კვიპროსელი მანიაკი: წითელ ტბაში კიდევ ერთი ჩემოდანი იპოვეს გვამით

კვიპროსზე სერიული მკვლელის დანაშაულებების გამოძიება გრძელდება. გუშინ იპოვეს მესამე ჩემოდანი, რომელშიც მორიგი მსხვერპლის გვამი იყო მოთავსებული.

reporter.com.cy-ს ინფორმაციით, მესამე „სიკვდილის ამანათიც“ წითელ ტბაში (მიცერო) აღმოაჩინეს, მკვლელის აღიარებითი ჩვენებების შემდეგ. ტბის ფსკერიდან ამოღებულ ჩემოდანში, დიდი ალბათობით, 29 წლის მარიკარ ვალდეს არგიოლას ცხედარი იყო მოთავსებული – ფილიპინელი ახალგაზრდა ქალი მანიაკმა 2017 წლის დეკემბერში მოკლა.

5 მაისს მყვინთავებმა ამავე ტბის ფსკერიდან ამოიღეს მეორე ჩემოდანი, რომელშიც, სამართალდამცველთა ვარაუდით, 8 წლის ელენას, 36 წლის რუმინელი ლიბიას ქალიშვილის ცხედარი იყო. დედა-შვილი მეტაქსასმა 2016 წლის ოქტომბერში მოკლა.

სერიული მკვლელის მსხვერპლთა გვამების საპოვნელად კვიპროსის პოლიციამ ჰიდროლოკატორის სისტემა აამოქმედა.

„ობიექტი რობოტიზებული კამერის დახმარებით აღმოვაჩინეთ და მისი ადგილმდებარეობა მოვნიშნეთ. შემდეგ მყვინთავმა ტბაში ჩაყვინთა და ამოიტანა ჩემოდანი, რომელშიც ნეშტი იყო მოთავსებული“, – განაცხადა მარკოს ტრანგოლასმა, კვიპროსის სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსმა.

აპრილის ბოლოს პოლიციელებმა ამავე ტბაში იპოვეს პირველი ჩემოდანი, რომელშიც ქალის სხეული იყო მოთავსებული. სავარაუდოდ, ისიც მანიაკის ხელით დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს კვიპროსის პოლიციამ 35 წლის სამხედრო მოსამსახურე ნიკოს მეტაქსასი დააკავა, რომელმაც აღიარა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში 5 უცხოელი, ემიგრანტი ქალი და მათგან ორის შვილები – 6 და 8 წლის 2 გოგონა მოკლა. ერთი მოკლული ქალის და ერთი ბავშვის გვამი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის. ცნობილია, რომ ნაპოვნი ქალებიდან 3 ფილიპინელი იყო, ერთი – ნეპალელი და ერთიც, სავარაუდოდ, რუმინელი.

მეტაქსასი მომავალ მსხვერპლს გაცნობის საიტის მეშვეობით პოულობდა, რომელზეც „ორესტისის“ სახელით იყო დარეგისტრირებული; პოლიცია მის პროფილს სწავლობს, რათა დაადგინოს, დაკავებულს სხვა მკვლელობებიც ხომ არ აქვს ჩადენილი.

დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა კვიპროსის პოლიცია თავისი მოვალეობის არასათანადოდ შესრულებაში დაადანაშაულეს. პოლიცია უარს ამბობდა მიეღო განცხადება მათი ახლობლის გაუჩინარების შესახებ და გამოძიებას არ ატარებდა.

3 მაისს კვიპროსის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის პოლიციის მეთაური, წინა დღით, 2 მაისს კვიპროსის იუსტიციის მინისტრი გადადგა.

ამავე თემაზე:

კვიპროსელი ოფიცერი სერიული მკვლელობებისთვის დაიჭირეს, გამოძიება საბერძნეთშიც მიმდინარეობს

ამ დროისთვის კვიპროსელი სერიული მკვლელის 7 მსხვერპლია ცნობილი

კვიპროსელი მანიაკი თუ ნაცისტი? – კუნძულზე ბრიტანელი ფსიქოლოგები ჩავიდნენ

კვიპროსელი მანიაკის მორიგი მსხვერპლის ნეშტი იპოვეს

კომენტარები