მიგრაციაფსიქოლოგიაინტერვიუ

ნანა ჩაჩუა: „ემიგრაციაში წასულ დედებს გაუცნობიერებლად აქვთ თვითდანაშაულის განცდა, თუმცა დანაშაული არ არსებობს…“

ოფიციალური სტატისტიკა, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ ემიგრაციაში სამუშაოს საძიებლად წასულ ქართველთა უმეტესობა ქალია. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დედები ტოვებენ ოჯახებს, შვილებს – ზოგჯერ მცირეწლოვან ბავშვებს – და უცხო ქვეყანაში იხვეწებიან, რათა შვილების მომავალი უზრუნველყონ. და იმდენად ძლიერია ეს სწრაფვა, რომ ისინი თავიდან ვერ გრძნობენ ხიფათს, რომელიც ამას თან ახლავს… – ამ ხიფათზე, იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები უცხო გარემოში, რომ მეტ-ნაკლებად ადვილად მოახდინონ ადაპტაცია, და ემიგრაციის სხვა ფსიქოლოგიურ ასპექტებზე ცნობილი ფსიქოლოგი, ქალბატონი ნანა ჩაჩუა გვესაუბრება.

ქალბატონო ნანა, როგორც ცნობილია, საქართველოდან უცხოეთში სამუშაოდ უფრო მეტად  ქალები, დედები მიდიან, რით აიხსნება ეს ფაქტი?

ეს მოდგმის დაცვის ინსტინქტია…

თანამედროვეობამ ისე, როგორც არასდროს, კიდევ უფრო მასშტაბური გახადა ფულის ყოვლისმპყრობელობა, რომელზეც კაცობრიობამ ოცდაათი ვერცხლის მაგალითით იმთავითვე საგანგაშო განაცხადი გააკეთა – კერძოდ ის, რომ ფულმა შეიძლება  თვით ქრისტეს მოწაფეც კი აცდუნოს! და ამიტომაც მისკენ სწრაფვამ შეუქცევადი და სრულიად დაუოკებელი ტემპი აიღო. საბოლოოდ მივიღეთ ერთი შეხედვით პარადოქსული, თუმცა სრულიად კანონზომიერი  რამ: ერთის გამდიდრებამ ასეულობით, ათასეულობით ადამიანის გაღარიბება გამოიწვია, სოციალურმა უსამართლობამ მოიცვა ყველა და ყველაფერი. ყოველივე ამით გამოწვეულ უმწეობის, უსუსურობის თუ გაღიზიანების მატრამვირებელ შეგრძნებებს თვითგადარჩენის ინსტინქტით აღძრული ენერგია თუ დაძლევს მხოლოდ. თვითგადარჩენის ინსტინქტი ყველაზე სრულყოფილად სწორედ მოდგმის დაცვის ინსტინქტით ავლენს თავს, რომლის სწორუპოვარი აღმსრულებელი კი, დიახ, მხოლოდ და მხოლოდ  დედაა, სამყაროს  უნივერსალური პრინციპის – სიცოცხლის უწყვეტობის გარანტი. ამიტომაც დედებმა თავის თავზე აიღეს ეს „ტვირთი“ – ოჯახის გადარჩენა და შვილების მომავლის უზრუნველყოფა.

როდესაც ემიგრაციაში მიდიან ადამიანები, სრულიად უცხო გარემოში ხვდებიან. რა უნდა გააკეთონ მათ, რომ მეტ-ნაკლებად უმტკივნეულო იყოს ადაპტაცია?

ადამიანი სადაც წასვლას აპირებს, წინასწარ აუცილებლად უნდა გაეცნოს იმ ქვეყნის კულტურას, წეს-ჩვეულებებს და თავის წარმოდგენაში ერთგვარი სცენარის მსგავსად გაითამაშოს იმ ქვეყანაში ყოფნა; ნახოს დოკუმენტური ფილმები, გაეცნოს ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებას, ლიტერატურას, მუსიკას, რათა იმ ქვეყნის კულტურა გარკვეულწილად წარმოსახვის დონეზე მაინც განთავსდეს მის ცნობიერებაში; ამავდროულად, წასვლამდე წარმოიდგინოს იქაური გარემო, იქ ყოფნა, თითქოს უკვე იქ არის და წარმოსახვის დონეზე ამ გზითაც მოახდინოს ერთგვარი ადაპტირება. წარმოდგენაში არ შეიტანოს სასურველი ელემენტები – პირიქით, წარმოისახოს უფრო მეტად სირთულეები და ამ სირთულეებს იუმორი და საკუთარი ცხოვრებისეული პოზიტიური გამოცდილებები დაუპირისპიროს; გაიხსენოს როდის, როგორ, რა წარმატებით შეძლო პრობლემების დაძლევა. საკუთარი შესაძლებლობების მიმართ პატივისცემა და ნდობა გამოხატოს სიტყვიერად, წერილობითაც (ჩამოწეროს).

