჩამოსვლას და თქვენი ოჯახის მონახულებას? ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

წელიწადში ერთხელ ჩამოვდივართ და, რადგან ასე შორიდან მოვდივართ, 1 ან 2 თვეს ვრჩებით. ყველაზე ხშირად საყვარელი ადამიანები და მათთან გატარებული დრო მენატრება.

როგორც მივხვდი, საქართველოში დაბრუნებას აპირებთ

აუცილებლად ვაპირებ დაბრუნებას საქართველოში. დიდი ხნით წასვლა არასოდეს მდომებია და უკვე მე-12 წელია, უცხოეთში ვარ… გამიმართლა და საქართველო სიმონსაც ძალიან მოსწონს. ლიზა რაც დაიბადა, დაბრუნებაზე უფრო აქტიურად დავიწყეთ ფიქრი. ჩვენი გეგმებით, 2020 წლის სექტემბერში უნდა დავბრუნდეთ. ცხადია, ცოტა გვეშინია, ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი. რაღაც იდეაც გვაქვს, თუმცა საქართველოში დაბრუნებულები, ზუსტად რას გავაკეთებთ, ჯერჯერობით არ ვიცით.

ესაუბრა ნინო წულაია

მსგავს თემაზე: „მომავალი თქვენს ხელშია, გინდა კანადაში ყოფილხართ და გინდა საქართველოში“

ვის შეუძლია კანადაში გამარტივებული წესით მუდმივი ბინადრობის უფლების მიღება?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close