ლანა სამხარაძე – ემიგრანტი თვითნასწავლი მხატვარი, რომელსაც საბერძნეთში თავისუფლების განცდა ხიბლავს

პროფესიით ჟურნალისტი ლანა სამხარაძე 2008 წლიდან საბერძნეთში ცხოვრობს. ხატვა ბავშვობიდან მისი თანამგზავრია, საბერძნეთშიც თან „წამოჰყვა“ და მის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმოუდგენია. ხატავს და სჯერა, რომ „ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩება, თუმცა ცოტა აქტიურობაც საჭიროა“.

„პირველად საბერძნეთში 2008 წელს ჩამოვედი. ყოველთვის მინდოდა სადმე წასვლა, გარემოს შეცვლა – ერთ ადგილას ვერ ვჩერდები. თან მაშინ ბუმი იყო, ყველა სადღაც მიდიოდა. მგონი, ახლაც ასეა. ათენში ახლობლები მყავდა და უფრო ამიტომ გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა. ჩამოვედი და მას შემდეგ ვეღარ ვტოვებ საბერძნეთს, შემიყვარდა ეს ქვეყანა, აქაურობა რაღაცნაირად მეხმარება შემოქმედებით ზრდაში“, – ამბობს ლანა nostal.ge-სთან ინტერვიუში.

ლანა, სოციალურ ქსელში თქვენს ნახატებს ვათვალიერებდი და ვფიქრობდი, რომ რიტმის საოცარი გრძნობა გაქვთ, იმდენად მუსიკალურია ბევრი მათგანი, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის… მუსიკასთანაც ხომ არ გაქვთ რაიმე კავშირი?

მუსიკის გარეშე არცერთი ჩემი ნახატი არ შეიქმნებოდა. მუსიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს ვუსმენ, თუმცა განწყობას გააჩნია. სანამ ხატვას დავიწყებ, ვარჩევ მუსიკას და მის ფონზე ვხატავ. მახსოვს, რომელი ნახატი რომელ მუსიკაზე მაქვს დახატული, თითქმის ყველა. საერთოდ, ბავშობიდან ვმღერი, მაგრამ ხატვა უფრო მომწონდა ყოველთვის.

მუსიკაზე დადიოდით?

არა, მუსიკაზე არ მივლია, მაგრამ სკოლაში მუსიკალურ კონცერტებში ყოველთვის ვმონაწილეობდით მე და ჩემი და, ნანა სამხარაძე. ძალიან მიყვარს სიმღერა. ვფიქრობ, მუსიკის სიყვარული მამისგან მომყვება, რომელიც, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ მყავს და დღემდე მიჭირს ამაზე ფიქრი და საუბარი. აი, ხატვის ნიჭი კი, მგონი, გენეტიკურად მერგო დედისგან, მხატვარ მაია ნაჭყებიასგან, თუმცა დედა სულ სხვა სტილში ხატავს და ხატვის გარდა კიდევ ბევრი რამ ეხერხება, თუ შეიძლება ასე ითქვას. მაგალითად, ძალიან უყვარს ხეზე მუშაობა, ინტერიერის მეტად საინტერესო დეტალებს აკეთებს და ჩვენთან სახლში ვინც შემოდის, მაშინვე ხვდება, რომ იქ ხელოვანი ხალხი ცხოვრობს.

როგორც ვიცი, პროფესიით ჟურნალისტი ხართ, სად მუშაობდით?

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე ჟურნალისტიკის განხრით, მაგრამ, როგორც ჟურნალისტს, არსად მიმუშავია.

სამხატვრო აკადემიაში რატომ არ ჩააბარეთ?

სიმართლე გითხრათ, ხატვა ჩემი ჰობი უფრო იყო, თუმცა ეს სიტყვა არ მიყვარს, თითქოს არასერიოზული დამოკიდებულების შეგრძნებას მიტოვებს. ვფიქრობ, ხატვის მხრივ რა ნიჭიც აქვს ადამიანს, ჰობი კი არ უნდა იყოს, არამედ პროფესიად უნდა აქციოს და ამ პროფესიით თუ თავსაც ირჩენს, მგონი, დიდი მიღწევაა რეალურ ცხოვრებაში. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, ასე არ ხდება, მაგრამ ვთვლი, რომ თუ გაქვს ნიჭი, შეუმჩნეველი არ დარჩება. ცოტა აქტიურობაც საჭიროა, რა თქმა უნდა.

საქართველოში გამოფენა ხომ არ გქონათ, სანამ ემიგრაციაში წახვიდოდით?

არა, საქართველოში გამოფენა ჯერ არ მქონია, მაგრამ აუცილებლად მოვაწყობ. მინდა ყველა ნახატს ერთად მოვუყარო თავი, ერთ სივრცეში. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი და დადებითი ენერგიით დამუხტული გამოფენა იქნება.

რამდენი ხანია რაც საბერძნეთში ხართ და ეს თქვენს შემოქმედებაზე როგორ აისახა? 