და ვინც უკვე იქ არის, იმათ რას ურჩევდით, როგორც ფსიქოლოგი?

ჩვეული გარემოს შეცვლა, ცხოვრების წესის ახლებურად ანუ ისევ თავიდან გადაწყობა, ახლობლებთან დაშორება, ახალი სოციალური როლის მორგება და მრავალი სხვა, ცხადია, თავდაპირველად საკმაოდ  დიდ ძალისხმევას ითხოვს, თუმცა ამ ძალისხმევაზე გადის რეალობასთან ადეკვატური დამოკიდებულება. რეალობა კი ასეთ შეხმიანებას, შეძახილს ითხოვს: „დიახ, აქ, ამ უცხოეთში წამოსვლა ჩემი ცხოვრების აუცილებლობამ განაპირობა. მადლობა საკუთარ თავს ამ გადაწყვეტილებისთვის, მადლობა საკუთარ თავს ამ გამბედაობისთვის, მადლობა საკუთარ თავს ამ შემართებისთვის, მადლობა საკუთარ თავს არსებული სიტუაციის ზუსტი აღქმისათვის, მადლობა საკუთარ თავს გამოსავლის მიგნებისათვის. დიახ, იქნება სიძნელეები, მაგრამ მე ამისათვის მზად ვარ!“ – აი, ის შინაგანი ხმა, რომელიც ყველა ემიგრანტის გულში ხმიანობს და თუ მას ყურს მიუგდებ, უსათუოდ მოგეცემა ენერგია, მხნეობა, თავდაჯერებულობა. ეს საკუთარი თავის სიყვარულია, თვითპატივისცემა და ღირსების განცდაა. როგორც პავლე მოციქული ამბობს, სწორედ სიყვარულია ის, რომელიც გიდასტურებს, რომ შენ – შენ ხარ! „წინასწარმეტყველთა მადლი რომ მქონდეს, ვფლობდე ყველა საიდუმლოს, მქონდეს რწმენა ისეთი, რომ მთების გადაადგილება შემეძლოს, თუ სიყვარული არ მექნებოდა, მაინც არარა ვიქნებოდი“. ყველასი და ყველაფრისადმი სიყვარული კი მხოლოდ საკუთარი თავის  ანუ შენში არსებული ღმერთის, პიროვნული „მეს“ სიყვარულიდან იწყება.

ემიგრანტთა დიდ ნაწილს საქართველოში საკმაოდ მაღალი სოციალური სტატუსი ჰქონდა, მათ პატივს სცემდნენ, როგორც პროფესიონალებსმიდიან ექიმები, მასწავლებლები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებიიქ კი უცებ აღმოჩნდება, რომარავინხარ; ისინი თავიანთი უნარების შეუსაბამო სამუშაოს ასრულებენ, დიდი ნაწილი მუშაობს მოხუცებთან, ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანებთან, რაც ძალიან მძიმეა. როგორ შეიძლება ამ სიტუაციის, ასე ვთქვათ, შემსუბუქება?

