მოგზაურობასაზოგადოებასაქართველო

იერუსალიმში ღვთიური ცეცხლის გადმოსვლაზე დასწრების მსურველთათვის საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში 27 აპრილს, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ცეცხლის გადმოსვლის დასწრების მსურველთათვის განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, ისრაელის პოლიცია ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიის დროს ყოველთვის უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იღებს.

„ამ დღისთვის ყველა მოქალაქემ, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდებულია, თავი შეიკავოს მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან. ის პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. დაუშვებელია იმ პირებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება.

გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ მოქალაქის მხრიდან, თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხება შეიძლება ჩაითვალოს სამართალდამცავი ორგანოს მიმართ წინააღმდეგობის გაწევად და შესაბამისად, ხალხის სიმრავლის გამო და წესრიგის დამყარების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძალა.

აუცილებელია, ყველა მოქალაქე მოერიდოს სასულიერო პირებთან კამათს, რომელთა ფუნქციებშიც შედის ტაძარში წესრიგის დამყარება.

მოქალაქეები უნდა მოერიდონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე. წ. სპეციალური „ბრასლეტების“ – ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული „ბრასლეტების“ მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სავიზო და სხვა სახის საზღვრის კვეთის მოთხოვნები საკმაოდ რთულია. დარწმუნდით, რომ გამომგზავრებამდე კარგად გაეცანით ისრაელის საემიგრაციო პოლიტიკას. ისრაელის დღესასწაულების და საზაფხულო ტურისტული სეზონის დღეებში გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ დამატებითი დრო, რათა გაიაროთ უსაფრთხოების კონტროლი აეროპორტში. ამ პერიოდში ისრაელი აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დაწვრილებითი ინფორმაცია ისრაელის საზღვრის კვეთასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ ისრაელში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე, ამ ბმულზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close