საზოგადოებასაბერძნეთი

ჩქაროსნული მატარებელი ათენი-თესალონიკი ბრუნდება

მალე ათენიდან თესალონიკში მატარებლით მგზავრობის დრო 3 სთ და 20 წუთამდე შემცირდება – სარკინიგზო ოპერატორი, იტალიური კომპანია TRAINOSE, სანდო წყაროების თანახმად, უახლოეს კვირებში გეგმავს ჩქაროსნული მატარებლის – „ინტერსიტის“ მიმოსვლის დაწყებას ათენსა და თესალონიკს შორის.

საბერძნეთის ორ მთავარ ქალაქ ს შორის მთელი მარშრუტის გამავლობაში მხოლოდ ერთი გაჩერება იქნება (ლარისში) და რეისი ლოკომოტივის შეუცვლელად განხორციელდება.

თუ სახელმწიფო დროულად დაამთავრებს ქვეყნის მთავარი სარკინიგზო  მაგისტრალის ელექტროფიკაციის პროექტს, Trainose ელექტროფიცირებულ მატარებლებს გამოიყენებს, სხვა შემთხვევაში  კი – დიზელზე მომუშავე ლოკომოტივს იმ გათვლით, რომ მგზავრთა ნაკადის მატება გაზრდილი ღირებულების კომპენსაციის საშუალებას მისცემს. ამრიგად, მგზავრობის ხანგრძლივობა 1 საათით შემცირდება (რა დროც სჭირდება ლოკომოტივების შეცვლას ლიანოკლადის და პალეოფარსალოს სადგურებზე).

თავდაპირველად ჩქაროსნული მატარებელი მხოლოდ სამუშაო დღეებში იმოძრავებს, დილით ადრე გავა თესალონიკიდან და გვიან ღამით დაბრუნდება საბერძნეთის ჩრდილოეთის საპორტო ქალაქში.

Trainose-თან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ კომპანია, ძირითადად, თესალონიკის ბაზარს უმიზნებს და განსაკუთრებით საქმიან მოგზაურებზე აკეთებს გათვლას.

შეგახსნებთ, რომ ჩქაროსნული მატარებელი „ინტერსიტი“ 8 სექტემბერს თესალონიკში გამართულ 83-ე საერთაშორისო ბაზრობაზე უჩვენეს. იტალიის სახელმწიფო სარკინიგზო ჯგუფმა Ferrovie dello Stato (FS) Italiane, რომელიც სარკინიგზო ხაზების ეროვნული სამგზავრო და სატვირთო ოპერატორის, Trainose-ის მფლობელია გასული წლიდან, პირობა დადო, რომ მგზავრები შეძლებენ ათენსა და თესალონიკს შორის მანძილი 3 საათსა და 20 წუთში დაფარონ, როგორც კი მატარებლების კონტროლის ევროპული სისტემა (ETCS) მარშრუტს და მოძრავ შემადგენლობას შეამოწმებს; მატარებლის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ იქნება.

სამწუხაროდ, როგორც ეს საბერძნეთში ხდება ხოლმე, სახელწიფომ არ შეასრულა დაპირება გარკვეული მონაკვეთების დროულად ელექტროფიკაციის თაობაზე, რამაც Trainose-ის გეგმებს ხელი შეუშალა.

იმედი ვიქონიოთ, რომ მარშრუტი მაინც ამუშავდება, ხოლო ბილეთები ავიაგადაზიდვების ფასებზე ძვირი არ იქნება.

დღეს ათენსა და თესალონიკს შორის სარკინიგზო ბილეთების ფასი 45-55 ევროს ფარგლებშია (არის არაკომფორტული რეისიც უფრო ნაკლებ ფასად – 25-35 ევრო), ხოლო მგზავრობას, სულ ცოტა, 5,5 სთ სჭირდება.

რაც შეეხება ავიაგადაზიდვებს, ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან Rynair-ს მგზავრები 37 ევროდ გადაჰყავს (ორივე მიმართულება), სხვა ავიაკომპანიების ფასები 45-იდან 105 ევრომდე მერყეობს. მგზავრობის დრო, აეროპორტამდე და აეროპორტიდან უკან მგზავრობის ჩათვლით, 3-4 საათია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close