ჯარიმა – 2600 ევრო 90 წლის პონტოელ ქალს ხელნაქსოვი ფაჩუჩებით ვაჭრობისთვის
90 წლის პონტოელი ქალის პრობლემას, რომელიც თესალონიკში „უკანონო პროფესიული საქმიანობისთვის“ დააკავეს (იგი საკუთარი ხელით მოქსოვილ ფაჩუჩებს ყიდდა საზოგადოებრივი ბაზრის სიახლოვეს) მიმდინარე წლის 22 მარტს, როგორც ეტყობა, ბოლო არ უჩანს.
„გადასახადებისთვის თავის ამრიდებელი დამნაშავის“ საჩვენებელი დაკავების (მოხუცს ხელბორკილები დაადეს ყველას თვალწინ) შემდეგ, ახლა მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე „ეკონომიკური მოტივებით“ და საბრალო ქალს 2600 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრეს.
დოკუმენტის თანახმად, რომელიც მოხუცმა საგადასახადო ინსპექციიდან მიიღო, მან 2500 ევროს ოდენობის ჯარიმა უნდა გადაიხადოს იმის გამო, რომ არ ჰქონდა „საბუღალტრო სააღრიცხვო დოკუმენტაცია“, ხოლო კიდევ 100 ევრო – იმისთვის, რომ არ იყო დარეგისტრირებული, როგორც მეწარმე („ბიზნესმენი“).
„როგორ გადავიხდი ამ ჯარიმას?! ჩემი ქმარი ავადმყოფია, მეც ავადმყოფი ვარ. სად ვიშოვით ამხელა ფულს?! – წუხს მოხუცი. – ფაჩუჩების გაყიდვით 2-3 ევროს ვიღებ, როგორ გადავიხადო?!“
რადგანაც ქალს საკონფისკაციოდ არაფერი გააჩნია, იგი შიშობს, რომ ჯარიმა მისი 5 შვილიდან რომელიმეს „მემკვიდრეობით გადაეცემა“.
მოხუცმა და მისმა ქალიშვილმა ადვოკატს მიმართეს, რომელმაც ხელისუფლების მისამართით მწარედ იხუმრა: „დიდი მადლობა სააღდგომო საჩუქრისთვის!.. თქვენ შეგიძლიათ დასაფლავებისას კუბოს კონფისკაცია მოახდინოთ, რადგან ჩვენ მეტი არაფერი გვაქვს!“ – და დაუმატა: „დაანებეთ ამ ქალს თავი, წუთით, იგი 90 წლისაა!“
შეგახსენებთ, რომ სუსანა ილიადუ პოლიციელებმა 22 მარტს დააკავეს თესალონიკში. თავიდან მას 200 ევრო ჯარიმა გამოუწერეს ხელნაქსოვი ფაჩუჩების უკანონო გაყიდვისთვის, რომლის გადახდა ქალმა მაშინაც ვერ შეძლო.
ცოტა მოგვიანებით, მედიაში გამართული დისკუსიის შემდეგ, საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენით, მოქალაქეთა დაცვის მინისტრის მოადგილემ კატერინა პაპაკოსტამ „სკაი ТV“-ს ეთერში განაცხადა, რომ ჯარიმა იურიდიულად გამართლებულია, თუმცა, სიტუაციის გათვალისწინებით, სამინისტრო მას თავისი ფონდიდან დაფარავს.
ამას გარდა, ethnos.gr-ს ინფორმაციით, მაშინ ბერძენმა ბიზნესმენმა, მილიარდერმა ივან სავიდისმა (სხვათა შორის, წარმოშობით წალკიდანაა), რომლის ყურამდეც მიაღწია პონტოელი მოხუცის გასაჭირმა, თავის პარტნიორებს დაავალა, ქალისთვის მიეხედათ. ამჯერად ვინ გადაიხდის სუსანა ილიადუს ჯარიმას, უცნობია.
ნახეთ ვიდეო:
მსგავს თემაზე: იტალიაში ორი 20 წლის სტუდენტი 13,5 მლნ ევროთი დააჯარიმეს
კომენტარები