საბერძნეთში დიდი ხანია რაც ვარ; თავიდან 6 წელი ვცხოვრობდი, მერე საქართველოში დავბრუნდი, მაგრამ მალე ისევ ათენში წამოვედი. აქ ყოფნა ჩემზე და ჩემს შემოქმედებაზე მნიშვნელოვნად აისახა. შეიძლება ითქვას, რომ აქ ჩამოსვლამ შეცვალა ჩემი ხატვის სტილი, გახდა ფერადი, გაიზარდა ფორმატი და იხვეწება. 6 წლის წინათ მხოლოდ შავ-თეთრი ნახატები მქონდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ასეთ ფერებში დავხატავდი. დღემდე მიკვირს.

პირველად როდის წახვედით საბერძნეთში და უცხო გარემოში ადაპტირება რამდენად ადვილად მოახერხეთ?

პირველად საბერძნეთში 2008 წელს ჩამოვედი. ყოველთვის მინდოდა სადმე წასვლა, გარემოს შეცვლა – ერთ ადგილას ვერ ვჩერდები. თან მაშინ ბუმი იყო, ყველა სადღაც მიდიოდა. მგონი, ახლაც ასეა. ათენში ახლობლები მყავდა და უფრო ამიტომ გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა. ჩამოვედი და მას შემდეგ ვეღარ ვტოვებ საბერძნეთს, შემიყვარდა ეს ქვეყანა, აქაურობა რაღაცნაირად მეხმარება შემოქმედებით ზრდაში.

ადაპტირება მალევე შევძელი, სადღაც ორ თვეში. მალე ვისწავლე ბერძნული ენა – საკმაოდ ადვილი აღმოჩნდა ჩემთვის. თუმცა თავიდან რთული იყო – როცა არ გესმის რას გეუბნებიან, დიდი პრობლემაა. გარემოს შეცვლა ერთგვრი შოკია, მაგრამ მალევე ეჩვევი.

დედათქვენი საბერძნეთშია?

არა, დედა საქართველოშია. გამოფენას რომ მოვაწყობ, მის ნამუშევრებსაც ვაჩვენებ საზოგადოებას.

ტილოსთან რას მიჰყავხართ?

ამას ვერ ავხსნი, ემოციას ალბათ. ემოცია შეიძლება გამოიწვიოს კარგმა მუსიკამ, ფილმმა, სიხარულმა, სევდამ… ძალიან ბევრმა რამემ.

ხატვის პროცესი რამდენ ხანს გრძელდება?

ხატვის პროცესი ყველა ნახატის შემთხვევაში ინდივიდუალურია. ასე ვერ ვიტყვი, გააჩნია განწყობას, შეიძლება ერთ დღეში დავხატო, ან შეიძლება ხატვა დავიწყო, მაგრამ მერე გადავიფიქრო და ერთი ან ორი წლის შემდეგ მივუბრუნდე. ბევრი ასეთი ნახატი მაქვს, ამიტომ ზუსტად რაიმეს თქმა ნამდვილად არ შემიძლია. ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარს – „ფრიდას“ ორი კვირა ვხატავდი. ცნობილი მხატვრის, ფრიდა კალოს ნამუშევრებს მივამსგავსე და ასე დავარქვი. საკმაოდ დიდი ნახატია, ძალიან პატარა დეტალებით და წარმოუდგენელი შრომა დასჭირდა, მაგრამ, ვფიქრობ, შედეგი ამართლებს.

„ფრიდა“

რამდენად გაქვთ ხატვისთვის დრო?  

დრო ყოველთვის მაქვს ხატვისთვის. საერთოდ, როცა შენი საქმე გიყვარს, ყოველთვის გამონახავ საჭირო დროს და განწყობასაც. უბრალოდ, როგორც გითხარით, სასიამოვნო, განწყობის შესაფერისი მუსიკა აუცილებელია ჩემთვის მუშაობის დროს, ასევე – კარგი განათება ოთახში.

საკმაოდ უცხო სტილი გაქვთ… რით ხატავთ და რა როლს აკისრებთ ჭადრაკ დაფას, რომელსაც ხშირად იყენებთ თქვენს ნამუშევრებში?

სტილი მართლაც უცხოა, ანუ რაღაც ნაერთია, არეულია ყველა სტილი ერთმანეთში, „ჩემებური“ – ასე დავარქმევდი. საღებავის გარდა ყველაფრით ვხატავ: პასტებით, ფერადი ფანქრებით, ფლომასტერებით, მარკერებით, მაგრამ ალბათ მოვა დრო, როცა ფუნჯსაც ავიღებ ხელში. ამ ეტაპზე რაღაცნაიარად არ მომწონს. ვცადე, მაგრამ არ მომეწონა.

