საზოგადოებაინტერვიუსაქართველო

რას ურჩევს ისრაელში გამგზავრების მსურველ თანამემამულეებს კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი

ისრაელთან საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებს მარტივად შეუძლიათ ამ ქვეყანაში შესვლა. შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ ისრაელი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის,  ან საზღვრიდან უკან დაბრუნების რიცხვით. რა არის ამის მიზეზი და რა უნდა გაითვალისწინონ ისრაელის სახელწმიფოში წასვლის მსურველმა ჩვენმა თანამემამულეებმა? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საქართველოს კონსული ისრაელის სახელმწიფოში, ალექსანდრე ჯიშკარიანი გვესაუბრება:

მოგესალმებით, ბატონო ალექსანდრე, მადლობა მოგახსენებ, რომ გამოიჩინეთ გულისხმიერება და გამონახეთ დრო  ჩვენ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.

ღვთიური ცეცხლის გადმოსვლას ელოდება სრულიად ქრისტიანული სამყაროთავისთავად, უამრავ პილიგრიმს სურს მოილოცოს და ღვთიური სასწაული თავისი თვალით იხილოს იერუსალიმში, წმინდა მიწაზე. მოგეხსენებათ, საქართველოდან  ისრაელში მიმავალ მომლოცველთა საკმაოდ დიდ  ნაწილს წინააღმდეგობები ექმნება საზღვრის გადალახვის დროს. რა არის ამის მიზეზი და თქვენ რას ურჩევდით ამ ადამიანებს?

უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, ვიზის გარეშე მოკლევადიანი ვიზიტები განახორციელონ ისრაელში სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ბიზნესი, მოკლევადიანი სასწავლო გაცვლითი პროგრამები/ტრენინგი, სასწავლო კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და ა.შ.; ისრაელში უვიზო შესვლა არ იძლევა ისრაელში მუშაობის ან დასაქმების უფლებას! ისრაელში ლეგალურად ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ისრაელის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება დეპორტაციას (საქართველოში იძულებით დაბრუნებას). ამასთან, ასეთ შემთხვევაში, აღნიშნულ მოქალაქეს შეეზღუდება ისრაელის ტერიტორიაზე შემდგომი შესვლა. ისრაელში სხვადასხვა მიზნით (მათ შორის მუშაობის უფლებისათვის) გრძელვადიანი ვიზიტის შემთხვევაში, აუცილებელია  ისრაელის საკონსულოს მიერ გაცემული ვიზა.

რაც შეეხება დაბრკოლებებს, საქართველოს მოქალაქეები, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ისრაელში მოემგზავრება, ექვემდებარება შემოწმებას როგორც საიმიგრაციო, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. ხსენებული პროცესი შესაძლოა რამდენიმე საათსაც კი გაგრძელდეს, რაც დამოკიდებულია იმ მომენტისათვის არსებულ მგზავრთა ნაკადსა და საიმიგრაციო სამსახურის ადამიანურ რესურსებზე. აუცილებელია, რომ მოქალაქეებს ყველა აუცილებელი დოკუმენტი თან ჰქონდეთ (ბილეთები ორივე მიმართულებით, სასტუმროს ჯავშანი, სამედიცინო დაზღვევა) და, რაც მთავარია, მათ მიმართ არ არსებობს იმ მიზეზთა გარემოებები, რაც საფუძველი ხდება ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურისათვის.

ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურმა განსაზღვრა 28 მიზეზი, რის გამოც საქართველოს მოქალაქეებს უარს ეუბნებიან ისრაელში შესვლაზე, ამ მიზეზეთა სრული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე და მათი გაცნობა აუცილებელია ისრაელში გამომგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქისათვის.

უმეტესად საქართველოს მოქალაქეების მიმართ შემდეგი მიზეზების გამო ხდება უარის თქმა: ისრაელში ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის ყოფნა, რომელსაც უკვე დარღვეული აქვს სავიზო რეჟიმი; ვიზიტი ისრაელის მოქალაქესთან, რომელთანაც უკვე ჩამოვიდნენ საქართველოს სხვა მოქალაქეები და უკან აღარ დაბრუნდნენ ანუ დარჩნენ არალეგალურად; წინა ვიზიტების დროს დარღვეული ვადები.

ზოგადად, ისრაელთან უვიზო მიმოსვლის წესებისა და საზღვრის კვეთის პროცედურების თაობაზე საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია არის განთავსებული ისრაელში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე, რომელიც დაეხმარებათ მოქალაქეებს სასარგებლო ინფორმაციის მიღებაში.