პროცესში უნდა ჩაერთო მთლიანად. როდესაც პროცესში ხარ ჩართული, სიმძიმის შეგრძნება გაცილებით ნაკლებია. რასაც აკეთებ, იყავი მთელი გულისყურით ჩართული შენს საკეთებელში. პრობლემა აღარაა პრობლემა მხოლოდ მაშინ, როცა მას საქმედ გადააქცევ. არ დაიჩივლო, არ განსაჯო არსებული, მაგ.: „ახლა ამას უნდა ვაკეთებდე?!“, „ეს რა ბედი მქონია!“, „როდემდე უნდა ვიწვალო ასე“ და  ა. შ. იმოქმედე ყოველგვარი შეფასებების გარეშე, არ შესჩივლო არც სხვას და არც შენს თავს. მყისიერად შეუდექი საქმეს, გააკეთე იმ წუთში ის, რის წინაშეც დგახარ, რასაც ითხოვს კონკრეტული მომენტი, კონკრეტული სიტუაცია ანუ იყავი „აქ და ამჟამად“. შენი მზრუნველობის ქვეშ მყოფ დაავადებულ ადამიანს ასე უნდა აჭამო? – აჭამე ასე, ასე უნდა ჩააცვა? – ჩააცვი ასე. კეთილგანწყობა აქედან მოდის. და, რაც მთავარია, ამ მომენტში ყველაზე მეტ სისავსეს, სრულყოფილებას და სიმშვიდეს თავად შენ გრძნობ. ესაა როგორც შენთვის, ისე შენ ირგვლივ მყოფებისათვის მიწიერი სამოთხის განცდა ანუ სულიერებაში ყოფნა.

საყურადღებო თემაა ემიგრანტი ბავშვებიც: ერთი კატეგორიაა, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ და მშობლებმა წაიყვანეს ემიგრაციაში. ამ ბავშვებსაც ხომ აქვთ პრობლემები?

სადაც დედაა, იქ ბავშვი პრობლემას, სირთულეს, უსიამოვნებას არ ელოდება. დედა დაცულობის გარანტია. ნუ გავუქარწყლებთ ბავშვს ამ მოლოდინს. დედა როგორც ღებულობს პრობლემას, ისე ღებულობს შვილიც. დიახ, პრობლემა გარდაქმენი საქმედ. ანუ პრობლემას დაარქვი საქმე და თავად საქმე გიჩვენებს, რაც უნდა მოიმოქმედო.

რაც შეეხება ემიგრაციაში დაბადებულ ბავშვებს, მაგალითად, შერეულ ოჯახებში. შემიძლია მოვიყვანო ასეთი კონკრეტული მაგალითი: დედა ქართველია, მამაბერძენი, ჰყავთ 4 წლის შვილი, რომელმაც საერთოდ არ იცის ქართული. დედას, ცხადია, ძალიან უყვარს საქართველო, ძალიან უნდა, რომ შვილმა იცოდეს მისი მშობლიური ენა, მაგრამ ამბობს, რომ  ქმარმა  აუკრძალა ბავშვთან ქართულად ლაპარაკი, რადგან მიაჩნია, რომ თავიდან ბავშვს გაუჭირდება, გაორება ექნება და ჯობია ჯერ ბერძნულად ისწავლოს გამართულად საუბარი და მერე ისწავლოს ქართული (მაგრამ ბავშვი მერე უკვე ვეღარ სწავლობს ქართულს). რამდენად საფუძვლიანია ეს შიში?

თუ ოჯახი ორენოვანია ან სამენოვანი, რა ენაზეც ლაპარაკობს ერთი, ბავშვს ელაპარაკოს მხოლოდ იმ ენაზე. დედა ქართულად ლაპარაკობს – ელაპარაკოს მხოლოდ ქართულად; მამა ბერძნულად ლაპარაკობს – ბავშვს ელაპარაკოს მხოლოდ ბერძნულად, თუ იტალიურად ლაპარაკობს, ელაპარაკოს მხოლოდ იტალიურად. ამ შემთხვევაში აღრევა არ მოხდება: დედის დანახვისას ბავშვს ექნება ქართული ენისადმი მზაობის განწყობა, მამის დანახვისას – ბერძნული ენისადმი მზაობის განწყობა და არც ე. წ. გაორების პრობლემა იარსებებს.

დედები, რომლებიც საქართველოში ტოვებენ შვილებს, ხშირად მცირეწლოვანებს, და „ცოტა ხნით“ მიდიან (თუმცა ეს „ცოტა ხანი“ წლები გრძელდება ხოლმე), თავიდან ვერ აცნობიერებენ ხიფათებს, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა გაუცხოება: ამაზე ბევრს საუბრობენ, რომ დედები შვილებსკარგავენ“, ვეღარ უგებენ მათ, ურთიერთობები უჭირთრამდენად მძაფრია ეს პრობლემა და რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს?

