რატომ ატყდა განგაში და მოსალოდნელია თუ არა გრიპის ეპიდემია?
თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას დედაქალაქში აჟიოტაჟი მოჰყვა. როგორც ცნობილია, ცენტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, ვირუსის პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ. საზოგადოების ერთმა ნაწილმა ამ გაფრთხილების უკან მოსალოდნელი საგანგაშო სიტუაცია დაინახა. დაიწყო ლაპარაკი ზამთრის ეპიდემიაზე. შეშფოთებული მშობლები კითხულობენ, როგორ დაიცვან პატარები მოსალოდნელი ვირუსების შემოტევისგან, ხომ არ შეწყდება სწავლა სკოლებში და დაიხურება საბავშვო ბაღები?!
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა რესპირატორული დაავადებით მიმართვიანობა როგორც ამბულატორიებში, ისე საავადმყოფოებში ნამდვილად იზრდება, თუმცა გრიპის ეპიდემიაზე ლაპარაკი „არასერიოზულია“.
„გუშინდელი განცხადება იყო მხოლოდ მოსახლეობისთვის მოწოდება, რადგან გრიპი უმეტეს შემთხვევაში გართულების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ 25-30% შემთხვევებში სერიოზული გართულებები გვაქვს. განსაკუთრებით, ბავშვთა და მოხუცთა ასაკში და, ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში. ამიტომ ამ ადამიანებისადმი არის მოწოდება, რომ რაც შეიძლება მეტი პრევენციული ღონისძიება გაატარონ. განსაკუთრებით, ეს არის მშობლებისთვის: როდესაც ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, საჭიროა პედიატრისთვის მიმართვა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა განსაკუთრებით ბავშვთა საავადმყოფოებში გაიზარდა.
„მოგეხსენებათ, ზამთარია და ვირუსული ინფექციები, მათ შორის, გრიპი აქტიურდება. დაახლოებით 2 კვირაზე მეტია, რაც გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად ფიქსირდება. მანამდე რესპირატორული ვირუსები ფიქსირდებოდა. გრიპის ვირუსით გამოწვეული რესპირატორული სიმპტომები შედარებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხვა რესპირატორული ვირუსების მიერ გამოწვეული სიმპტომები. ბოლო 2 კვირის განმავლობაში თანდათან მოგვდის ინფორმაცია, რომ მიმართვიანობა იზრდება როგორც ამბულატორიებში, ისე საავადმყოფოებში. განსაკუთრებით, მიმართვიანობა ბავშვთა საავადმყოფოებში იზრდება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ კი აღნიშნა, რომ არავითარ ეპიდემიურ სიტუაციაზე საუბარი არ არის, რადგან გრიპით ავადობა 100 000 ადამიანზე 195-ს შეადგენს. მისი თქმით, გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი დეკემბრის ბოლოდან ტრადიციულად იზრდება.
„არავითარ ეპიდსიტუაციაზე საუბარი არ არის, იმიტომ, რომ ავადობა 100 000 ადამიანზე 195-ს შეადგენს. ეპიდემიური ზღვარი კი 100 000 მოსახლეზე 400-ია ხოლმე. მთავარია, რომ დაავადების მქონე პირი არ წავიდეს სამსახურსა და სკოლაში, ბაღში. ვისაც დაავადება უფრო მძიმე ფორმაში აქვს ხოლმე, როგორც წესი, ის წევს, მაგრამ ვისაც მსუბუქი ფორმა აქვს, ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დადიან და გრიპის ვირუსს ავრცელებენ. გრიპის ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ექიმს. ეს არის ის მარტივი აუცილებლობა, რაც უნდა დავიცვათ. ასე რომ, განგაშის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები