კრიმინალისაბერძნეთი

მოკლული კარდიოლოგის ცოლს და მის საყვარელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ

სასამართლო პროცესი კარდიოლოგის მკვლელობის საქმეზე, რომელიც სიტიაში (კრეტა) 2017 წლის 7 ოქტომბერს მოხდა, დასრულდა. ირაკლიონის სასამართლომ  ექიმის 39 წლის ქვრივს და მის 38 წლის საყვარელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

მოკლული ექიმის, ქრისტოდულოს კალანძაკისის (Χριστόδουλος Καλαντζάκης) ცოლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო წაქეზებაში, ხოლო მისი 38 წლის საყვარელი – განზრახ მკვლელობაში.

კარდიოლოგის ქვრივმა სასამართლოზე ბოლო სიტყვაში თავისი საყვარელი დაახასიათა, როგორც „ფსიქოპათი“ და განაცხადა, რომ არანაირი საერთო არ აქვს მკვლელობასთან და ქმრის მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია. „ჩემი ცხოვრება დანგრეულია“, – განაცხადა ახალგაზრდა ქალმა. მან აღიარა, რომ ქმრის მკვლელთან რომანი ჰქონდა, თუმცა, მისი მტკიცებით, მეუღლესთან გაყრას არ აპირებდა.

მკვლელმა რმდენიმე ხნის წინ მსხვერპლის ნათესავებს მოუბოდიშა და განაცხადა, რომ კვლავ იპოვა თავისი ძველი სიყვარული (კარდიოლოგის მეუღლე) სკოლიდან facebook-ში. მათი ეროტიკული ურთიერთობა, როგორც cretalive.gr წერს, 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო.

„ვიცოდი, რომ გათხოვილი იყო და ველდებოდი, როდის გაშორდებოდა ქმარს“, – განაცხადა ბრალდებულმა; მისი თქმით, ქალმა გაანდო, რომ ქორწინებაში პრობლემები ჰქონდა.

დამნაშავის მტკიცებით, 2017 წლის 14 აგვისტოს, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, მუქარის შეტყობინება მიიღო კარდიოლოგისგან, რომელიც მის ვაჟიშვილს ეხებოდა, რამაც იგი „გააცოფა“.

ბრალდებულმა ასევე თქვა, რომ კრეტაზე თავისი ვიზიტის დროს არავის მოკვლას არ აპირებდა, მხოლოდ საყვარლის ქმართან დალაპარაკება უნდოდა, რათა ცოლის გაშვება ეთხოვა.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოკლულის ცოლმა, ბულგარეთის მოქალაქემ, მოუწონა თავის საყვარელს, ასევე ბულგარელს, საკუთარი მეუღლის ჩამოშორების გეგმა. კრასიმირ კარჩევი თავის სამშობლოში პოლიციელად მუშაობდა, იგი განქორწინებულია და ერთი ვაჟიშვილი ჰყავს. სასამართლოს განაჩენის თანახმად, ექიმი საყვარლებმა მისი ქონების მითვისების მიზნით მოკლეს.

ქალმა თავის საყვარელს ექიმისმარშრუტი აცნობა. კარდიოლოგს სოფელ მაკრი გიალოსში (Μακρύ Γιαλό; სიტია, კრეტა) კერძო სამედიცინო კაბინეტი ჰქონდა და გამოსასვლელ დღეებში იღებდა პაციენტებს.

7 ოქტომბერს იგი სამსახურში სტანდარტული მარშრუტით წავიდა და ცოლის საყვარლის სამიზნე აღმოჩნდა.

მკვლელი მას სოფლის გზაზე, ბუჩქებში ჩამალული ელოდა კარაბინით და როდესაც მსხვერპლის მანქანა ჩასაფრების ადგილს გაუსწორდა, 3-ჯერ ესროლა.

ექიმი თავით შეჯახა პარპრესს. იგი მანქანიდან გადმოსვლას შეეცადა და მშველელს უხმობდა, თუმცა ამ დროს მკვლელი მიუახლოვდა და კიდევ ესროლა. ექიმი ადგილზევე გარდაიცვალა.

გამომძიებლები, რომლებმაც გულდასმით დაათვალიერეს დანაშაულის ადგილი, აგრეთვე, მოისმინეს სისხლიანი სცენის შემთხვევითი თვითმხილველის მონათხრობი, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ექიმის მკვლელობაში, დიდი ალბათობით, მისი უახლოესი გარემოცვა იყო გარეული და დაკითხვაზე გამოიძახეს მოკლულის ცოლი. მათ თავიდანვე დაინახეს დანაშაულში „სასიყვარულო მოტივი“.

დაკავებული მამაკაცი თავიდან დანაშაულს უარყოფდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სამხილი – მკვლელობის იარაღზე მისი თითების ანაბეჭდი და, აგრეთვე, მოწმის – 73 წლის მონადირის ჩვენება წარუდგინეს, რომელიც შემთხვევით შეესწრო დანაშაულს, ყოფილი პოლიციელი დანებდა და მკვლელობა აღიარა. მან დაკითხვაზე განაცხადა, რომ ქალს მკვლელობასთან არაფერი აკავშირებდა და არც არაფერი იცოდა ამის თაობაზე, თუმცა სასამართლომ სხვაგვარად გადაწყვიტა.

ნიკო აბაშიშვილი

წყარო: cretalive.gr

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close