2019 წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია გაიმართება 27 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში. ათასობით მომლოცველი დაესწრება ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას მსოფლიოს სხვადასვხა ქვეყნიდან, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური დელეგაციები. საზღვრის კვეთის მოთხოვნები საკმაოდ რთულია. დარწმუნდით, რომ გამომგზავრებამდე კარგად გაეცანით ისრაელის საიმიგრაციო პოლიტიკას. ისრაელის დღესასწაულების და საზაფხულო ტურისტული სეზონის დღეებში გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ დამატებითი დრო, რათა გაიაროთ უსაფრთხოების კონტროლი აეროპორტში. ამ პერიოდში ისრაელი აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს.

ისრაელში სამუშაოდ საქართველოს ბევრი მოქალაქე მიემგზავრება, რომელთაც ლეგალურად მუშაობის უფლება არ აქვთ, თუმცა ფაქტია, რომ მოთხოვნა არსებობს. შეიძლება თუ არა დაიდოს რაიმე სახის ხელშეკრულება  ჩვენს ქვეყნებს შორის, რომ ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდეს? თუ არ ვცდები, იყო საუბარი, რომ  ისრაელი საქართველოს მოქალაქე შრომითი მიგრანტებისთვის კვოტებს გამოყოფს. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს?

2015 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისრაელში საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს ისრაელთან ე. წ. „შრომითი მიგრაციის შესახებ შეთანხმების“ გაფორმების მიზნით. უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელის კანონმდებლობის თანახმად, არის გარკვეული სფეროები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმება შეუძლიათ. ამ დროისთვის ეს სამუშაო, უმეტესად, ქალებისთვისაა (ე. წ. „მეტაპელეტები“ ანუ მოხუცთა მომვლელები). ასეთ შემთხვევაში შესაბამისი კატეგორიის ვიზებს გასცემს საქართველოში ისრაელის საელჩო. საქართველოსა და ისრაელს შორის ორმრივი შეთანხმება შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით ჯერ გაფორმებული არ არის. როგორც აღვნიშნე, მისი ხელმოწერისა და ამოქმედებისათვის მხარეები აქტიურად მუშაობენ და ამ პროცესში მიღწული პროგრესის შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ, დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.

გვესმის, რომ ისრაელი მუდმივ საომარ მდგომარეობაშია, მუდმივი  დაძაბულობაა და უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, თუმცა ის, რაც საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში საზღვარზე ხდება, ძალიან არასასიამოვნოა: როგორც ჩემთვის ცნობილია ამ დღეებში ისრაელის საზღვრიდან უკან დააბრუნეს ქართული საბავშვო ანსამბლი „გორდა“. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამ ფაქტთან დაკავშირებით და რა იყო ამის მიზეზი?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველოს მოქალაქეების მიმართ რაიმე დისკრიმინაციული სახის მიდგომა არ არსებობს. ისინი გადიან შემოწმებას მსგავსად სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა, რომელთანაც ისრაელს უვიზო მიმოსვლა აკავშირებს. 2015, 2016 წლების შემდეგ ჩვენი მოქალაქეების მიმართ ყურადღება ისრაელელი მესაზღვრეების მხრიდან დამატებით განაპირობა ასევე იმ გარემოებამ, რომ უვიზო რეჟიმის დარღვევის ფაქტების რიცხვი მზარდი იყო. შესაბამისად, გარკვეულწილად შემოწმების პროცედურა არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით გაძლიერდა.

რაც შეეხება ანსამბლ „გორდას“, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურისათვის უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი გახდა ანსამბლში არასრულწლოვანებისა და მოზარდების რაოდენობა: ანსამბლში, რომელიც საბავშვო ფესტივალზე მიემგზავრებოდა, 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო არასრულწლოვანი.

ასევე ხშირად მედიის საშუალებით ან საელჩოსადმი მომართვისას  მოქალაქეები გარკვეულ უკმაყოფილებას გამოთქვამენ საზღვრის კვეთის პროცესში მოპყრობასთან დაკავშირებით. საელჩო ყურადღებით ეკიდება მსგავს ინფორმაციას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით არცერთ შემთხვევაში მსგავსი ფაქტი არ დადასტურებულა. ასევე აღსანიშნავია, რომ არცერთ საქართველოს მოქალაქეს არ მიუმართავს სამართლებრივი გზებისათვის, რომ სამართლებრივად დაესაბუთებინათ მათი პრეტენზიები.

