მსოფლიოპოლიტიკაიტალია

პალერმოს და ნეაპოლის მერებმა უარი განაცხადეს „სალვინის დეკრეტის“ შესრულებაზე

ორი ქალაქის – პალერმოს და ნეაპოლის მერებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ იტალიის ახალ საიმიგრაციო კანონმდებლობას არ შეასრულებენ.  საუბარია  ე. წ. „სალვინის დეკრეტზე“,  რომელსაც ასე ეწოდა მისი ავტორის, შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო სალვინის გამო. მოგეხსენებათ, დოკუმენტს უკვე კანონის ძალა აქვს. ეს კანონი ამარტივებს იმიგრანტების ქვეყნიდან გაძევებას და მეტ საშუალებას იძლევა, რომ მათ მინიჭებული იტალიის მოქალაქეობა ისევ ჩამოერთვათ.

დეკრეტში მოცემული დებულებების ცხოვრებაში გატარებაზე პირველად უარი თქვა პალერმოს მერმა ლეოლუკა ორლანდომ. იგი დარწმუნებულია, რომ ათობით ათასი იმიგრანტი, რომელიც ლეგალურად ცხოვრობს იტალიაში, მუშაობს და იხდის გადასახადებს, რისკის ქვეშაა, რომ უახლოეს მომავალში ბინადრობის უფლებას დაკარგავს და ისინი ყველანი ერთი ხელის მოსმით არალეგალებად იქცევიან. ეს გარემოება, ორლანდოს აზრით, ამ ადამიანებს დანაშაულებებისკენ უბიძგებს და ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაცია აუცილებლად გაუარესდება (სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ ლეოლუკა ორლანდო, როგორც თბილისთან დაძმობილებული (1987 წელს) ქალაქის მერი, კარგად იცნობს საქართველოს, თბილისშიც რამდენჯერმე არის ნამყოფი – ბოლოს 2012 წლის 10 დეკემბერს) და ქართველებთან მეგობრობაც აკავშირებს. იგი სალვინის ზაფხულშიც აკრიტიკებდა მიგრანტებთან დაკავშირებული პოლიტიკის გამო და ამბობდა, რომ სალვინი საერთაშორისო სამართალს არღვევს.

პალერმოს მერს მთლიანად დაუჭირა მხარი მისმა ნეაპოლელმა კოლეგამ ლუიჯი დე მაჯისტრისმა. „ეს კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და, კერძოდ, იმ მუხლებს,  რომლებიც ეხება დევნილების დაცვას და მათ უფლებას, ჰქონდეთ ცხოვრების ისეთივე პირობები, როგორიც იტალიელებს. ნეაპოლში ის [დეკრეტი] არასდროს იქნება რეალიზებული“, – ხაზი გაუსვა მაჯისტრისმა.

მიჰყვებიან თუ არა ორლანდოს და დე მაჯისტრისის მაგალითს სხვა მერები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ბევრი მიმომხილველი ფიქრობს, რომ ამ ორის დაუმორჩილებლობამ შესაძლოა სხვა მერებიც ააგულიანოს.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრს, სალვინიმ ამაზე განაცხადა, რომ მერები მათ „კანონის შესაბმისდ გასცემენ პასუხს“.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close