დღის თემაკრიმინალისაბერძნეთი

კვიპროსელი ოფიცერი სერიული მკვლელობებისთვის დაიჭირეს, გამოძიება საბერძნეთშიც მიმდინარეობს

ბერძნულ მედიაში ათი დღის წინ, 14 აპრილს გავრცელდა ცნობა, რომ კუნძულ კვიპროსზე, მიცეროს რაიონში, მიტოვებულ შახტში, 15 მეტრის სიღრმეზე ტურისტები მოკლული ქალის ნეშტს წააწყდნენ. გარდაცვლილს ხელები შეკრული ჰქონდა. ექსპერტიზის დასკვნით, მკვლელობა დაახლოებით 2 წლის წინათ მოხდა.

დაწყებული გამოძიების შედეგად შოკისმომგვრელი გარემოებები გამოვლინდა. ორიოდე დღეში დადგინდა მოკლულის ვინაობა, რომელიც 38 წლის ფილიპინელი ქალი აღმოჩნდა. პოლიციამ დააკავა მისი რუმინელი მეგობარი მამაკაცი, რომელმაც მკვლელობა უარყო. აღმოჩნდა, რომ მას პოლიციაში თავისი მეგობრის გაუჩინარების შესახებ განუცხადებია და ქალი დაკარგულად ითვლებოდა; უფრო მეტიც, ქალთან ერთად მისი 6 წლის გოგონაც გაუჩინარდა.


გამოძიება გაგრძელდა და უკვე 19 აპრილს გავრცელდა ცნობა, რომ დააკავეს 35 წლის კვიპროსელი სამხედრო მოსამსახურე, ნიქოზიის ოლქის მკვიდრი, 2 შვილის მამა, ნიკოს მეტაქსასი. მის სახლში მკვლელობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ როდესაც პოლიციელები სახლში შეიჭრნენ, იგი შეეცადა თავისი მობილური ტელეფონის სიმბარათი გადაეყლაპა, თუმცა პოლიციამ ამას ხელი შეუშალა და სიმბარათი ამჟამად ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. ეჭვმიტანილი რუმინელი გაათავისუფლეს.

ბრალდებულმა სამხედრო მოსამსახურემ დანაშაული იმავე დღეს აღიარა. პოლიციამ გარდაცვლილი ბავშვის ნეშტის ძებნა დაიწყო და, სრულიად მოულოდნელად, იმავე რაიონში კიდევ ერთი მოკლული ქალის შიშველ ცხედარს მიაგნო. მეორე მსხვერპლიც აზიური წარმოშობის იყო. გაჩნდა ვერსია, რომ საქმე ჰქონდათ არა ჩვეულებრივ მკვლელობასთან, არამედ სერიულ მკვლელთან.

აღმოჩნდა, რომ წყლით სავსე შახტი, რომელშიც გვამებს მიაგნეს, 130 მეტრის სიღრმისა იყო. პირველი მსხვერპლის გვამი წყალმა ზედაპირზე ამოიტანა, რის შემდეგაც ის ტურისტებმა აღმოაჩინეს. სპეციალური სამსახური შეეცადა შახტი მთლიანად გამოეკვლია და გაირკვა, რომ მასში კიდევ რამდენიმე გარდაცვლილი ადამიანის ნეშტი იყო. შახტის სიღრმისა და წყლის დიდი მასის გამო მათი ამოყვანა გაძნელდა. ამასობაში დადგინდა მეორე გარდაცვლილის ვინაობა. მოკლული 28 წლის ფილიპინელი ახალგაზრდა ქალი აღმოჩნდა, რომელიც 2018 წლის 21 ივლისს დაიკარგა.


22 აპრილს განცხადება გააკეთა კვიპროსის პოლიციის უფროსმა. მისი თქმით, დანაშაულის მასშტაბები იმდენად დიდია, რომ ჯერ ადრეა საბოლოო დასკვნის გამოტანა. იმავე დღეს ცნობილი გახდა მკვლელის ვინაობა. მედიის ინფორმაციით, ოფიცერმა ნიკოს მეტაქსასმა პოლიციასთან აღიარა, რომ სიამოვნება მიიღო ფილიპინელი ქალის დახრჩობით და გადაწყვიტა კიდევ ერთხელ ჩაედინა მსგავსი დანაშაული. არადა, ბრალდებულს ძალიან კარგი რეპუტაცია ჰქონდა და არასდროს გამოუვლენია საეჭვო ხასიათი. უფრო მეტიც, ცოტა ხნის წინ საპატიო მედალიც კი მიიღო სანიმუშო ქცევისთვის.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მკვლელს შეხება ჰქონდა კიდევ ოთხ ქალთან, რომლებიც ამჟამად გაუჩინარებულად ითვლებიან. ამავე დროს, კვიპროსის პოლიცია დაუკავშირდა საბერძნეთის პოლიციას, რადგან მკვლელი გარკვეული ხნის განმავლობაში ათენში იმყოფებოდა და არ არის გამორიცხული, იქაც ჩაედინა მსგავსი დანაშაული.

საგულისხმოა, რომ, ჩვეულებრივ, სერიული მკვლელი მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებს დანაშაულს, თუკი მოკლულის გვამს აღმოაჩენენ და არ აღიარებს მკვლელობებს, რომლებიც სავარაუდოდ ჩაიდინა, მაგრამ პოლიციას ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია. მან პოლიციას განუცხადა, რომ 6 წლის ბავშვის გვამი ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავში ჩააგდო, თუმცა ძიებამ ჯერჯერობით შედეგი არ გამოიღო.

ცნობილია, რომ მეტაქსასი სოციალური მედიის მეშვეობით უკავშირდებოდა სავარაუდო მსხვერპლს, ამყარებდა მათთან სექსუალურ კავშირს და კლავდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მისი ელექტრონული მისამართი უკავშირდება ფეისბუქის პროფილს Orestis. ბოლოს ამ მომხმარებლის აქტივობა 14 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც ეს პროფილი დაიხურა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ დღეს აღმოაჩინეს პირველი გვამი. მკვლელის თქმით, ორივე ქალი გაცნობათა საიტ Badoo-ზე იპოვა, სადაც ის ასევე დარეგისტრირებული იყო „ორესტისის“ ფსევდონიმით.

21 აპრილს სასამართლო სხდომაზე, რომელიც მეორე ქალის საქმესთან დაკავშირებით გაიმართა, ბრალდებული ადვოკატის გარეშე იყო, რადგან მეტქსასის ადვოკატმა ილიას სტეფანუმ მის დაცვაზე უარი თქვა.

გამოძიება გრძელდება და პოლიცია ცდილობს დაადგინოს დანაშაულის სრული სურათი, რადგანაც მსხვერპლთა რაოდენობა, სავარაუდოდ, ძალიან დიდია.

გიორგი ჯანელიძე

იხილეთ ვიდეო:

მსგავს თემაზე: მოლდოველი ქალის სასტიკი მკვლელობისთვის იტალიელი მამაკაცის სასჯელი სასამართლომ გაანახევრა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close