ჩვენს მოქალაქეებს საზღვრიდან უკან აბრუნებენ და ქვეყანაში არ უშვებენ, ხშირ შემთხვევაში, როგორც თვითონ აღნიშნავენ, გაუგებარი მიზეზების გამო. რა დახმარებას უწევს საქართველოს საკონსულო მათ „უმიზეზოდ დაბრუნების“ შემთხვევაში?

საერთაშორისო სამართლისა და უკვე დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ისრაელში საქართველოს საელჩო, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგებლობა, არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს ისრაელის საიმიგრაციო პროცედურების განხორციელებაში, შესაბამისად, საელჩოს საკონსულო სამსახური ვერ დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში შესვლაში; თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საელჩოს საკონსულო სამსახური მაქსიმალურად ყურადღებით ეკიდება მოქალაქეების საჭიროებებს და მათ მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და მყისიერად რეაგირებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მათი დროებითი განთავსების დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა, სამშობლოში დროული დაბრუნება და ა. შ.

როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეების დეპორტის მხრივ ისრაელი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. რა არის ამის მიზეზი?

ისრაელის სახელმწიფო არ არის პირველი იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ხდება, თუმცა იმ მოქალაქეთა დეპორტაცია, რომლებსაც დარღვეული აქვთ ისრაელში ლეგალურად ყოფნის ვადები, ხორციელდება. უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელის საიმიგრაციო პოლიტიკა, ზოგადად, მკაცრია. ეს გარკვეულწილად განპირობებულია ისრაელის სახელმწიფოს ეთნიკური და პოლიტიკური მახასიათებლებით. ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისრაელთან უვიზო მიმოსვლა არ ანიჭებს ჩვენს მოქალაქეებს ამ ქვეყანაში დასაქმების უფლებას. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები, მას შემდეგ რაც საზღვარს გადაკვეთენ, უკანონოდ, არალეგალურად რჩებიან და საქმდებიან. აღნიშნული საქმიანობა ისრაელის კანონმდებლობით იკრძალება. არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად ისრაელის შესაბამისი სამსახურები მუდმივად ახორციელებენ გარკვეულ ზომებსა და ღონისძიებებს.

ბენ გურიონის აეროპორტი, თელ-ავივი

ებრაელებსა და ქართველებს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა მართლაც უნიკალური მოვლენაა ისტორიაში. ამიტომ არის, რომ ქართველებს განსაკუთრებით სწყდებათ გული ამგვარ ფაქტებზე, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ისრაელის მხარე თუ აფასებს ამ ისტორიულ ურთიერთობას და რაში გამოიხატება ეს?

ებრაელ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობების ისტორია 26 საუკუნეს ითვლის, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოების, ისრაელისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები – 27 წელს. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ბოლო წლების მანძილზე ღრმავდება და ფართოვდება. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ინვესტიციები, კულტურა და განათლება. ნიშანდობლივია, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად განხორციელებული საქმიანობის შედეგად ისრაელელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში წინა წელს საგრძნობლად გაიზარდა და 150 000-ზე მეტი ტურისტი შეადგინა.

რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ბოლო წლების მანძილზე რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი გაიმართა როგორც ისრაელში, ისე საქართველოში.

ბევრ სხვა წარმატებულ საინვესტიციო პროექტთაგან შესაძლებელია გამოიყოს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანია Elbit-ის ინვესტიცია საქართველოში. ამ ინვესტიციის ფარგლებშიც საქართველოში აშენდა ქარხანა, რომელიც თვითმფრინავის ნაწილებს აწარმოებს მსოფლიო მასშტაბის ავიაკომპანიებისთვის, როგორიცაა Boeng, Airbus.

რაც შეეხება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოხატულ უკმაყოფილებას, უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელი, ისევე როგორც საქართველო, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული სახელმწიფოა. ისრაელის საიმიგრაციო პოლიტიკა და კანონმდებლობა საკმაოდ მკაცრია და არსებული წესების ცოდნა და პატივისცემა აუცილებელია ისრაელში მოგზაურობის მსურველი ნებისმიერ ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისათვის.

ესაუბრა ნინო ბაჯელიძე 

ისრაელის თემაზე: თებერვალში უცხო ქვეყნებიდან საქართველოს 300 მოქალაქე გამოაძევეს – თურქეთი და ისრაელი ისევ „ლიდერობენ“

იანვარში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე თურქეთიდან და ისრაელიდან გამოადეპორტეს, ათეულში იტალიაც მოხვდა

ისრაელში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი თითქმის 3,5-ჯერ შემცირდა

ისრაელში გამგზავრების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა ეს ინფორმაცია უნდა იცოდნენ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close