დედის გარეშე დარჩენილი ბავშვები, რა უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, არა ოჯახს, არა დედას, არამედ  მთელ გარემომცველ სამყაროს, მართალია, გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც არ პატიობენ დედის გარეშე ყოფნას, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგები ახლავს თან (საკუთარ თავთან გაუცხოება, აგრესია, უნდობლობა და ა. შ.). ვერც დედები „პატიობენ“ საკუთარ თავს და ეს თვითდანაშაულის განცდა, რომ შვილებთან ფიზიკურად არ არიან, გამოიხატება გადაჭარბებულ ზრუნვაში: უფრო მეტი იმუშაონ, უფრო მეტი ფული გამოუგზავნონ, მეტი მისცენ შვილებს, ოჯახს… მიუხედავად იმისა, რომ რეალურად დანაშაული არ არსებობს. აქ არსებობს მხოლოდ დროის, ეპოქის „სივერაგე“, მისი ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და თვით ე. წ. კულტურული გულგრილობა. ამიტომაც უჭირთ ბოლომდე დედაშვილობის შეწირვით მიღებული მატერიალური ე. წ. კეთილდღეობის შერგება. ასეთი ფული ძნელად „ცოცხლობს“ ანუ ვერ ამრავლებს თავის თავს, ვერ იქმნება მისგან ახალი შემოსავლის წყარო ანუ არ ხდება მისი კვლავწარმოება. ის უმეტესწილად მხოლოდ საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის გამოიყენება; არც თუ იშვიათად ხდება ხოლმე, აგრეთვე, რომ გამოგზავნილი ფული მავნე ჩვევებს ხმარდება (აზარტული თამაშები, ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ღამის კლუბები).

დაბოლოს, კიდევ ერთი პრობლემა: ხშირია შემთხვევა, როდესაც ემიგრაციიდან დაბრუნებული ადამიანები სამშობლოში ვეღარ პოულობენ საკუთარ ადგილს, ამიტომ ისევ უკან მიდიან. ბევრი კონკრეტული მაგალითი შეიძლება დავასახელოთ. უნდა ადამიანს სამშობლოში ყოფნა, მაგრამ ვერც შვილთან გამონახა საერთო ენა, ვერც ოჯახის სხვა წევრებთან, ვერც გარემოს და სიტუაციას შეეგუა, ვეღარ აღიქვა მშობლიურად… – როგორ უნდა მოიქცეს ასეთ სიტუაციაში მყოფი ადამიანი?

ინდივიდუალურია ეს ყველაფერი. სადაც თავის გამოხატვას შეძლებს ადამიანი, იქ უნდა იყოს. რაც შეეხება დაბრუნების შემდეგ თავისი ადგილის პოვნას, ამ ყველაფერს დრო სჭირდება… კარგი იქნება, თუ ემიგრაციიდან დაბრუნებული ადამიანი ძველი დროის რეკონსტრუქციას მოახდენს – ძველი ფოტოებით, ძველი ვიდეოებით… მოინახულებს იმ მეგობრებს და ახლობლებს, რომლებიც დიდი ხანია არ უნახავს, აღადგენს კონტაქტს, მაგ., სკოლის მეგობართან – ამით ძველ დროში დაბრუნდება. შვილებს რაც შეეხება, იგივე უნდა გააკეთოს შვილებთანაც, ესაუბროს მათ პატარაობაზე, დაათვალიერონ ერთად ძველი ფოტოები, გაიხსენონ საერთო ისტორიები. ასე ისინი შეძლებენ გაწყვეტილი, შეჩერებული კავშირის აღდგენას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაქვს „იავნანამ რა ჰქმნა?!“ ძველ ასოციაციებთან დაბრუნება წარსულს გვიმთლიანებს, მით უმეტეს, როცა ის სასიამოვნო, მხიარული, იუმორით გაჯერებული ეპიზოდებით იქნება გაცოცხლებული.

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

ამავე თემაზე წაიკითხეთ: „ემიგრანტების შვილი“

ფსიქოლოგის თვალით დანახული პრობლემები, რომლებიც ემიგრანტებს აწუხებთ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close