რომელი ქვეყნების მოქალაქეებს სურთ ყველაზე მეტად ევროკავშირის დატოვება?

იმ მოქალაქეთა პროცენტული წილი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათმა ქვეყანამ ევროკავშირი უნდა დატოვოს, ყველაზე მაღალია ჩეხეთში, იტალიასა და ავსტრიაში, – იუწყება EUROPE ELECTS-ი დღეს, 25 აპრილს KANTAR-ის მიერ ევროკავშირის ქვეყნებში ჩატარებულ გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.

გამოკითხვა ჩატარდა დიდ ბრიტანეთშიც, რომელიც ტოვებს და ვეღარ დატოვა ევროკავშირი (როგორც ცნობილია, ბრიტანეთი ევროკავშირიდან 29 მარტს უნდა გამოსულიყო, თუმცა ჩვენი მკითხველისთვის ცნობილი მოვლენების გამო, ევროკავშირთან შეთანხმებით, ბრექსიტი მიმდინარე წლის 31 ოქტომბრამდე, ჰელოუინის დღემდე გადაიდო). აღსანიშნავია, რომ Brexit-ს ამ ეტაპზე, ზემოაღნიშნული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 45% უჭერს მხარს.

ევროკავშირიდან თავიანთი ქვეყნის გამოსვლას მხარს უჭერს ჩეხების 34%, იტალიელთა 28%, ავსტრიელთა 27%, ფრანგების 26%, კვიპროსელთა 25% და ხორვატების 25%.

„ევროოპტიმიზმის“ ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა ლუქსემბურგში, პორტუგალიაში, აგრეთვე, ნიდერლანდებსა და ირლანდიაში – ამ ქვეყნებში ევროკავშირიდან გამოსვლის მსურველი მოქალაქეთა მხოლოდ 8-9 პროცენტია.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები