ათენის რაიონ გლიფადაში სომეხი მამაკაცი ჩაცხრილეს
ათენის რაიონ გლიფადაში, ავტოსადგომზე უცნობებმა 41 წლის სომეხი მამაკაცი მოკლეს. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპული ფინანსურ მაქინაციებში იყო შემჩნეული და მისი მკვლელობა მაფიის კლასიკურ ანგარიშსწორებას ჰგავს.
5 ივნისს, დილით ადრე მიწისქვეშა ავტოსადგომზე, დედაქალაქის გლიფადის რაიონის კარაისკაკის მოედანზე მდებარე შენობის ქვეშ, უცნობებმა სომეხი მამაკაცი ჩაცხრილეს (პოლიციამ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი საბერძნეთის მოქალაქე იყო, წარმოშობით სომეხი). ავტოსადგომი მისი საცხოვრებელი სახლის ქვეშ მდებარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქილერებმა 41 წლის მამაკაცს 5-6-ჯერ ესროლეს. იგი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციის ცნობით, მკვლელები ორი იარაღიდან ისროდნენ, რომელთა კალიბრი იყო 7,62 მმ და 9 მმ.
მკვლელობის სურათი ე. წ. „სიკვდილის ესკადრონის“ – დაქირავებული მკვლელების ხელწერაზე მიუთითებს, რომლებიც მაფიის მიერ შეკვეთილ მკვლელობებს ასრულებენ. ამასთან, გამომძიებლები მსხვერპლს მაფიასთან უშუალოდ არ აკავშირებენ.
ისინი მამაკაცის მკვლელობის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად ფინანსურ მაქინაციებში მის მონაწილეობას ასახელებენ. მათი ინფორმაციით, მოკლულს ადრე ფულის გათეთრებაში სდებდნენ ბრალს. ახლა იკვლევენ, მკვლელობის უკან დგანან ადამიანები, რომლებიც ფულის გათეთრებასთან არიან კავშირში თუ ვიღაცას მსხვერპლის „თამაშიდან გამოთიშვა“ უნდოდა. გამომძიებლების თქმით, „სავსებით სავარაუდოა, რომ მკვლელობის უკან დგანან არა ჩვეულებრივი (კლასიკური) დამნაშავეები, არამედ ადამიანები, რომლებიც მსხვილ ფინანსურ თაღლითობებში არიან ჩართულნი“.
საბერძნეთის პოლიცია მთელი ძალებით ცდილობს ქილერების კვალზე გასვლას და დაკავებას, გამომძიებლებიც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი – მათი აზრით, მალე ექნებათ მტკიცებულებები, რომლებიც მათ შემსრულებელთა კვალზე გაიყვანენ.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები