newsსაბერძნეთისაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების წესში ცვლილებები შედის

ჩვენი საიტი უკვე იტყობინებოდა, რომ საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება იმიგრანტების გარკვეული კატეგორიისთვის ქვეყნის მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივების შესახებ. ეს ინფორმაცია მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები საბერძნეთის ხელისუფლებას დღემდე არ გადაუდგამს.

ორიოდე კვირის წინ ამ საკითხზე საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეობის საკითხთა სპეციალურმა მდივანმა ლაბროს ბალციოტისმა ისაუბრა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში პარლამენტში შევა კანონპროექტი მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამჭვირვალობას და ეს პროცედურა იქნება მაქსიმალურად უნიფიცირებული, რათა ინტრეპრეტაციის შესაძლებლობა გამოირიცხოს.

ბალციოტისს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის შევა ძალაში ახალი წესები, თუმცა ჩამოთვალა ცვლილებები, რომელთა გატარებასაც ხელისუფლება გეგმავს. კერძოდ, იგეგმება რომ:

1. განაცხადის შეტანისას აუცილებელი სახელმწიფო ბაჟი, ე. წ. პარავოლო 700-იდან 550 ევრომდე შემცირდება;

2. კანდიდატებმა სწორად უნდა უპასუხონ 20 კითხვას იმ 30 კითხვიდან, რომელიც ელექტრონულად, შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა. ელქტრონულ ბაზაში სულ 300 კითხვა იქნება და კანდიდატებს საშუალება მიეცემათ, წინასწარ გაეცნონ სწორ პასუხებს;

3. გამარტივდება განაცხადების განხილვის პროცედურა, რის შედეგადაც განხილვის ვადა 1,5 წლით შემცირდება (თუ გავითვალისწინებთ, რომ ამჟამად საბერძნეთის მოქალაქეობის მაძიებელთა განაცხადების განხილვის ვადა დაახლოებით 4 წელია, გამოდის, რომ განაცხადების განხილვისთვის და გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამის უწყებას კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ 2,5-წლიანი ვადა ექნება);

4. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული ბერძნული წარმოშობის მოქალაქეების საკითხს უკვე არსებული კომისიები გამარტივებული წესით შეისწავლიან და მნიშვნელობა აღარ ექნება, როდის ჩავიდნენ ისინი საბერძნეთში, რაც დღემდე მნიშვნელოვან შეზღუდვას წარმოადგენს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საბერძნეთის ხელისუფლება მართლაც უახლოეს მომავალში განახორციელებს დაპირებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close