რაც შეეხება ჭადრაკის დაფას, როგორ აგიხსნათ, თითქოს ჩემს ემოციას გადმოვცემ რაღაც დეტალით. ამ შემთხვევაში ჭადრაკის დაფა რატომღაც სრულყოფილად მიმაჩნია, შავ-თეთრი აბალანსებს თითქოს ჩემ ნახატებს. თან რაღაცნაირად ერთი ხასიათის მატარებელი ხდება ყველა ის ნახატი, სადაც ჭადრაკის დაფა მაქვს დახატული. ოდესმე ალბათ ამასაც შევცვლი, მაგრამ ახლა ძალიან მომწონს. ჩემს შემოქმედებას რომ ნახავენ, მინდა მიხვდნენ, ვისი დახატულია.

ირგვლივ მყოფები, ბერძნები რას გეუბნებიან თქვენი ნახატების ხილვისას?

საერთოდ, ძალიან მოსწონს ხალხს, მათ შორის, ბერძნებსაც. ზოგს ცოტათი თრგუნავს, ზოგს განწყობა ეცვლება და კითხვები უჩნდება, მაგრამ, ძირითადად, მოსწონთ. 10 ნახატი გაყიდული მაქვს, მეტს ჯერჯერობით არ ვყიდი.

თავად რას გრძნობთ, როდესაც საკუთარ ნახატს უცქერით?

ზოგჯერ არ მჯერა, რომ ჩემი დახატულია. ყოველთვის ვუღებ ფოტოს და ჩვევა მაქვს, სადაც არ უნდა ვიყო, თუ საშუალება მაქვს, დიდხანს ვუყურებ. არ აქვს მნიშვნელობა, დამთავრებულია თუ დასამთავრებელი, მსიამოვნებს მისი ცქერა და თითქოს წარმოვიდგენ, როგორი იქნება, მაგრამ საბოლოოდ ეს წარმოდგენები არასოდეს ემთხვევა ნამუშევარს. მგონი, გაცილებით უკეთესი გამოდის…

გაძლევთ მხატვრობა თქვენი შესაძლებლობების ბოლომდე რეალიზების საშუალებას?

კი, რეალიზების საშუალებას ნამდვილად მაძლევს. გადმოვცემ იმას, რასაც ვგრძნობ. ემოციის გარეშე არაფერი გამოვა. ჩემი აზრით, ვინახავ ემოციებს და მერე ხატვის დროს ვახდენ რეალიზებას. ასე მგონია, აუცილებელია ხატო და არ იფიქრო იმაზე, თუ რამდენად გაიგებენ, ვის მოეწონება და ვის – არა, მთავარია დახატო ისე, როგორც შენ გრძნობ და მოგწონს.

ეს სამყარო რამდენად უცნაურია თქვენთვის?

ეს სამყარო არ მეჩვენება უცნაურად, საკმაოდ რეალურად ვუყურებ ყველაფერს. სამყარო მშვენიერია, ხალხი არის უცნაური, ჩემი აზრით.

შესაძლებლობა რომ მოგეცეთ და ეს რეალობა, თუნდაც თქვენი დღევანდელი ყოფა ერთ ჩარჩოში მოაქციოთ, რას დაარქმევდით?

დღევანდელი ყოფა, ერთი სიტყვით რომ ვთქვა, ქაოსია. სიმართლე გითხრათ, ვცდილობ არ ვიფიქრო ამაზე, ტელევიზორსაც არ ვუყურებ, არ მინდა ცუდი ამბები ვისმინო, ნეგატივი არ მინდა ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იფიქროს ადამიანმა ცუდზე.

პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით? საბერძნეთში ხომ არ აპირებთ ოჯახის შექმნას?

პირად ცხოვრებას რაც შეეხება, დაოჯახებული არ ვარ და ასე არც არაფერს ვგეგმავ – წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

საერთოდ, რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ უცხოეთში?

მომწონს ის, რომ შემიძლია ხატვისთვის ყველა საჭირო ინვენტარი შევიძინო – აქ ფართო არჩევანია ამ მხრივ. საერთოდ, მომწონს აქ ცხოვრება, ამ თავისუფლების შეგრძნება, რაც არ ვიცი, რატომ, მაგრამ თბილისში მაკლია.

ძალიან ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ ნებისმიერ ქვეყანაში რომ წახვიდე, იგივე სიტუაცია იქნება: რაღაც მოგეწონება, რაღაც არა, ასე რომ, ამაზე ფიქრიც არ ღირს. მოკლედ, ზოგადად ყველაფერი მომწონს, მეორედ აქ არ ჩამოვიდოდი, ასე რომ არ იყოს.

დაბოლოს, თქვენი სათქმელი უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის…

უცხოეთში მყოფ ქართველებს მოთმინებას ვურჩევდი და ვუსურვებ საკუთარი თავის რეალიზებას, წარმატებებს ცხოვრებაში.

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

თუ მოგეწონათ ინტერვიუ, მოიწონეთ და გააზიარეთ 

მსგავს თემაზე: თვითნასწავლი მხატვარი ემიგრანტი ქალი, რომელმაც ხატვა ფლორენციაში დაიწყო

ეკა ფერაძე – მხატვარი და მრავალშვილიანი დედა, რომელმაც მეორე სამშობლო გერმანიაში იპოვა

კომენტარები