მათთვის, ვინც გონებრივად მუშაობს

თავის ტვინის შემადგენელ უჯრედებს დიდი რაოდენობით ენერგია ესაჭიროება. მართალია, თავის ტვინი ადამიანის საერთო წონის მხოლოდ 2-2,5%-ს შეადგენს, მაგრამ მას ყოველდღიურად საკვები პროდუქტებიდან მიღებული ენერგიის 20% მიაქვს, ამიტომაც კვებაზე დიდად არის დამოკიდებული ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები.

მეხსიერებაზე დადებითად მოქმედებს სტაფილო, რომელიც ხელს უწყობს თავის ტვინში ნივთიერებათა ცვლას. ამიტომ, როცა რამე გაქვთ სასწავლი, კარგი იქნება, თუ გახეხილ სტაფილოს მიირთმევთ მცენარეულ ზეთთან ერთად.

თეატრის ვარსკვლავებისა თუ მომღერლებისთვის საყვარელი ხილია ანანასი. ის ხელს უწყობს არა მარტო სასურველი აღნაგობის, არამედ ტვინის, გულის და სისხლძარღვების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. დღეში ერთი ჭიქა ანანასის წვენის მიღება არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა.

მოცვი ხელს უწყობს ტვინში სისხლის მიმოქცევას. უმჯობესია, თუ ახალ, ნედლ მოცვს მიიღებთ და არა კომპოტების და მურაბების სახით.

ყურადღების კონცენტრაციისთვის:

ყურადღების მოკრებისთვის კარგია ხახვი, რომელიც ხელს უწყობს თავის ტვინში ჟანგბადის მიწოდებას. კარგი იქნება, თუ ყოველდღიურად ერთ ან ნახევარ თავ ხახვს მიირთმევთ. თავის ტვინის მუშაობას ხელს უწყობს, აგრეთვე, თხილი და კაკალი, ისინი ნერვულ სისტემას ამაგრებენ; განსაკუთრებით მიზანშეწონილია მათი მიღება ხანგრძლივი დაძაბული მუშაობის დროს.

სტუდენტებს ვურჩევთ:

მიირთვით კომბოსტო, რომელიც დაძაბულობას ამცირებს. გამოცდების პერიოდში კომბოსტოს სალათას თუ მიირთმევთ, ნერვიულობას ადვილად დაძლევთ. ძალიან სასარგებლოა ლიმონი, რომელიც C ვიტამინის დახმარებით საშუალებას მოგცემთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია დაიმახსოვროთ. დღეში ერთი ჭიქა ლიმონის წვენი (თაფლთან ერთად) საგრძნობლად გაგიადვილებთ ენების შესწავლას. თუმცა გაფრთხილდით: კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს ლიმონის წვენი რეკომენდებული არ არის.

კირა კარიაული

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

მსგავს თემაზე: მეხსიერება – როგორ გავუმკლავდეთ გულმავიწყობას

გოგრის თესლი მეხსიერებას აუმჯობესებს

 

კომენტარები