მიგრაციამსოფლიოქართველები უცხოეთშიnews

შეხვედრა ისრაელში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან

ისრაელში ქართული დიასპორის წარმომადგენლები საზოგადოების წევრებს და მოწვეულ სტუმრების შეხვდნენ. ქართული დიასპორული ორგანიზაციის „მამულის“ მიერ ორგანიზებული შეხვედრა თელ-ავივში, საქართველოს საელჩოში გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდა რატი ბრეგაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

შეხვედრა გახსნა საქართველოს ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში, პაატა კალანდაძემ. მან ხაზი გაუსვა ქართული დიასპორული ორგანიზაციის, „მამულის“ წარმატებას და ამ მიღწევების შენარჩუნების აუცილებლობას. ელჩმა ისაუბრა იმ როლზე, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ორი მეგობარი ერის ურთიერთობაში.

ორგანიზაცია „მამულის“ დამფუძნებელმა და  ხელმძღვანელმა ირაკლი კილაძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებს აქტიურ მუშაობას. მან ისაუბრა მომავალ გეგმებზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც ქართულ დიასპორას აწუხებს ისრაელში.

ირაკლი კილაძის თქმით, ძირითადი პრობლემები არალეგალურად მყოფ ჩვენს თანამემამულეებს უკავშირდებათ (ჯანდაცვის, იურიდიულ და სხვა საკითხებზე); განსაკუთრებული პრობლემაა, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ჩასვლა.

ორგანიზაცია „მამულის“ ერთწლიანი არსებობის მანძილზე მთავარ მიღწევად, რა თქმა უნდა, ქალაქ ლოდში ქართული საკვირაო სკოლის დაარსება დასახელდა – ეს სკოლა არის ქართული კერა, ერთგვარი ხიდი ისრაელში მცხოვრებ ქართველ ბავშვებსა და საქართველოს შორის.

„ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სამშობლოზე და საკუთარ საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული პედაგოგების თავდადება“, – აღნიშნა ირაკლი კილაძემ, რომელმაც ორგანიზაციის სახელით მადლობა გადაუხადა სკოლის პედაგოგებს უანგარო და თავდადებული შრომისათვის.

მან განსაკუთრებით გამოყო სკოლის სასწავლო ნაწილის უფროსის, ფიქრია ლეჟავას დამსახურება, აგრეთვე, ისრაელში ქართული ხელოვნების ცენტრის  და მისი ხელმძღვანელის, მარინა გელაშვილის როლი დიასპორის კულტურულ ცხოვრებაში; ქალბატონების – ლია კრიხელისა და ცილა შალითის წვლილი დიასპორული ორგანიზაციისა და სკოლის ფუნქციონირებაში.

შეხვედრაზე ქართველ ებრაელთა თემის თვალსაჩინო წარმომადგენელმა იაკობ ოფირმაც ისაუბრა – მან მზადყოფნა გამოთქვა, გაუზიაროს ორგანიზაცია „მამულს“ საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება დიასპორის საკითხებში.

ნინო ბაჯელიძე

რატი ბრეგაძე და ირაკლი კილაძე (მარჯვნივ)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close